ვლადიმერ
ჯაფარიძე – პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე – დაიბადა ცნობილი პედაგოგისა და თავისი ხალხის ჭეშმარიტი მოამაგის – მალაქია ჯაფარიძის ოჯახში 1887 წლის 27 მაისს,
მთიანი რაჭის სოფელ ღარში. მალაქიას მის გარდა კიდევ 5 ვაჟი ჰყავდა. ყველაზე
უმცროსი იყო საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი უჩა ჯაფარიძე.
ვლადიმერი
ამქვეყნად თავის ტყუპისცალ ძმასთან – გრიგოლთან – ერთად მოევლინა. ტყუპები განსაცვიფრებლად არა მარტო გარეგნულად ჰგავდნენ ერთიმეორეს, არამედ ხასიათითაც.
რაჭა-ლეჩხუმში
მოგზაურობის დროს აკაკისაც უნახავს ეს ყმაწვილები და მათით მოხიბლულს უთქვამს: „რა
უჭირს იმ ერს, რომელსაც ასეთი ახალგაზრდობა ეზრდებაო.“
საზოგადოებრივ
საქმიანობას ძმებმა ადრე მოჰკიდეს ხელი. ისინი ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს დგამდნენ პატარ-პატარა ვოდევილებს მეზობლებისთვის, 1906 წელს კი ონშიც
მოაწყვეს წარმოდგენა, შემდეგ ქუთაისის გაზეთ „კოლხიდას“ რედაქტორის
მიხეილ ჯაფარიძის რეჟისორობით დადგეს აკაკის „პატარა
კახი“.
მოსკოვის
უნივერსიტეტის სტუდენტობის წლები კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა ძმების ეროვნული მოღვაწეობისათვის. ლადო და გრიშა აქტიურად ებმებიან სტუდენტურ ცხოვრებაში, კერძოდ, ქართული სათვისტომოს – ე. წ. „ზემლიაჩესტვოს“ –
საქმიანობაში. ცდილობენ შეძლებისდაგვარად ქართული კულტურა და ლიტერატურა გააცნონ რუსეთის ფართო წრეებს.
ილია
ჭავჭავაძის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ძმებმა ხელი მოჰკიდეს ილიას უკვდავი პროზაული ნაწარმოებების რუსულად თარგმნას. მას მალე მოჰყვა ალ.
ყაზბეგის ე. წ. მცირე
მოთხრობები („Елисо“ и
другие рассказы), აკაკის „ბაში-აჩუკი“ და
სხვა. თარგმანები გამომცემლობა „პოლზაში“ გამოიცა.
ძმებს
დიდი ლტოლვა ჰქონდათ სახვითი ხელოვნებისადმი. 1922 წელს, როდესაც
საქართველოს სამხატვრო აკადემია გაიხსნა, ლადო ჯაფარიძემ სწავლა გრაფიკის ფაკულტეტზე დაიწყო. მასთან ერთად სწავლობდნენ: ვახტანგ კოტეტიშვილი (მისი ქალიშვილის ნათლია), ნიკოლოზ კანდელაკი, ელენე ახვლედიანი, ირაკლი თოიძე და სხვა ცნობილი მხატვრები. ლადომ, მართალია, გარემოებათა გამო აკადემია მიატოვა, მაგრამ მხატვრის ფუნჯი და ფანქარი არასოდეს გადაუდია გვერდზე.
სტუდენტობის
დროს ლადომ და გრიშამ შექმნეს იმ დროს მოსკოვში მცხოვრები ჩვენი სახელოვანი კომპოზიტორის დიმიტრი არაყიშვილის პორტრეტი. ყველაზე მეტად კი მათი „შოთა
რუსთაველის პორტრეტი“
გახმაურდა. ძმებმა გენიოსი პოეტი ავთანდილის მსგავსი ჭაბუკის სახით წარმოადგინეს, სრულიად ახალი ინტერპრეტაციით. ეს პორტრეტი ხშირად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
ტყუპების
მხატვრობის ძირითადი თემა იყო ჩვენი დიდი ეროვნული მოღ-ვაწეების პორტრეტები: ილია, აკაკი, ყაზბეგი, გოგებაშვილი და სხვ.
ერთად,
ერთსულოვნად ეწეოდნენ ცხოვრების ჭაპანს. ისინი მხოლოდ სიკვდილმა დააშორა – გრიგოლი ადრე გარდაიცვალა – 1953 წლის შემოდგომაზე
66 წლისა, ვლადიმერი კი 1981 წლის 8 ნოემბერს,
94 წლისა.
სიკვდილიც
რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა: ბატონი ლადო დიდი მოყვარული და უერთგულესი გულშემატკივარი იყო ყველაფერი ქართულისა. ის აღფრთოვანებით შეხვდა 1981 წლის 13 მაისს
თბილისის „დინამოს“ მიერ
ფეხბურთში ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვებას. ილხენდა, სიხარულს და კმაყოფილებას ვერ მალავდა... ამაყად დააბიჯებდა გულსრული, ბედნიერი სახეზე შუქ
მოფენილი და ხვალინდელ
საქართველოს ფიქრში ეფერებოდა. იმავე 1981 წლის 8 ნოემბერს
თბილისის „დინამო“ მოსკოვის
რომელიღაც გუნდს ხვდებოდა, ბატონი ლადო თამაშს ტელევიზიით ადევნებდა თვალს. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი 0:1 აგებდა, ტაიმის
მიწურულს ჩვენმა გუნდმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. ბატონმა ლადომ თავი ცუდად იგრძნო და განერვიულებული, ტაიმებს შორის შესვენებისას აღესრულა, თამაში კი „დინამოს“ გამარჯვებით
დამთავრდა.
როგორც
ხალხური ლექსი ამბობს:
„არ მოკვდა. ღმერთთან წავიდა, ძმა არი წილნაყარიო.“ ჭეშმარიტად!
„არ არის მკვდარი, ვინც მოკვდეს და ხალხს შესწიროს დღენია
მკვდრად
იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია!!.“
ლადო
ჯაფარიძე – ფრიად საინტერესო პიროვნება, აქტიურად იყო ჩაბმული ყველანაირ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც კი სამშობლოს კეთილდღეობას წაადგებოდა. ამის დასტურია მისი მოგონებების კრებულიც, სადაც მკითხველი უფრო ფართოდ გაეცნობა მის ღვაწლს, ცხოვრებას და შემოქმედებით საქმიანობას.
შოთა ხოდაშნელი
No comments:
Post a Comment