5.10.13

ვლადიმერ ჯაფარიძე - "ლევ ტოლსტოის დაკრძალვაზე"


Lado and Grisha
სრული ნახევარი საუკუნეა მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა ძმამ გრიგოლმა მონაწილეობა მივიღეთ ლევ ტოლსტოის დაკრძალვაში. ჩემი მეხსიერებიდან ორმოცდაათმა წელმაც ვერ წაშალა ეს დაუვიწყარი ამბავი. დღესაც გუშინდელივით მახსოვს ყველაფერი.
იმ ხანებში მე და გრიგოლი მოსკოვის უნივერსიტეტში ვსწავლობდით. მოწადინებული ვიყავით, რაღაც ისეთი რამ გაგვეკეთებინა, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი დიდი კულტურის პოპულარიზაციას. ამ მიზნით ვთარგმნეთ ქართველ მწერალთა რიგი თხზულებები და გამოვეცით კიდეც.
დღეს ასეთი რამ ჩვეულებრივ საქმედ გვეჩვენება, მაგრამ იმ დროს ეს მხოლოდ ერთეულ გულშემატკივართა კერძო ინიციატივაზე იყო დამოკიდებული. მეფის ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა ასეთ ენთუზიასტებს ათასგვარ დაბრკოლებას უქმნიდა და ყოველმხრივ უხშობდა გზას.
ჩვენი თარგმნილი წიგნები მაშინდელი იმპერიის მრავალ კუთხეში გავუგზავნეთ ბევრ ნაცნობსა და მეგობარს. ბოლოს ვიფიქრეთ, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“, რომელიც ასევე გამოქვეყნებული გვქონდა ცალკე წიგნაკად, დიდი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოისთვისაც მიგვერთმია. დარწმუნებული ვიყავით, რომ ტოლსტოი, რომელსაც „რუსეთის სინდისს“ უწოდებდნენ, იცნობდა ი.ჭავჭავაძეს, როგორც სახელოვან ქართველ მწერალსა და დიდ საზოგადო მოღვაწეს, სახელმწიფო საბჭოს ერთ ერთ პოპულარულ წევრს, რომელმაც 1907 წელს მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგა.
გადავწყვიტეთ პირადად ვხლებოდით დიდ მწერალს იასნაია პოლიანაში და, თუნდაც რამდენიმე წუთით, დაგვეინტერესებინა ქართული კულტურის საკითხებით. ორიოდე სიტყვაც გვეთქვა მის აწმყოსა და წარსულზე, ტოლსტოის ყოველი სიტყვა კი დაწვრილებით ჩაგვეწერა და ქართული საზოგადოების ყურამდე მიგვეტანა. მთელ მსოფლიოში ცნობილია, თუ როგორ აფასებდნენ და რა დიდ ანგარიშს უწევდნენ იმ დროს ტოლსტოის თითოეულ სიტყვას.
მაშინ არაფერი ვიცოდით ტოლსტოის მეგობრული დამოკიდებულების შესახებ მწერალ ილია ნაკაშიძესთან, სამაგიეროდ, მისი ბიოგრაფიიდან გვახსოვდა, რომ ის ახალგაზრდობაში ერთხანს თბილისში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი გურული გლეხების 1906 წლის რევოლუციურ გამოსვლებსაც გამოეხმაურა.
ჩვენ ეს საქმე მით უფრო ჭკუაში გვიჯდებოდა, რომ მსგავსი მაგალითები მწერლის ცხოვრებაში არაერთი იყო. ტოლსტოისთან მრავალი მნახველი მიდიოდა, განსაკუთრებით ე.წ. „ტოლსტოელები“, და ბევრი მათგანი მიზანსაც აღწევდა – მწერალს პირადად ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ. ბოლოს, ჩვენ გვქონდა ერთი კარგი მაგალითი მოსკოველი თანაკურსელი ამხანაგის სტუდენტ ალექსანდრე ცაგარეიშვილისა, რომელმაც იასნაია პოლიანაში იმოგზაურა და მოინახულა დიდი მწერალი.
მე და ჩემი ძმა წინასწარ ვაწყობდით გეგმებს: როგორ მივსულიყავით „პოლიანაში“, როგორ წარვდგომოდით დიდ მწერალს და განგვეცვიფრებინა იგი ჩვენი არაჩვეულებრივი ფიზიკური მსგავსებით.
