26.5.20

ლადო ჯაფარიძე - კურიოზები

(კრებულიდან "მოგონებები და ჩანაწერები")

მე და ჩემი ძმა გრიშა


მე და გრიშა დავბადებულვართ რაჭაში 1887 წლის 14 მაისს. მე მასზე დაახლოებით ნახევარი საათით გვიან დავბადებულვარ და ტანით უფრო დიდი ვყოფილვარ. ამიტომ ჩვენს მშობლებს ის შეცოდებიათ და, როცა დედას დასახმარებლად ძიძა მოუყვანიათ, მე თურმე ძიძის ძუძუს მაწოვებდნენ; გრიშას კი, როგორც უფრო სუსტს, დედა აწოვებდა. საბოლოოდ, რატომღაც, მაინც გრიშაზე უფრო ჯანმრთელი და ძლიერი გავიზარდე.
გრიშას წიგნების კითხვა უყვარდა. კითხვა ისე იტაცებდა, რომ გაკვეთილების მომზადებაც ავიწყდებოდა; უფრო კი ეზარებოდა, რადგან წიგნის მოშორება ემძიმებოდა. განსაკუთრებით არ უყვარდა მათემატიკური საგნები. მე უფრო ბეჯითად ვეკიდებოდი სასწავლო პროგრამას და, თუმცა გულზე არც მე მეხატებოდა მათემატიკა, სწავლით მაინც ვსწავლობდი. ჩვენი საყვარელი საგნები იყო რუსული ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია და, განსაკუთრებით, ხატვა; ქართული ლიტერატურა ხომ - თავისთავად. გრიშას წერაც ძალიან უყვარდა: როცა რაიმე თემას მოგვცემდნენ, რუსულში იქნებოდა ეს თუ ქართულში, მისი ,,აღდგომაის იყო, შეუდგებოდა წერას და დაწერდა, მართლაც, ლამაზად და შინაარსიანადაც. უფრო სტილის სილამაზით გამოირჩეოდა. შემდეგში გრიშამ ლექსების წერაც დაიწყო, რომელიც მრავლადა აქვს დაბეჭდილი ,,იმპრესიონისტულჟურნალებშიცისფერ ყანწებში“, „ნიამორებშიდა სხვა. ლექსებს რუსულადაც წერდა. მეც ვწერდი, მაგრამ ამ საქმეში მას ვერ შევედრებოდი. მოსკოვში რომ ვიყავით, ის ხშირად გზავნიდა წერილებს თბილისის რუსულ გაზეთЗакавказье-ში და ზოგჯერ მართლა კვლევითი ხასიათის დიდ წერილებსაც, რისთვისაც ხშირად იჯდა ხოლმე .. „რუმიანცევის“, ახლასაჯარობიბლიოთეკაში. ლიტერატურის სიყვარულით ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოეწყო, რისთვისაც არ მოერიდა დამატებითი ბერძნული ენის ჩაბარებას. მთელი წელიწადი მოანდომა ამ ენის დაუფლებას და დაეუფლა კიდეც. გამოცდა მოსკოვისსასწავლო ოლქშიბრწყინვალედ ჩააბარა; ბეჯითად სწავლობდა, პირდაპირ ღამეებს ათენებდა.
მე კი უფრო თანმიმდევრული ვიყავი როგორც საგნების სწავლაში, ისე გარეშე წიგნების კითხვაში. როცა გამოცდები მქონდა, მხოლოდ სახელმძღვანელოები მახსოვდა, გარეშე წიგნებსაც გადავდებდი, წერასაც, ხატვასაც და ნაცნობ ქალიშვილებთან სტუმრობასაც.
გრიშა ქალიშვილებთან წასვლას არაფრით არ გადადებდა. ერთხელ გამოცდაზე წავიდა და შინ დაბრუნება დააგვიანა. შევწუხდი, ვიფიქრე, ან ჩაიჭრა, ან რამე დაემართამეთქი. თურმე ვიღაც გოგონა გაუცვნია უნივერსიტეტში მიმავალს, მოსწონებია და თითქმის მთელი დღე მასთან ჟღურტულში გაუტარებია, გამოცდა კი სრულიად დავიწყნია, „გადაუდვიასხვა დროისთვის.
მე კი ბერძნულის გამო ფილოლოგიურ ფაკულტეტზე შესვლას თავი დავანებე და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავეწერე. ასე რომ, მე უფრო ანგარიშიანი ვიყავი, ის კი - უფრო გრძნობათა ამყოლი, უფროემოციური“.
