2014
წლის ზაფხულია. რაჭაში, ჩვენ სოფელ ღარში, აივანზე ვზივარ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ
აღვადგინო მეხსიერებაში და იქნებ ვინმესათვის გამოსადეგად დავტოვო ზოგიერთი მცირედი
მოგონება ჩემი უკვე მართლაც ხანგრძლივი ცხოვრებიდან.
ამჯერად
ამისაკენ მიბიძგა ერთმა გადაცემამ საზოგადოებრივი რადიოს პირველ არხზე. გადაცემა ეძღვნებოდა
ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავს. გადაცემის სტუმრები იყვნენ თეატრმცოდნე
ნოდარ გურაბანიძე, რომელიც 11 წლის განმავლობაში იყო ოთარის მოადგილე კულტურის სამინისტროში
და ანზორ ერქომაიშვილი - ქართული მუსიკალური ფოლკლორის თავდადებული მოღვაწე და მოჭირნახულე.
ცხადია, ერთსაც და მეორესაც საკმაოზე მეტი ფაქტები ჰქონდათ მოსაგონარი ოთარ თაქთაქიშვილთან
ურთიერთობის და საერთოდ ამ მართლაც რომ შესანიშნავი კომპოზიტორის მოღვაწეობის შესახებ.
ჩემი
არცთუ ხანმოკლე (15 წელი) მოღვაწეობა სამხატვრო აკადემიის პრორექტორის თანამდებობაზე
მთლიანად დაემთხვა ოთარ თაქთაქიშვილის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნას. როდესაც
კალინინის რაიკომის მდივანმა ჩემ კანდიდატურას არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ მოიწონა
კიდეც, აპოლონ ქუთათელაძემ ოთარ თაქთაქიშვილს დაურეკა და სთხოვა ჩემთან ერთად შეხვედრა,
რაზედაც დაუყოვნებლივი თანხმობა მიიღო.
ოთარ
თაქთაქიშვილს, ვიცნობდი, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდა კომპოზიტორს, საქართველოს სახელმწიფო
ჰიმნის ავტორს, მაგრამ მანამდე პირადად არასდროს შევხვედრივართ. ცხადია, გარკვეულწილად
ვღელავდი კიდეც, მაგრამ დაძაბულობა ძალიან სწრაფად მომეხსნა, რადგან ოფიციალური ტონის
ნაცვლად შეხვედრისთანავე ვიგრძენი სითბო და კეთილი დამოკიდებულება. დამრჩა შთაბეჭდილება,
რომ მას ჩვენ მისვლამდე უკვე ჰქონდა მიღებული გარკვეული ინფორმაცია ჩემს შესახებ. ოთართან
ერთად მის კაბინეტში დაგვხვდა ეთერ კილაძე, რომელიც კულტურის სამინისტროს მეთოდკაბინეტის
გამგედ მუშაობდა. ოთარმა ეთერ კილაძეს გააცნო ჩემი თავი, როგორც სამხატვრო აკადემიის
მომავალი პრორექტორი სასწავლო დარგში და იმედი გამოთქვა რომ მჭიდრო და სასარგებლო ურთიერთობებს
დავამყარებდით. ეთერ კილაძე ოთართან შეხვედრამდე დაახლოვებით 20 წლით ადრე გავიცანი
და ერთი პერიოდი ხშირი ურთიერთობაც მქონდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის თბილი ურთიერთობა,
რომელსაც მე კულტურის მინისტრთან ვინარჩუნებდი პრორექტორად მუშობის მთელი პერიოდის
განმავლობაში, გარკვეულწილად, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე მაინც, ეთერ კილაძის
ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა. ყოველ შემთხვევაში მთელი 15 წლის განმავლობაში მე
ცხადად ვგრძნობდი მინისტრის ჩემდამი კეთილ დამოკიდებულებას და დიდ ნდობას. ხშირი იყო
შემთხვევები, როდესაც მე ისეთი კომისიების შემადგენლობაში შევყავდით, რომელსაც ჩემ
საქმიანობასთან თითქოს არ გააჩნდა უშუალო კავშირი. როდესაც რამდენიმეჯერ ვიკითხე,
მე რა შუაში ვარ მეთქი, სამინისტროს მესვეურები ყოველთვის მპასუხობდნენ რომ ეს მინისტრის
რეკომენდაციით ხდებოდა. ასე იყო 1982 წელსაც, როდესაც კულტურის სამინისტროს 30 კაციანი
ტურისტული ჯგუფის იტალიაში გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან ადრე დამტკიცებულმა
ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვალერი ასათიანმა, დაკავებულობის გამო წასვლაზე უარი განაცხადა.