ჩვენ, მართლაც, ძალიან ვგავდით ერთმანეთს და არათუ მოსკოვში, ასე გასინჯეთ, ხშირად შინაურებს, მშობლებსაც კი ვეშლებოდით და რა გასაკვირი იქნებოდა, თუ დიდი მწერალი და ფსიქოლოგი, რომელსაც თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ბევრი რამ ენახა, შესაძლებელია, ნამდვილად დაინტერესებულიყო ჩვენით და ოჯახის წევრებისათვისაც კი წარვედგინეთ.
ერთი სიტყვით, მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი ტოლსტოისთან ჩასვლა და ხელსაყრელ წუთს ველოდით, რომ ჩვენი განზრახვა სისრულეში მოგვეყვანა. და აი, სწორედ იმ ხანებში მოსკოვის გაზეთებმა დაბეჭდეს სენსაციური ამბავი, რომ ლევ ნიკოლოზის ძე 28 ოქტომბერს დილით ადრე სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. თან მეუღლის სახელზე ბარათი დაუტოვებია, ნუ მომძებნითო... რადგან, ერთხელ და სამუდამოდ, განმარტოებული ცხოვრება გადავწყვიტეო. შეიძრა მთელი რუსეთი. ამ ამბავს მოსკოვი ღრმად განიცდიდა. მსოფლიოს გადასწვდა ტოლსტოის შინიდან წასვლისა და მისი დაკარგვის ამბავი. ახმაურდნენ გაზეთები; ყველას მხოლოდ ეს უცნაური გაუჩინარება ეკერა პირზე.
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღის მგზავრობის შემდეგ ავადმყოფი ტოლსტოი ასტაპოვოში ჩამოუსვამთ მატარებლიდან და მომაკვდავი მოხუცი რკინიგზის სადგურის უფროსის ბინაში მოუთავსებიათ. პატარა სადგური ასტაპოვო, რომლის არსებობა ბევრს არც გაეგონა, მყის კულტურული კაცობრიობის ყურადღების ცენტრში მოექცა. ყველა ასტაპოვოს გაიძახოდა და ავადმყოფი გენიოსის ბედზე ფიქრობდა... ბოლოს, 7 ნოემბერს გაზეთებმა მკითხველებს სამგლოვიარო ამბავი აუწყეს: „დილის 6 საათზე ლევ ნიკოლოზის ძე მშვიდად გარდაიცვალაო“.
მომხდარი ვითარების გამო მოსკოვის ყველა გაზეთმა შავი სამგლოვიარო არშიებით დამატებითი ფურცლები დაბეჭდა, სადაც დიდი მწერლის უკანასკნელ დღეებსა და წუთებზე იყო მოთხრობილი. იმ დღეს თეატრებმა წარმოდგენები შეწყვიტეს; დაიკეტა, აგრეთვე, ბევრი საზოგადოებრივი დაწესებულება და სასწავლებელი. უნივერსიტეტის სტუდენტობამ დილიდანვე ასეთი განცხადება გამოაკრა: ,,იასნაია პოლიანაში მივდივართ ყველანი და ვისაც სურვილი გაქვთ, დღესვე სიებში ჩაეწერეთო.“ სახელდახელოდ მოწვეულ კრებაზე ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რა სახე და მიმართულება მიეცათ ამ ეროვნული გლოვისათვის.
ქალაქის მთელი პოლიცია ფეხზე დადგა.
საღამოს 10 საათზე რამდენიმე ათასმა სტუდენტმა კურსკის რკინიგზის სადგურზე მოვიყარეთ თავი. დარბაზებსა და მოედანზე ტევა აღარაა. პოლიციელები სტუდენტობას გზას უკეტავენ, რათა ასე ბევრნი კი არა, ნაწილ-ნაწილ გაუშვან იასნაია პოლიანაში. თვით „გრადონაჩალნიკის“ თანაშემწე პოლკოვნიკი მოდლიც კი აქაა და ყველანაირად ცდილობს მღელვარე ახალგაზრდობის დაშოშმინებას. მატარებლის გასვლამდე კი სულ ცოტა დრო რჩება. ირგვლივ რაღაც საშინელი ზედახორა და ორომტრიალია...