როცა მამაჩემმა გიმნაზიაში მისაბარებლად ქუთაისში წაგვიყვანა, დედასთან დაშორების გამო გზაზე სულ ტიროდა, მე უფრო გულმაგრად ვიყავი. წლის განმავლობაშიც, როცა მშობლებს წერილსა ვწერდით ხოლმე, ის იცრემლებოდა და მე შემომნატრიდა - ნეტავი შენ, რა გულმაგარი ხარო. ასეთი დარჩა ბოლომდე - მგრძნობიარე, მოყვარული... უსიამოვნების პატარა ნიავსაც ვერ უძლებდა. შეიძლება იმიტომაც, რომ რაღაც აწუხებდა. მოწაფეობის დროს მისი ავადმყოფობა მხოლოდ ერთხელ მახსოვს, გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა. თვეზე მეტი იწვა და მკურნალობდა, რის შემდეგ სოფელში გაგზავნეს მშობლებმა, სწავლასაც კი თავი დაანებებინეს - აკადემიური შვებულება აუღეს. ამის შემდეგ ის სულ კარგად იყო, მაგრამ ბოლო წლებში კუჭის ავადმყოფობა დასჩემდა. ალბათ ფრონტზე 1914-16 წლებში არანორმალურმა კვებამ დააავადა. კუჭის ავადმყოფობამ თანდათან სძლია გრიშას ჯანმრთელობას და ბოლოს ოპერაციამდე მიიყვანა, რომელსაც ვეღარ გაუძლო.
შეიძლება ითქვას, რომ გრიშამ სიცოცხლე მე შემომწირა: ძველი კანონი ტყუპი ძმებიდან მხოლოდ ერთს ავალდებულებდა სამხედრო სამსახურს, რასაც თავად ძმები წყვეტდნენ. და აი, გრიშამ ჩემს წასვლას, თვითონ არჩია წასვლა; უცოლო იყო, მარტოხელა, მე კი - ცოლშვილიანი, თანაც სამსახურშიც ვიყავი. მოკლედ, ვინ ჩასწვდენია წუთისოფლის გამოცანას!
ვახსენე უკვე წიგნისადმი გრიშას განსაკუთრებული სიყვარული. მაგრამ ნაკლებ ლტოლვას არც ხატვისადმი ამჟღავნებდა. ძმებს ხატვის ინტერესი მამამ გაგვიღვიძა. როცა სკოლაში შესასვლელად გვამზადებდა, გვაძლევდა ხოლმე რაიმე ლამაზნახატებიან წიგნს და იქიდან ვიხატავდით. თვითონაც გვიხატავდა ფანქრით ცხენებს, ცხენიან კაცებს. ის ალბათ წიგნის სიახლოვეს გვაჩვევდა, მის სიყვარულს, ფანქრის ხელში ჭერას და მის ხმარებას. ხატვის ეს სიყვარული ძალიან გაგვიღრმავა ქუთაისის რეალურმა სასწავლებელმა, სადაც ამ საგნის სწავლის საქმე ძალიან კარგად იყო დაყენებული; განსაკუთრებული, დიდი დარბაზი იყო ამ საგნისათვის გამოყოფილი. დარბაზში თაბაშირის ლამაზი ფიგურები და ბიუსტები იდგა. სკოლაში მე და გრიშას ხატვაში ვერავინ გვჯობდა. მაგრამ ნიჭს კი ბევრი ამჟღავნებდა, მათ შორის - პატარა დიმიტრი შევარდნაძე, შემდგომში ცნობილი მხატვარი, თბილისის სამხატვრო გალერეის დირექტორი.
გრიშას უფრო სურათის გალამაზება უყვარდა, ერთგვარი სტილიზაცია. მე უფრო, ასე ვთქვათ, რეალისტურად ვუდგებოდი სამუშაოს, მოდელის მიმგვანებაზე ვფიქრობდი. ის კი მსგავსებას დიდად არ დაგიდევდა, ოღონდ ლამაზად გამოეყვანა, თავისებური იერი მიეცა.