აქაც ისევ ოთარ თაქთაქიშვილის რეკომენდაციით ჯგუფის ხელმძღვანელობა მე დამევალა. სასწრაფოდ,
ყველა ბიუროკრატიული მოთხოვნის დარღვევით მოხდა ჩემი დამტკიცება როგორც ცეკაში, ისე
ყველა აუცილებელ ინსტანციაში. საუბედუროდ, ამან მე შემაფერხა და მილანისა და რაც მთავარია ლეონარდოს „საიდუმლო
სერობის“ ნახვა ვეღარ შევძელი.
როდესაც
მე 1983 წლის მარტში შექმნილი საერთო სიტუაციის გამო გადავწყვიტე დამეწერა განცხადება
პრორექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ, ოთარ თაქთაქიშვილი რამდენიმე თვიან საგასტროლო
ტურნეში იყო წასული და მას გოგი ჟორჟოლიანი ცვლიდა. გოგი ერთ-ერთი ჩემი ნათლიას, ოჩამჩირის
ყოფილი მერის შვილი იყო და ამიტომ ის ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. ის, როგორც მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი, ვალდებული იყო ცენტრალური კომიტეტის დავალება შეესრულებინა
და მეორეს მხრივ არც ჩემი წყენინება უნდოდა. მან რამდენიმე ადმინისტრაციული თანამდებობა
შემომთავაზა, მათ შორის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილის, მაგრამ მე ავუხსენი
რომ ჩემი ერთადერთი სურვილი იყო კვლავ პედაგოგიურ მოღვაწეობას დავბრუნებოდი და ადმინისტრაციული
თანამდებობები სულაც არ მხიბლავდა. მე ნათლად ვგრძნობდი, რომ ცენტრალური კომიტეტი გოგი
ჟორჟოლიანს აჩქარებდა ჩემ განთავისუფლებას ოთარ თაქთაქიშვილის დაბრუნებამდე, რადგან
იცოდნენ, რომ მას ამ საქმეზე ადვილად ვერ დაითანხმებდნენ და ოთარის მაღალი ავტორიტეტის
გამო მასთან ჭიდილი ბევრად უფო გაუჭირდებოდათ. გოგი თითქმის ყოველდღე, ზოგჯერ დღეში
რამდენჯერმე, თვითონ მოდიოდა აკადემიაში ახალ-ახალი შემოთავაზებებით. მე გულახდილად
ავუხსენი, რომ მესმოდა მისი მძიმე მდგომარეობა და არ მინდოდა მას ჩემი გულისთვის რაიმე
უსიამოვნება შეხვედროდა. მე კარგად გავაანალიზე შექმნილი მდგომარეობა და გადავწყვიტე
დაუყოვნებლივ დამეწერა განცხადება პრორექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ
მხოლოდ ერთადერთი პირობით - დაემატებინათ აკადემიისათვის პროფესორის თანამდებობის ერთი
საშტატო ერთეული. მე გულდასმით გადავსინჯე საშტატო განრიგი და დავრწმუნდი, რომ ამისათვის
საჭირო საათების რაოდენობის რესურსი არსებობდა.