დიდი წვალების მერე მე და გრიშა იმ სატვირთო ვაგონში მოვხვდით, რითაც, ჩვეულებრივ, საქონელი და ცხენები გადაჰყავთ ხოლმე. ათასზე მეტი ჭაბუკი და ქალიშვილი გაჭედილა ოციოდე ასეთ ვაგონში... არც სინათლე, არც დასაჯდომი ადგილები, მხოლოდ სტეარინის სანთელი თუ ბჟუტავს აქა იქ; სკამების მაგიერ, ხის განიერი ტახტია კედლის ერთი ბოლოდან მეორემდე. მაგრამ ახალგაზრდობა ისეთი თავდავიწყებით მიეშურება დიდი მწერლის დაკრძალვაზე, რომ სრულებით აღარ ჩივის ამ მდგომარეობას, ოღონდ კი თავის დროზე ჩააღწიოს დანიშნულ ადგილს.
როგორც იქნა, გათენებისას ჩავედით სადგურ კოზლოვო ზასეკაში, რომელიც დღეს იასნაია პოლიანას სახელს ატარებს. აქ უნდა დავხვდეთ ასტაპოვოდან წამოსულ მატარებელს, რომლითაც მიცვალებული უნდა ჩამოასვენონ.
ცივა. მიწა ნაადრევი თოვლითაა დაფარული... გვეზარება გარეთ გამოსვლა, მაგრამ ბაქანს გადაღმა ცეცხლი გუზგუზებს, ჩვენც იქით მივეშურებით და მომლოდინე ხალხს ვუერთდებით. ეს იასნოპოლიანელი გლეხები არიან; ისინი სოფლიდან ურმებით ჩამოსულან, რათა საყვარელი მასწავლებლის ცხედარს უკანასკნელი პატივი მიაგონ. მათ ტრანსპარანტი უჭირავთ ასეთი გულის-ამაჩუყებელი წარწერით: “Лев николаевич! Память о твоём добре не умрёт среди нас, осиротевших крестьян Ясной Поляны“.
აქ არიან ტოლსტოის ოჯახის წევრებიც, რომელთაც, რაღაც მიზეზით, ასტაპოვოში წასვლა ვერ მოუსწრიათ. აი, მატარებელიც შემოდის სადგურში და უბრალო საბარგო ვაგონიდან გადმოაქვთ დახურული კუბო... აქედან იასნაია პოლიანამდე კუბო უკვე სტუდენტებს მიგვაქვს. დაღლილ ძმებს ხშირად თბილისელი სტუდენტები - მომავალი ექიმი მებურნუთოვი და ასევე მომავალი აგრონომი ნიკიტა ბარხუდაროვი გვენაცვლებიან. იშვიათად, იასნოპოლიანელი გლეხებიც...
ჩვენს ყურადღებას ის გარემოება იპყრობს, რომ იმ დროის წესისამებრ კუბოს სახურავზე ჯვარი არა აქვს გამოსახული, გვირგვინებიც ურმებით მოაქვთ და არა ხელით.
უცხოელი ფოტოგრაფები და კინოოპერატორები „ლეიკებითა“ და კინოაპარატებით წამდაუწუმ იღებენ დაკრძალვის სცენებს... მეორე თუ მესამე დღეს მოსკოვის რამდენიმე ეკრანზე უკვე უჩვენებდა იასნაია პოლიანაში გადაღებულ კადრებს. გახარებული დავრჩი, როცა ტოლსტოის ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი თავი და ჩემი ძმა გრიშა ვიხილე. ასე გასინჯეთ, ქუთაისის „სინემატოგრაფიაშიც“ ვუნახივართ ძმები ჩვენს ნაცნობ-მეგობრებს, რაც მხურვალე წერილებით გვაცნობეს მოსკოვში.
კინო იმ დროს სულ ახალი ხილი, უცხო და იშვიათი რამ იყო...
იასნაია პოლიანამდე სამკილომეტრიანი სოფლის უბრალო შარაგზა მიუყვება. ძალიან გვიჭირს ცხენების ფლოქვებითა და ურმის თვლებით დაღარულ, ნოემბრის სუსხით გასლიპულ, თოვლიან გზაზე ფეხის “მოკიდება”, განსაკუთრებით, კუბოსთვის მხარშედგმულებს.