როცა მოსკოვში შოთა რუსთაველის ახლებურად, ჩვენებურად გაგებული პორტრეტის დახატვას ვფიქრობდით, ბევრი ვიწვალეთ: ხან უქუდოდ დავხატეთ, ხანაც - ქუდით, ხან წვერით, ხან - უწვეროდ; ახლაც მაქვს სადღაც შემონახული ერთი იმ საცდელ მონახაზთაგანი - პატარა წვერი აქვს, ქოჩორა თმა, უქუდოდ. ის უფრო გრიშას ნამუშევარია. არც ის მოგვეწონა. ხანში შესულის წვერიანი სახეარ ჩაჯდა“, „არ ჩაეწერარუსთაველზე ჩვენს წარმოდგენაში. გვინდოდა რაღაც არაჩვეულებრივი ყოფილიყო, რაც ჩვენს რუს მეგობრებს, სტუდენტობას, საქართველოს წარსულს, ქართულ კულტურას დაანახვებდა, მათ წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ. ზოგადად გვესახებოდა, როგორი იქნებოდა მე12 საუკუნის ქართველის სახე და თანაც - გენიოსისა, თავადვე რომ გვიხატავს ,,ვეფხისტყაოსანში”: - „ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირსპასალარისა, საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა“. დიახ, - ვამბობდით ორივე, - რუსთაველი უნდა იყოს ნიმუში არა მარტო ბრძენკაცის, არა მარტო სულიერი სილამაზისა, არამედ - ფიზიკურისაც, „მსგავსი მზისა და მთვარისა“. არც ერთი არ ვაკლებდით ცდას, გვეპოვა ის ,,რაღაც”, ის შტრიხი, ის ფერი და ხაზი... თავს არ ვზოგავდით... ამას .. „ზემლიაჩესტვოსყოველდღიური ცხოვრებაც გვავალებდა, როგორც მის აქტიურ წევრებს.
ჩემს ბედს ნამდვილად ვემდური, მეტად პატარა როლი დამეკისრა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეტს ველოდი და მონაცემებიც მქონდა. განსაკუთრებით, ჩემი და გრიშას ერთობლივი მოღვაწეობა იქნებოდა მეტი სიკეთის მომტანი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მარტო მე ვერაფერს ვაკეთებდი, გრიშასთან ერთად კი რაღაც ისეთი ძალით დავიმუხტებოდი, მეგონა, ყველაფერს შევძლებდი. ასე იყო ისიც და მეუბნებოდა კიდეც.
მაგრამ ჩვენ, ორივე, წითელმა კატასტროფამ  გვიმსხვერპლა... თითქოს ჩვენი შესაძლებლობებიდან აღარაფერი დაგვიტოვა... ყველაფერზე ხელი ჩავიქნიეთ, რაკიღა ყველამ ერთად წამოყო თავი, მცოდნემ თუ უვიცმა, ღირსეულმა თუ უღირსმა და ცხოვრებისგაშლილ სუფრასმიესია. ასეთ დროს ჩვენი ადგილი აღარსად დარჩა. უკადრებელს ვერ ვიკადრებდით და უღირსთა დარად ცხოვრებას მუჯლუგუნებით ვერ გავარღვევდით... ასე თანდათან მდაბიოთა და უვიცთა ხელში აღმოჩნდა ქვეყანა. თუ პროლეტარული წარმოშობის არ იყავი, არ გენდობოდნენ არაფერში. თუ ნასწავლი იყავი, კიდევ უარესი, თუ გეცვა ადამიანურად და გეხურა, ეჭვის თვალით გიყურებდნენ დაცილინდრიო“, გაიძახოდნენ. სანდო არ იყავი და შენთვის გზაც გადაკეტილი იყო.
ასე და ამნაირად ჩამოვრჩით ცხოვრებას, უიმედონი და გულგატეხილნი... სამაგიეროდ, თავხედი და უმეცარი, წერაკითხვის უცოდინარი ,,პროლეტრევოლუციონერებიმიიწევდნენ ზემოთ და ზემოთ...
მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა დაეკისრებინათ ჩემთვის, მაინც ყველაფერს სინდისის კარნახით ვასრულებდი, ჩემი პატიოსანი ადამიანური შეგნებით. მამაჩემის და ჩვენი დიდი ოჯახის წმინდა სახელი არ შეგვიბღალავს არც მე, არც ჩემს ძმებს. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით ადამიანური შეგნებით, სინდისით, პატიოსნებით. ეს მაღალი ცნებები ყველას ერთნაირად გვესმოდა და გვესმის დღესაც.