როგორც
უკვე აღვნიშნე, ოთარ თაქთაქიშვილი თავიდანვე კეთილად იყო განწყობილი ჩემს მიმართ, რაც
შემდგომში კიდევ უფრო გამყარდა, მაგრამ ის, რაც ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის დროს მოხდა,
ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
ეს
შეხვედრა მოხდა 1985 წლის მარტში, როდესაც უჩა ჯაფარიძეს ინსულტი ჰქონდა და ამის გამო
უნივერსიტეტის მეორე კორპუსის გვერდით მდებარე „ლეჩკომისიის“ საავადმყოფოში იწვა. მე ამის გამო აკადემიიდან განთავისუფლებული
ვიყავი და მთელ დღეებს საავადმყოფოში ვატარებდი, ამიტომ ძალაუნებურად თანდათან გავიცანი
ყველა იქ მყოფი, ექიმებიც და ავადმყოფებიც. ავადმყოფებს შორის ძალიან ბევრი მოარული
იყო, გასაკუთრებით მოხუცი პენსიონერები. ისინი თავს კარგად გრძნობდნენ სანატორიულ პირობებში
და ცდილობდნენ რამდენადაც შესაძლებელი იყო, დიდხანს დარჩენილიყვნენ საავადმყოფოში,
სადაც საყოფაცხოვრებო პირობები, განსაკუთრებით კვება, ძალიან კარგ დონეზე იყო. მე განსაკუთრებით
ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა დიმიტრი თავაძესთან, რუსთაველის სახ. თეატრის მთავარ მხატვართან და დიდიმ მირცხულავასთან, ოპერის თეატრის მთავარ დირიჟორთან. ორივენი „მოარულ“
ავადმყოფებს ეკუთვნოდნენ და მთელ დღეებს დერეფნებში ან ვესტიბიულში სეირნობასა და ტელევიზორის
ყურებაში ატარებდნენ. ერთ საღამოს, როდესაც უჩას ეძინა, დერეფანში გამოვედი და იქ მყოფ
დიდიმ მირცხულავას შევხვდი. მან ახალი ამბავი მაუწყა, რომ რამდენიმე საათის წინ სასწრაფო
დახმარების მანქანით საავადმყოფოში კულტურის მინისტრის მოადგილე ია გამრეკელი მოიყვანეს
და უჩას პალატის მახლობლად დააწვინეს. დიდიმმა მითხრა, რომ მან ია უკვე ინახულა და
ექიმების პირველადი დიაგნოზით მას არაფერი სერიოზული არ სჭირდა.
აღარ მახსოვს ია გამრეკელი სამინისტროში რა დარგს კურირებდა, მაგრამ ვიცი, რომ სასწავლო
დაწესებულებებთან უშუალო შეხება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მე მას სამინისტროში
ყოფნისას ხშირად ვხვდებოდი, სამინისტროში ყოფნა კი ხშირად მიწევდა, რასაც აკადემიასთან
მისი ტერიტორიული სიახლოვეც უწყობდა ხელს. ია გამრეკელთან, ისევე როგორც სამინისტროს
მთელ პერსონალთან, კარგი ურთიერთობა მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე ია მეც მომენახულებინა და ამით გამომეხატა მისდამი ჩემი კეთილი დამოკიდებულება,
მით უმეტეს, რომ მე და დიდიმი იქვე, მისი პალატის გვერდით, ვიმყოფებოდით.
პალატის
კარები რომ გავაღე, დავინახე, რომ ია საწოლზე იწვა, საწოლთან მოდგმულ სკამზე ოთარ თაქთაქიშვილი
იჯდა და ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ. კარების გაღების ხმაზე ოთარი ჩემკენ შემობრუნდა
და რაც შემდეგ მოხდა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო მისი გაწონასწორებული ნატურიდან
გამომდინარე. ოთარი მყისვე წამოხტა სკამიდან (სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ იმ სწრაფი მოძრაობის
გამოსახატად) და გამოემართა ჩემ შესახვედრად. მოვლენათა ასეთი განვითარებით გაკვირვებულს
გადამეხვია და მითხრა, რომ ძალიან გახარებულია ჩემთან შეხვედრით. მე იმდენად დამაბნია
ყოველივე ამან, რომ წესიერად არც მახსოვს რას მეუბნებოდა. ყოველ შემთხვევაში მახსოვს,
ბოდიშს მიხდიდა იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა ჩემთან შეხვედრა.
მითხრა, რომ როდესაც თბილისში დაბრუნების შემდეგ შეიტყო ჩემი განთავისუფლების შესახებ,
გოგი ჟორჟოლიანს დიდი საყვედური უთხრა, თუმცა მისთვის ცხადი იყო, რომ ეს სპეციალურად
გაკეთდა მის სამინისტროში დაბრუნებამდე. მახსოვს ისიც მითხრა, რომ ეს სამხატვრო აკადემიის
შემდგომ მუშაობაზე აუცილებლად მოახდენდა უარყოფით გავლენას. ერთი სიტყვით, ქათინაურები
არ დაიშურა და ბოლოს დასკვნა გააკეთა, რომ მომხდარი ფაქტი მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი
ნაწილი იყო ზოგადად ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა, რომლებიც პარტიული ინსტანციებიდან
მოდიოდა.