კუბოს მოჰყვებიან ტოლსტოის უახლოესი ადამიანები: მეუღლე სოფიო ანდრეის ასული, ვაჟიშვილები: სერგეი, ანდრეი, ლევ, მიხეილი; ქალიშვილები: ტატიანა და ალექსანდრა. აქვე მოდის ექიმი მაკოვსკი, რომელიც სახლიდან წასვლის დღიდან გარდაცვალებამდე თან ახლდა განსვენებულს. აგერ ურმებს მოტანილი ორიოდე გვირგვინიც მოაქვთ ასეთი წარწერით: „დაუვიწყარ ქომაგს და მრჩეველს ჩვენს გაჭირვებაში ლ.ნ.ტოლსტოის,“ „მეზობელი სოფლების გლეხობისაგან“ და სხვა.
პროცესიას შორიახლოს ცხენოსანი პოლიციელებიც მოჰყვებიან... გამოჩნდა იასნაია პოლიანაც... პატარ პატარა და ჩალით დახურულ გლეხურ ქოხებს შუაზე განიერი ქუჩა ჩაუდის; ახლოს სახნავი მიწები და დაუსრულებელი ნაძვნარი იტაცებს თვალს... აგერ ტოლსტოის ქვის ორსართულიანი სახლიც გამოჩნდა, რომელსაც ირგვლივ დიდი გალავანი არტყია. პროცესია წუთით მწერლის კარ-მიდამოს დიდ ჭიშკართან შედგა. აქეთ-იქით ორი მოზრდილი და ასევე თეთრად შეღებილი მრგვალი კოშკურა დგას, ძველად დარაჯების თავშესაფრად რომ იყენებდნენ.
სახლს გარშემო უზარმაზარი ეზო და პარკი აკრავს. პარკის დიდ გუბურაში გედები და სასეირნო ნავები მოჩანან. უკან უღრანი ტყე გადაჭიმულა... ტოლსტოის ეს სიმდიდრე მძიმე ტვირთად აწვა და გადაწყვეტილი ჰქონდა გლეხებისათვის გადაეცა, მაგრამ ცოლ-შვილის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და განზრახვა შეუსრულებელი დაურჩა.
„ამ ჭიშკართან დიდი მწერლის კარ-მიდამოში შესვლის წინ, ვინ იცის, რამდენი გული აძგერებულა მოწიწებით... “ _ ვფიქრობ ჩემთვის და თან თვალწინ მეხატებიან ტურგენევი, გონჩაროვი, ჩეხოვი, გორკი, ტოლსტოის მეგობარი - დიდი მხატვარი რეპინი და მრავალი სხვა...
აქედან სახლისაკენ არყის ხეთა გრძელი ხეივანი მიუყვება, რომლის გარშემო დიდი პარკი, ყანა და ხეხილის ბაღია გადაჭიმული. თეთრი გედები გუბურის კრიალა ზედაპირს კორტნიან, ნიავისაგან აშრიალებულ ტალღებზე პატარა ნავები ირწევიან... ღრუბლიანი დღეა, მაგრამ დილის სუსხი მაინც იგრძნობა და ვცდილობთ წაყინული ფეხები მიწაზე ბაკუნით ცოტათი მაინც შევითბოთ. რომელიღაც ჩვენთაგანმა ერთ ხეზე ციყვი შეამჩნია და ყველას ყურადღება იქით მიაპყრო. პაწია ცხოველი სულაც არ გრძნობდა ყინვას, თავისი დიდი კუდით ტოტიდან ტოტზე ხტოდა და წინა თათებით საჭმელს შეექცეოდა.
ვდგავართ და ვუცდით ჩვენს რიგს, რათა ბოლოს და ბოლოს სახლში შევიდეთ და ამ სამუდამო დამშვიდობების ჟამს ძვირფას ცხედარს თაყვანი ვცეთ. სახლის უკანა ეზოში დიდი მსხვილტანიანი თელა მოჩანს, რომლისთვისაც ირგვლივ ფიცრული სკამები შემოუვლიათ. აქ შორი გზით მოსული გლეხები ისვენებდნენ თურმე და დიდ მოამაგეს თხოვნისა და რჩევა დარიგებისათვის ელოდნენ. ეზოში შინაურთა ფუსფუსია. მარცხნივ პატარა შენობიდან სინათლე მოჩანს და ხანდახან ნიავს ცხელი პურის სასიამოვნო სურნელი მოაქვს. შინამოსამსახურე ქალები გობებით თუ ვედროებით დარბიან და ფუსფუსებენ.