ზოგი რამ ჩემი და გრიშას წარსულიდან


როცა მე და გრიშა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში ვსწავლობდით, ხშირად ვეშლებოდით მასწავლებლებსაც და მოწაფეებსაც. ერთხელ, პირველ კლასში რომ ვიყავით, დიდ დასვენებაზე, მოწაფეები ეზოში გამოეფინენ და თამაშობდნენ. რაღაც საქმეზე გრიშას დავუწყე ძებნა. დავინახე თუ არა მოწაფეების გუნდში, დავუძახე: - „გრიშააა!...“
უცებ იმ ჯგუფიდან ჩემი მისამართით მუქარა შემომესმა და მუშტმოღერებული ერთი უფროსკლასელი მოწაფე, გვარად ბახტაძე, საცემრად გამოექანა: ,,მე შენ გიჩვენებ სეირს, დამაცადეო“, მაგრამ მოვასწარი გაქცევა.
საქმე ის გახლდათ, რომ ბახტაძე იყო ბრგე ბიჭი, ღონიერი და გულადი. მისი ყველას ეშინოდა. იგი ვერ იტანდა, როცა წითური თმის გამო ვინმერიჟასდაუძახებდა. ამას, რასაკვირველია, ვერავინ ბედავდა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ არავის შეარჩენდა დაცინვას.
ჩემკენ რომ მუქარით გამოექანა, მაშინვე მივხვდი, - გრიშარიჟადმოეჩვენა.
არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ გრიშამ მოირბინა და ტირილტირილით მისაყვედურა: - ბახტაძემ მცემა, „შენი რიჟა ვარ მეო“?... რატომ დაუძახე რიჟა, შენ მაგიერ მე გამლახა. - თან აკვირვებდა ჩემი საქციელი, რადგან იცოდა, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მჩვეოდა, მოჩხუბარაც არ ვიყავი. მართლაც, მე და გრიშას ყველა გვიცნობდა, როგორც მშვიდობისმოყვარე ბავშვებს, ზრდილობიანებს და მოკრძალებულთ უფროსებთან.
მაგრამ სულ მალე ყველაფერი გამოირკვა და ბევრიც იცინეს მეგობრებმა. ბახტაძემაც მოგვიბოდიშა, როცა გაიგო თავისი ორმაგი შეცდომა: პირველი, და მთავარი, ის, რომ მერიჟაარ დამიძახნია, და მეორეც - შეცდომით უდანაშაულო გრიშას გაუსწორდა.


