30.4.13

ანზორ აბულაშვილი

   რამოდენიმე დღეში 81 წელი უსრულდება პოეტსა და ფილოლოგს, ბატონ ანზორ აბულაშვილს. ალბათ ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ექნება მოსმენილი ან წაკითხული მისი შესანიშნავი ლექსი "მახარობელი"

     წუხელის ბიჭი დაბადებულა,
     გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
     ისეთი ბიჭი დაბადებულა,
     დაურქმევიათ თურმე დავითი.
     წუხელის ბიჭი დაბადებულა,
     დაურქმევიათ იმისთვის ცოტნე,
     შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
     და გული ჩვენი ისევე კორტნე.
     წუხელის ბიჭი დაბადებულა,
     დაბადებულა თურმე დემეტრე,
     განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
     რა სიხარული გამოიმეტე.
     წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
     ყველა გმირმა და თავდადებულმა;
     დაბადებულა თურმე ვახტანგი,
     მღვდელი თევდორე დაბადებულა.
     საქართველოს ცა ისეც მაღალი
     უფრორე მეტად ამაღლებულა,
     დაბადებულა მთვარე – გიორგი.
     თურმე ილია დაბადებულა.
     წუხელის მტერი –
     ერთპირად ჩვენი
     მოსპობის მდომი – დადარდებულა,
     დაბადებულა თურმე სულხანი,
     გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
     დაბადებულა ალგეთს მგლის ლეკვი,
     ვინაც მზის ხვრიპა
     თურმე ცხელი რძე.
     დაბადებულა დედა ცხრა ძმისა
     და თავად ცხრა ძმა ხერხეულიძე.
     დაბადებულა ბიჭი პაატა,
     გათენებულა წუხელის თეთრად:
     დაბადებულა სამასი გმირი,
     ვით დაიხოცნენ
     ისევე ერთად.

     წუხელის გოგოც დაბადებულა,
     ცის ნამი – ცისფრად ნაკამკამარი,
     ისეთი გოგო დაბადებულა,
     დაურქმევიათ თურმე თამარი.
     დაბადებულა წუხელის ნინო
     და ქეთევანი დაბადებულა.
     ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
     ღვთიურის ნათლით განათებულა.
     ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
     ახდენილა და გამართლებულა;
     დაბადებულა თურმე ნესტანი
     და თინათინი დაბადებულა.
     და გიხაროდენ...
     ქართველთა შორის
     ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
     და ერთიანი, ნანატრი დროის,
     ქართლი ხელახლა დაბადებულა.  

   მე ანზორ აბულაშვილი ჩემმა მამიდაშვილმა, დავით მაჭავარიანმა, გამაცნო. როდესაც დათომ ბაბუამისის, ლადო ჯაფარიძის, მოგონებების წიგნის გამოცემა გადაწყვიტა, ცხადია ამას თავისი სახსრებით ვერ შეძლებდა და დაიწყო ძებნა, თუ ვინ შეძლებდა დახმარებას. დაპირება ბევრი მიიღო, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვინც რეალურად ამოუდგა მხარში და ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე, სწორედ ბატონი ანზორი იყო. მან სრულიად უანგაროდ გამოსცა წიგნი გამომცემლობა "ნაკადულში", რომლის დირექტორიც ბრძანდებოდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი და დავითის სახელით ხიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ ანზორს გულისხმიერებისა და დახმარებისათვის.



 ბმულები: 
1. ანზორ აბულაშვილის ბიოგრაფია და ბიბლიოგრაფია
2. ანზორ აბულაშვილი ვიკიპედიაში
3. ლადო ჯაფარიძის "მოგონებები და ჩანაწერები"
4. ილუსტრაციები ლადო ჯაფარიძის წიგნისათვის
5. ანზორ აბულაშვილის "მახარობელი" (კითხულობს ზურაბ ქაფიანიძე)