მე ნაკლებად ვხედავ მოსკოვიდან თუ პეტერბურგიდან ჩამოსულ ინტელიგენციას. ეს, უთუოდ, პოლიციის დამსახურებაა. მხოლოდ რამდენიმე მწერალს ჩამოუღწევია მოსკოვიდან ავტომობილით, რაც მაშინ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ ჩვენი თანამემამულე ალ.სუმბათაშვილ-იუჟინი და პოეტი ვალერი ბრიუსოვი.
ხალხის რიგი თანდათან უახლოვდება სახლს. როგორც იქნა, შევდივართ ოთახში, პირველ სართულზე, სადაც მწერალი ასვენია. აქ ყვარებია მწერალს მუშაობა, ამ თაღიან ოთახში შეუქმნია თავისი უკვდავი ქმნილებები, მათ შორის „ომი და მშვიდობა.“
კუბოს გვერდით მიცვალებულის ახლობლები დგანან: ცოლი, შვილები და მეგობრები. აქვე დგას ჩემი ძმა გრიგოლი. მე გამოვეყავი ხალხის რიგს და კუბოსთან ძმის გვერდით დავდექი. ტოლსტოის შვილები მოგვჩერებიან და ჩვენი იშვიათი მსგავსების გამო ერთმანეთს ეჩურჩულებიან.
- კოლეგავ, თქვენზე ლაპარაკობენ, - ჩამჩურჩულებს მეგობარი სტუდენტი და ტოლსტოის ოჯახის წევრებს აკვირდება, თითქოს მათი მოძრაობისა და ხასიათის შესწავლა სურს.
ასეთ დროს გამოლაპარაკება უხერხულია, ამიტომ შემოსულ ხალხს გზას ვუთმობთ და უნებურად უკანა რიგებისკენ მივიწევთ.
მე ვსარგებლობ ხალხის სიმრავლით, ჯიბიდან უბის წიგნაკს ვიღებ და ფანქრით მწერლის სახის ჩახატვას ვიწყებ. ხელს არავინ მიშლის. შემიძლია მთელი საათი ვხატო. ვაკეთებ რამდენიმე ვარიანტს. ეს წიგნაკი დიდხანს დაკარგული მეგონა, ვიდრე სრულიად შემთხვევით არ აღმოვაჩინე ჩემს ქაღალდებში. 1978 წელს, ტოლსტოის დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით, მხატვარმა ავთანდილ ვართაგავამ გამომართვა და ჩემს მოგონებასთან ერთად პირველად დაბეჭდა ალმანახ „საუნჯეში.“
ტოლსტოის შვილები უკვე ხანში შესულები არიან. ვაჟები გარეგნობით მამას ჰგვანან, განსაკუთრებით – სერგეი.
ტატიანა სუსტი აგებულების  ქალია და დაღლილობის გამო ხშირად ისვენებს. მისი და – ალექსანდრა უფრო ჩასკვნილია, პირბუტაყი, ამშვენებს მოკლედ შეკრეჭილი შავი თმა. მაგრამ ყველაზე ავადმყოფურად ტოლსტოის მეუღლე – სოფიო ანდრიას ასული გამოიყურება...
კუბო თავახდილი დგას. დიდ მწერალს, თითქოს სძინავსო, ხელები გულზე აქვს დაკრეფილი; ტანთ თალხი ხალათი „ტოლსტოვკა“ აცვია. კუბოში ცოტაოდენი ყვავილებიც დევს...
დავჩერებივარ ძვირფას სახეს, მკერდზე დაყრილ მის განიერ წვერს, ჭაღარა, დაფანჩულ წარბებს და ვცდილობ, ეს ყველაფერი კარგად დავიმახსოვრო, სამუდამოდ ჩავიბეჭდო გონებაში.
აი, ესაა ლევ ტოლსტოი – გენიალური მოაზროვნე, ყოველი ადამიანისათვის ძვირფასი მწერალი, რუსეთის მონარქიის, ბატონყმობისა და სახელმწიფო პოლიტიკის შეურიგებელი მტერი.
დავყურებ ძვირფას სახეს და მაგონდება მწერლის „ბავშვობა და ყრმობა“, არაერთხელ რომ აუღელვებია ჩემი ნორჩი გული; მაგონდება მისი „ჰაჯი მურატი“, რომლის მთავარი გმირის ვაჟკაცური სიკვდილი ალექსანდრე ყაზბეგის გმირთა სიკვდილს გვაგონებს.
რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ხალხის მდინარება შეწყდა, შვილებსა და ახლობლებს კუბო უკანა ოთახიდან ეზოში გამოაქვთ, საიდანაც გზა პირდაპირ ტყისკენ მიდის. ამ ტყის პატარა ბორცვზე მომზადებულია მწერლის სამუდამო განსასვენებელი. ეს ადგილი აურჩევია თავად ლევ ნიკოლოზის ძეს. აქ უყვარდა მას დასვენება და ფიქრი; სიყმაწვილისას თურმე აქ თამაშობდა თავის ძმა ნიკოლენკასთან ერთად; ბავშვებს აქ გადაუწყვეტიათ სიკეთისათვის ღვწა და ნიშნად ამისა, ხსენებულ ადგილზე პატარა წარწერიანი ჯოხიც ჩაუსვამთ.
- ბარემ იქ დამასაფლავეთ, სადაც ერთ დროს ჩვენ, ბავშვებმა, წარწერიანი ჯოხი დავარჭვეთ. ეს იქნება ჩემი ძმის ნიკოლენკას სამახსოვროც, – უთქვამს ლევ ნიკოლოზის ძეს ახლობლებისათვის.
და აი, მისი დანაბარები ასრულდა...
კუბო კარებში გამოჩნდა და ეზოში მდგომი ხალხი მუხლებზე დაემხო. ჭირისუფლები ახლოს მოყვებიან ცხედარს და სტუდენტობას დიდი თავაზიანობით გვეკიდებიან, ცდილობენ ხშირად შეგვენაცვლონ. ანაზდად ქუდი ხელიდან მივარდება და ეს ესაა ფეხებით უნდა გადათქერონ, მაგრამ ტოლსტოის ვაჟი სერგეი, მაღალი, ბრგე, გრძელი ჭაღარა წვერით დამშვენებული, ჩემ გვერდით რომ მოაბიჯებს, იხრება, ქუდს იღებს და მანამდე მოაქვს, ვიდრე სხვა არ შემენაცვლება. მე მადლობას ვუხდი სერგეის და მორიდებით ვართმევ ქუდს...
უკვე ბინდდება... პროცესია ღია საფლავთან ჩერდება და მალე ჭირისუფალთა გამოთხოვებაც მთავრდება. კუბოს საფლავში უშვებენ და ყველანი მუხლებზე ვემხობით. გაისმის „საუკუნო ხსენება“, რომლის შეძახილში ჩვენც ვმონაწილეობთ. მერე ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. მხოლოდ პოლიციელთა ცხენების ლაგამთა ჟღარუნი თუ არღვევს ამ დუმილს. ახლოს მოსული, ჩამოქვეითებული პოლიციელები გვერდით უდგანან თავიანთ ცხენებს.
ერთი მჭექარე შეძახილი: ”На колени, полиция!” და ისინიც იძულებულნი ხდებიან, უყოყმანოდ დაიჩოქონ ტოლსტოის საფლავთან. ამ მჭექარე და მბრძანებლური განკარგულების გამცემი ჩვენი ამხანაგი, სტუდენტი ლაზარე შურღაიაა...
პროცესიის დასასრულს ტოლსტოის ერთ ერთი მეგობარი, სამხატვრო თეატრის რეჟისორი სულერჟიცკი ხმამაღალი შეძახილით ამბობს მგზნებარე სიტყვას...
ხალხი თანდათან იშლება და ტოლსტოის საფლავი ობლად რჩება.
ფიზიკურად დაღლილნი, მაგრამ სულიერად ამღლებულნი მივაბიჯებთ მე და ჩემი ძმა კოზლოვო ზასეკას რკინიგზის სადგურისაკენ მარხილებითა და ურმის თვლებით დაღარულ თოვლიან გზაზე, რომელიც საღამოს სუსხს კიდევ უფრო მოუყინავს... ეს გარეგნულად თითქოს უბრალო, მაგრამ ღრმა შინაარსით სავსე სანახაობა – მღელვარე სტუდენტებით, გულჩათხრობილი გლეხებითა და დაჩოქილი პოლიციელებით უკვდავი მეამბოხის საფლავის წინ – ჩვენს წარმოდგენაში დიდი განახლების დასაწყისის შტაბეჭდილებას ტოვებდა...