ფრანგულის გაკვეთილზე



მეხუთე კლასში, ფრანგული ენის მასწავლებლად ვინმე პორაკოვი გვყავდა, პარიზში ნამყოფი და ნასწავლი თბილისელი ახალგაზრდა, თურმე ქართველი ფორაქიშვილი. მაგრამ იმ დროს ბევრს ურუსულებდნენ გვარს, არ მოსწონდათ ქართული დაბოლოებაშვილი“. ამიტომ რუსი გვეგონა.
ფორაქიშვილი კარგი მასწავლებელი იყო. მოწაფეებთანაც ზოგიერთივით არ იბღინძებოდა და ყველას გვიყვარდა.
ერთხელ გამიძახა, მკითხა გაკვეთილი, მოეწონა ჩემი პასუხიც და კარგი ნიშანიც დამიწერა. შემაქო კიდეც. ჩემი მერხისკენ რომ წამოვედი, გრიშა გამოიძახა. მაგრამ გრიშა თურმე ფანქარს თლიდა, თითი გაეჭრა და სისხლის შეჩერებას ცდილობდა, გაკვეთილის საპასუხოდ არ ეცალა. წამჩურჩულა: ისევ შენ გადი, რას გაიგებსო.
რაღას ვიზამდი, - ძმა ძმისთვისო და გავედი. მასწავლებელი შემომაჩერდა, შემომაჩერდა და... გაიცინა: - კაცო, ეს ძმები როგორ ჰგვანან ერთმანეთს. მე ისევ ის მეგონა, წეღან რომ მპასუხობდაო. - წეღან ვლადიმერი პასუხობდა, მე კი გრიგოლი ვარ-მეთქი, - ვთქვი უტეხად.
დამიჯერა, რასაკვირველია, მაგრამ ბევრი კი იცინა თავისშეცდომაზე“. გაკვეთილის შემდეგ თურმე მასწავლებლებს უყვებოდა ამ გაუგებრობზე, რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო შეცდომა.


კოსმოგრაფია


1906 წლის გაზაფხულია. სასწავლებლის დამამთავრებელ გამოცდებს ვაბარებთ. დღეს კოსმოგრაფიაში გვაქვს გამოცდა. საგანი საინტერესოა, თან მოცულობითაც პატარაა, მასწავლებელიც კარგი გვყავს და ამიტომ კარგადაც ვარ მომზადებული. გულმაგრად ვარ. ესაა, რომ ბოლომდე ვერ გავიმეორე, თუმცა არ მეშინია, რაღა მაინცადამაინც ის ბოლო ბილეთი შემხვდებამეთქი, ვიფიქრე.
და, აი, უიღბლობა! გავედი თუ არა გამოცდაზე, მე-17 ბილეთი ავიღე. ფუ, დაგწყევლოს ღმერთმა! ხუთოსანი ვიყავი ამ საგანში და 4-ზე მეტი კი ვერ მივიღე. სამაგიეროდ, მასწავლებლებთან საუბარში ეს ბილეთიც კარგად დავამუშავე.
მე უკვე ჩემს მერხზე ვიჯექი, გრიშა რომ გამოიძახეს. მაგრამ სად არის გრიშა! რაშია საქმე? იგვიანებს, ჯერ არა ჩანს. მოწაფეები ჩამციებიან, გადი იმის მაგივრადო, მაგრამ მე ვერ ვბედავ, ვაი, თუ მიცნონ. არადა, საქმე დაყოვნებას ვერ ითმენდა. გავდივარ, მომჩერებიან მასწავლებლები: ილარიონ ლორთქიფანიძე (ინსპექტორი), კონსტანტინე ღოღობერიძე, ზარგარიანი და სხვანი. მე გულადად ვარ, რომ შიში არ შემატყონ.
- Григорий? - მეკითხებიან. – Да, Григорий! - ვპასუხობ მე. გაშალეს ბილეთები. გაშალეს ხელახლა, რადგან ბილეთები ცოტა იყო კურსის სიპატარავის გამო, მოწაფეები კი - ბევრი.
დავწვდი ბილეთებს, ვცდილობ პირველი ნომრებიდან ავიღო... ავიღე, გადავაბრუნე. ისევ ის მე17 ნომერი! მასწავლებელს რომ გადავეცი რეგისტრაციისათვის, გაეცინა და კოლეგებს მიმართა: - უყურეთ ამ სასწაულს, წეღან ეს მე-17 ნომერი ვლადიმერმა ,,დაისაკუთრადა ახლა გრიგოლმაც იგივე ბილეთი არ ამოიღო!... - ისე ძალიან ჰგვანან ძმები ერთმანეთს, რომ ბილეთსაც ერთი და იგივეს ,,ირჩევენო”. ბევრი იცინეს. მე მიხარია გუნებაში, რომ ყველაფერი რიგზეა და უკვე წეღან დამუშავებულ ბილეთში მოცემული მასალა, რასაკვირველია, უფრო უკეთ ჩავაბარე და ხუთიანიც მივიღე (გრიშასთვის!).