ოთარის
ნალაპარაკების შედეგად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ქვეყანაში
მიმდინარე პროცესების შეახებ და ისიც ესმოდა, რომ მისი ერთპიროვნული ჯიუტი წინააღმდეგობა
ვერაფერს შეცვლიდა. ბოლოს, ოთარის უაღრესად ემოციური ტირადის შემდეგ, როგორც იქნა მომეცა
საშუალება, რამდენიმე სიტყვით მომეკითხა იას მდგომარეობა. მალევე ყოველივე მომხდარით
აღელვებულმა იას სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვე, ოთარს კი ნათქვამი კეთილი სიტყვებისათვის
მადლობა გადავუხადე და დავარწმუნე, რომ მომხდარი ფაქტი ჩემთვის ტრაგედიას არ წარმოადგენდა
და ალბათ პირიქით, კარგიც იყო, რადგან დროზე გამოვეცალე მოვლენების ისეთ განვითარებას,
რასაც ოთარის მსგავსად, მეც მხოლოდ უარყოფითად მესახებოდა.
ოთარ
თაქთაქიშვილის წინასწარმეტყველება სამწუხაროდ მალე აღსრულდა და ის კულტურის მინისტრის
თანამდებობიდან მალე გაანთავისუფლეს, რითაც დანაკლისი მხოლოდ ქართული კულტურის განვითარების
საქმემ განიცადა, ოთარს კი საშუალება მიეცა თავის დრო და ზოგადად მთელი ცხოვრება მუსიკალური
მოღვაწეობისათვის დაეთმო. სამინისტროს რაც შეეხება, იქ დაიწყო „чехарда“,
რომელიც დღესაც გრძელდება. ქართული კულტურის განვითარების ბედი ვის არ ჩააბარეს, მათ
შორის ისეთებსაც კი, ვისი საერთოდ კულტურასთან მიკარებაც არ შეიძლებოდა.
დღესაც,
როდესაც ვიხსენებ ოთარ თაქთაქიშვილის ემოციურ აფეთქებას, მიჭირს რაიმე ლოგიკური საფუძველი
მვოუნახო ამ ფაქტს, გარდა იმ მოსაზრებისა, რომ ცალკეული მოვლენების გაანალიზების უნარის
მქონე ჭკვიან კაცს ესმოდა უარყოფითი ტენდენციების განვითარების გარდაუვალობა.
მე
ადრეც დავწერე, რომ მთელი 15 წლის განმავლობაში, როდესაც ოთარ თაქთაქიშვილთან მქონდა
ურთიერთობა, მისი მხრიდან ყოველთვის ვგრძნობდი კეთილ დამოკიდებულებას, მაგრამ არცერთხელ
არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას ოფიციალური სამსახურეობრივი ურთიერთობიდან გადაეხვია,
ამიტომ მიჭირს ავხსნა ასეთი ემოციური შეხვედრა. ოთარს ჩემთან მოსაბოდიშებელი არაფერი
ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ჩემი განთავისუფლება მის გარეშე მოხდა, ამდენად მის გულწრფელობაში
ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ გამაჩნია. როგორც ჩანს, რადგან ჩვენს შორის აღარ
არსებობდა არანაირი სამსახურეობრივი ურთიერთობა, მან თავს უფლება მისცა პირადი ადამიანური
დამოკიდებულება გამოეჩინა მომხდარი ფაქტის გამო.
ია
გამრეკელის პალატაში შეხვედრის შემდეგ ისე აირია საერთო სიტუაცია, რომ ოთარ თაქთაქიშვილთან
შეხვედრის საშუალება აღარ მომეცა. ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის მისი გარდაცვალების
ამბის გაგება. დიდი ხნის განმავლობაში მისი მოღვაწეობის მიჩუმათების შემდეგ, როდესაც
საერთო ქაოსისა და ბალაგანის პირობებში არავის ეცალა ოთარის, ან საერთოდ სერიოზული
ხელოვნებისათვის, მხოლოდ ახლა გაჩნდა სურვილი დამსახურებული პატივი და ღირსეული შეფასება
მიეცეს მის მოღვაწეობას.