„მე უარვყავი ეკლესია და აღარ ვასრულებ მის არავითარ წესებს... ანდერძს ვტოვებ, რომ როცა მოვკვდები, არ მოუშვათ ჩემთან ეკლესიის არც ერთი მსახური და ჩემი გვამი გაიტანონ სახლიდან რაც შეიძლება მალე ყოველგვარი ლოცვებისა და კურთხევის გარეშე...“ - წერდა დიდი მწერალი სინოდის მისამართით, როცა გაიგო ეკლესიიდან მისი განდევნის ამბავი. სახელგანთქმული მწერლის ასეთი დასაფლავება პირველი მაგალითი, პირველი სამოქალაქო დასაფლავება იყო ყოველგვარი საეკლესიო წესების გარეშე. უბრალო და მაინც დიადი!...
უკვე თენდებოდა, როდესაც ჩვენ ისევ იმ „სახელოვანი“ მატარებლით დავბრუნდით მოსკოვში. ბაქანზე შევხვდით ჩვენსავით დასაფლავებაზე მყოფ ალი არსენიშვილს, ალექსანდრე ცაგარეიშვილს, ირაკლი ლეკიშვილსა და სხვებს.
ჩემმა ძმამ გრიგოლმა მოსკოვში დაბრუნებისთანავე ჩაიწერა თავისი შთაბეჭდილებანი და თბილისში გამოსაქვეყნებლად გამოგზავნა. ცას ვეწიეთ სიხარულით, როცა გაზეთში გრიგოლის მოზრდილი წერილი ვიხილეთ. იგი პროფესორმა ალ.ხახანაშვილმა ლექციის დაწყების წინ გადმოგვცა. ეს გრიგოლის პირველი ნაბეჭდი ნაკალმარი იყო.
დღესაც მოწიწებით ვინახავ ამ გაზეთს, 1910 წლის 24 ნოემბრის რიცხვით რომ არის დათარიღებული. იგი ცოცხლად მაგონებს გარდასულ დღეებს, ჩემს ძმას და იმ ახალგაზრდულ გატაცებას, რამაც ჩვენ ყოველგვარი დაბრკოლება გადაგვალახვინა, იასნაია პოლიანში ჩაგვიყვანა და ამით უკვდავი მწერლის დასაფლავების მონაწილენი გაგვხადა.
ტოლსტოის დასაფლავებაზე ჩვენი მონაწილეობა ყველას დიდხანს აოცებდა და უკვირდათ, როგორ მოვახერხეთ იქ ჩასვლა, რაც უამრავ სიძნელესთან იყო დაკავშირებული. ამის გამო მეგობრები დღესაც „ისტორიულ პირს“ მეძახიან ხოლმე. Хоронил Толстого!  -  გააცნო ერთხელ ჩემი თავი ერთმა მეგობარმა ჟურნალისტებს.
ვკითხულობ ამ გაზეთს და თითქოს ახლაც ჩამესმის დაუვიწყარი მწერლისადმი მიმართული მადლიერი ხალხის მაშინდელი სიტყვები: “დაე, მსუბუქი იყოს შენთვის ის მიწა, რომლის წუხილი გაღელვებდაო“.
ამას წინათ, თურმე, მორიგი სიხარულის მოწმე უნდა გავმხდარიყავი: ჟურნალ „Огонёк“-ში ერთ ერთ ძველ ფოტოსურათზე, რომელიც ლევ ტოლსტოის დაკრძალვის დაუვიწყარ წუთებს ასახავს, ჩემი და ჩემი ძმის გამოსახულებაც ვიხილე. ჩვენ, სტუდენტურ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდები, სამუდამო განსასვენებლისაკენ მივაცილებთ დიდი მწერლის ცხედარს...
გულით მეწადა, სამახსოვროდ ამ ჟურნალის რამდენიმე ცალი მქონოდა და ამისათვის რედაქციას თხოვნით მივმართე. რამდენიმე ხნის შემდეგ, მართლაც, მივიღე „Огонёк“-ის ორი ეგზემპლიარი, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვწირავ ჟურნალის ყველა თანამშრომელს. მე კი ამ ფაქტმა თითქოს სიჭაბუკე დამიბრუნა და დაუვიწყარ დღეთა ყვავილობა მაგრძნობინა.