მათემატიკა


კოსმოგრაფიის გამოცდებს რომ მოვრჩით, მოწაფეები სულ ჩვენს - ძმების ეშმაკობებზე ლაპარაკობდნენ და თურმე ამ ამბავმა მასწავლებლების ყურამდეც მიაღწია, მაგრამ მათ ეს ხუმრობად მიიჩნიეს და ყური არ უგდეს.
თუმცა ყოველი შემთხვევისათვის, "ზარუბილი ნა ნოსუ" და მათემატიკაში, მგონი, ალგებრაში, ორივე ერთად გაგვიძახეს. ჯერ ზეპირად გვეკითხებოდნენ, მერე თითო ამოცანა მოგვცეს და დაფებისკენ გაგვისტუმრეს, ზეპირად კი სხვა ორ მოწაფეს ცდიდნენ.
მე ჩემი ამოცანა გამოვიყვანე, მაგრამ გრიშას რაღაც არ გამოსდიოდა, მალმალე შლიდა დაწერილს. როგორ უნდა მივხმარებოდი, არ ვიცოდი. დაფის უკან ფანჯარაზე წყალი იდგა გრაფინით და იქ მივედი, ჭიქაში წყალი ჩავასხი და ვსვამ. ამ დროს გრიშაც მოვიდა, მითხრა, ბიჭო, ამ ამოცანას ვერაფერი გავუგე და მიშველე რამეო. მე ვუთხარი: ჩემი ამოცანა გამოყვანილია და წადი ჩემს დაფასთანმეთქი, მე კი გრიშას დაფისაკენ გავწიე. გვეცვა სულ ერთნაირად და ვინ რას მიხვდებოდა. მაგრამ მასწავლებლებს ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ ჩვენ აქ რაიმეს ვიეშმაკებდით, მით უფრო, რომ ზეპირი ორივემ კარგად ჩავაბარეთ. რაღაც იღბლად ვერც მოწაფეები მიხვდნენ რაიმეს, თორემ ატყდებოდა სიცილი და... სანამ კომისია იმ ორი მოწაფით იყო დაკავებული, რომლებიც ჯერ კიდევ ზეპირს აბარებდნენ, გრიშა ჩემს დაფასთან იდგა გამარჯვებულის სახით და მეც უკვე ვამთავრებდი გრიშას ამოცანის გამოყვანას. გათავდა ზეპირი. ჩვენ ვდგავართ და ვუცდით. გადახედეს დაფებს. ყველაფერი რიგზეა. მერე ჯერ გრიშას მიმართეს: - ვლადიმერ, როგორაა თქვენი ამოცანის საქმე, - ეკითხებიან გრიშას, ანუ მათი აზრით - მე. - კარგად, მასწავლებელო, ყველაფერი რიგზეა, ამოცანა გამოყვანილია, - პასუხობს გრიშა. გადახედა მასწავლებელმა: - სწორია, - თქვა მან, თქვენ ყოჩაღი ხართ, ვლადიმერ. თავისუფალი ხართ, წაბრძანდით. გახარებული გრიშა უკანმოუხედავად გავარდა გარეთ. - თქვენ კი, გრიგოლ, რაღაც გაგირთულდათ, მგონია, არა? - მეკითხება მასწავლებელი, - გაგიძნელდათ?
- კი გამიძნელდა, მაგრამ მაინც დავძლიე-მეთქი, - ვუთხარი და დავსვი წერტილი.
- შენც ყოჩაღი ხარ, გრიგოლ, მარა ხანდახან წაიზარმაცებო, - მითხრა მასწავლებელმა და გრიშას გასწვრივაც დაწერა 5.

ფეხსაცმელების მაღაზიაში


მოსკოვში, 1906 წელს, მე, გრიშა და ანდრო რაზმაძე ერთად ვცხოვრობდით ბოლშაია ნიკიტსკაიაზე, სემენკოვიჩის სახლში (კონსერვატორიის პირდაპირ). ერთხელ სამივენი ფეხსაცმელების საყიდლად წავედით. მაღაზიაში რომ შევდიოდით, გრიშა უკან ჩამოგვრჩა, ვიღაცას ელაპარაკებოდა.
მე და ანდრო დარბაზში შევედით, დაგვსვეს და, როგორც ყველა, ვიზომავთ ფეხსაცმელებს. მაგრამ გრიშა სადაა ამდენ ხანს? ამ ფიქრში რომ ვარ, გავიხედე პირდაპირ და გამიკვირდა: გრიშა აგერ ზის და ჩემსავით ახალ ფეხსაცმელს იზომავს. - ანდრო, გრიშა აგერ ყოფილა, კაცო... მანაც შეხედა და მერე ხარხარი აუტყდა. მაღაზიაში სწორედ იმ დროს შემოვიდა გრიშაც. მე კი თურმე უზარმაზარ სარკეს შევუყვანივარ შეცდომაში, ჩემი თავი რომ გრიშად ,,მომაჩვენა”. სამივემ დიდხანს ვიცინეთ, მაგრამ მე მაინც ვერ გამეგო, როგორ მომივიდა, რომ ჩემი თავი გრიშა მეგონა.

თბილისის ქართულ კლუბში


მე და გრიშა მოსკოვიდან საზაფხულო არდადეგებზე შინ მოვდიოდით და თბილისში შევჩერდით. მაშინ გზა ბაქოს გამოვლით იყო. საღამოს მეგობრებთან ერთადქართულ კლუბშიწავედით. ეს კლუბი მოთავსებული იყო დღევანდელ ილია ჭავჭავაძის კულტურის სახლში. მთელი შენობა თავის ბაღიანად საუცხოოდ ჰქონდათ მოწყობილი. ქართული თეატრიც, შემდეგში - გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი - იქვე იყო. კლუბში დიდხანს შევყევით მეგობრებთან საუბარს და დროსტარებას. წამოსვლა დავაპირე, მაგრამ გრიშა ვერ ვნახე. ვიფიქრე: ალბათ უკვე წასულია, ქვევით თუ მიცდისმეთქი. ბაღიდან რომ შენობის გამოვლით, აუარებელ ხალხთან ერთად, ქვევით ჩამოვდიოდით, უცებ ამ ხალხში თვალი გრიშას მოვკარი და გამეხარდა, ძებნა აღარ დამჭირდებოდა. ისიც კიბეზე ჩამოდიოდა და მანაც დამინახა.
- სადა ხარ, კაცო, გეძებმეთქი, - შევძახე და ამდენ ხალხში მე მისკენ, ის კი ჩემკენ მოიწევს, მოარღვევს ხალხს და უცბად შუბლით სარკეს დავეჯახე. თურმე მთელ კედელზე სარკე ყოფილა.
ვისაც ქართული კლუბი ახსოვს, უთუოდ ემახსოვრება ის დიდი სარკეც, რომელიც მთელ კედელს ფარავდა ჩამოსასვლელ კიბესთან შენობის მეორე სართულზე.
გრიშა, მართლაც, მიცდიდა ქვევით ამხანაგებთან ერთად და, როცა ჩემი შეცდომის ამბავი მოვუყევი და შუბლზე კოპიც ვაჩვენე, ბევრი ვიცინეთ ყველამ.

სახელგამში


ერთხელ გრიშა სოხუმიდან ჩამოვიდა. ის იქ ქართული ტექნიკუმის დირექტორად მუშაობდა და ჩემ სანახავად სამსახურშისახელგამისსამმართველოში მეწვია. მოსულა გრიშასახელგამშიდა მეძებს, არ იცის, რომელ ოთახში ვზივარ. შეიხედა პირველსავე ოთახში. იქ ბუხჰალტერი იჯდა, სახელი აღარ მახსოვს, გვარად კი მაისურაძე იყო. გრიშამ ჯერ სალამი მისცა ყველას, როგორც იცოდა, და შეეკითხა: - ბოდიში, აქ ლადო ჯაფარიძე რომელ ოთახში ზის, ხომ ვერ მეტყვით? მაისურაძე გაშტერებული მისჩერებია. ვერ გაუგია: რა მოუვიდა ამ ლადო ჯაფარიძეს, თავის თავს რომ კითხულობსო, მაგრამ იღბლად იქ ძველი თანამშრომლებიც ისხდნენ, რომლებმაც იცოდნენ ჩვენი ამბავი, მიხვდნენ მისახვედრელს და გრიშა ჩემს ოთახში შემოიყვანეს.
მაისურაძეს კი დიდხანს არა სჯეროდა, რომ ის, ვინც წეღან ლადო ჯაფარიძე იკითხა, თვითონ ლადო არ იყო და შიშნეულად კითხულობდა თურმე: სკლეროზი ხომ არა აქვს ლადო ჯაფარიძეს, თავის ოთახსაც რომ ვეღარ აგნებსო.

სოხუმში


1931 წელს, შემოდგომაზე, გრიშასთან სოხუმში ჩავედი, რომელსაც ქალაქში ყველა კარგად იცნობდა.
სოხუმში მატარებლით დილით ჩავედი და იქაურობა ძალიან მომეწონა, ყველაფერს ინტერესით ვათვალიერებდი, ვაკვირდებოდი. მივდივარ ნელნელა ქუჩაქუჩა, ყველანი სალამს მაძლევენ, დარწმუნებული ვარ, გამვლელებს გრიშა ვგონივარ. მეც თავაზიანად ვპასუხობ მათ.
არ ვიცი, საით წავიდე, რომელი მიმართულებითაა ნეტავ გრიშას ტექნიკუმი! ვიკითხო? მრცხვენია. რას იტყვიან, თავის ტექნიკუმს კითხულობს, ხომ არ გაგიჟდაო. არადა, როგორ მოვიქცე?
ბოლოს, გავბედე და მაინც ვკითხე ერთს, რომელიც, ჩემი ფიქრით, არ უნდა ყოფილიყო გრიშას ნაცნობი: - უკაცრავად, ხომ არ იცით, სადაა აქ ქართული ტექნიკუმი? ის შემომაშტერდა, კარგა ხანს მიყურა და მერე უკანუკან დაიხია, გამეცალა. შევატყვე, შორიდან მითვალთვალებდა. ვინ იცის, რა იფიქრა, რა მოუვიდა ამ ადამიანსო... შევწუხდი, ირგვლივ ტრანსპორტიც არაფერი ჩანდა, არც ტაქსი, არც ცხენიანი ეტლი, არც ავტობუსი! ის ხომ პირდაპირ მიმიყვანდა ტექნიკუმში.
ბოლოს, ერთს ვკითხე ტექნიკუმის მისამართი, თანაც, დავუმატე, რომ ჯაფარიძის ძმა ვარ, თბილისიდან ჩამოვედი, მასთან მივდივარმეთქი და იმან მიმასწავლა. თანაც, ბევრი მიყურა და მეზობლებს ჩემკენ უთითებდა, ალბათ უკვირდა თვითონაც და სხვასაც უყვებოდა ჩემს მსგავსებაზე ძმასთან.
როგორც იქნა, მივედი ტექნიკუმთან. იქ ბევრი მოწაფე დარბოდა ეზოში. აგერ გრიშასკაზბეკამაცმოირბინა და შემომახტა წინა ტორებით, ლაქუცი დამიწყო, შინაურ ადამიანად მიცნო. მოწაფეები სალამს მაძლევენ გრიგორი მალაკიევიჩს.
და ბოლოს, როგორც იქნა, გრიშაც გამოჩნდა. რომ დამინახა, ჩემკენ გამოქანდა. ერთმანეთს ტარიელავთანდილივით გადავეხვიეთ. მოწაფეების განცვიფრებას საზღვარი არა აქვს, მოგვჩერებიან და, რომელია მათი დირექტორი და რომელი მისი ძმა, ვერ გაუგიათ.