26.4.15

ოთარ ჯაფარიძე - როგორ გავხდი აკადემიის პრორექტორი


სამხატვრო აკადემიის პრორექტორი გავხდი სრულიად მოულოდნელად, ისე რომ ამის შესახებ არა მხოლოდ არასდროს მიფიქრია, არამედ საერთოდ გონებაშიც კი არასდროს გამივლია.
აპოლონ ქუთათელაძემ აკადემიის რექტორად დანიშვნის შემდეგ ჩაიფიქრა და წამოიწყო კიდევაც არნახული რეორგანიზაცია, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდებოდა არა მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვის პირას მყოფი აკადემიის გადარჩენა, არამედ აკადემიის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეპოქის დაწყება, რაც ფაქტობრივად მისი მანამდე წარმოუდგენელი რენესანსის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
როდესაც აპოლონმა აკადემია ჩაიბარა, იქ სახვითი ხელოვნების სპეციალობები (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა) ოფიციალურად არ არსებობდა და ისინი მონუმენტალურ-დეკორატიული ფერწერის და ქანდაკების სახელით აგრძელებდნენ მუშაობას. ამავე დროს გაიხსნა საღამოს განყოფილება, რომელიც იდეით განკუთვნილი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღისით მუშაობდნენ და ჰქონდათ სურვილი ასე თუ ისე დაუფლებოდნენ მხატვრობის ანაბანას. ცხადია ვერც სამუშაო პირობები და ვერც პროგრამები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდნენ. სხვათა შორის მეც 2 თუ 3 წელი ვმუშაობდი საღამოს განყოფილებაზე და ამდენად კარგად ვიყავი ინფორმირებული იქ შექმნილი სიტუაციის შესახებ. ერთი სიტყვით, აკადემიის ყოფნა-არყოფნის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდებოდა. უკვე მუსირებდა აზრი, რომ აკადემიას ელოდებოდა ორ დანარჩენ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელთან ხელოვნების ინსტი­ტუტში გაერთიანება, რაც ცხადია სამივესთვის დამღუპველი იქნებოდა.
ასეთ კრიტიკულ მომენტში აპოლონმა მიიღო ყველაზე სწორი რადიკალური გადაწყვეტილება - იმის მაგივრად, რომ ეცადა მოეხერხებინა და როგორმე ოფიციალურად აღედგინა დაზგური სპეციალობები და ეზრუნა მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნაზე, მან გადაწყვიტა შეეთავაზებინა ხელისუფლებისათვის სრულიად ახალი ტიპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლის ჩამოყალიბება, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგი. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება თავისთავად გამომდინარეობდა თვით აპოლონის ბუნებიდან. სწორედ ამ დროს ჩაესახა მას გონებაში ახალი ტიპის უმაღლესი სასწავლებლის მოდელი, რომლის ხორცშესხმასაც მან თავისი სიცოცხლის დარჩენილი წლები მოახმარა. საბედნიეროდ აპოლონის ამ გაბედულმა გრანდიოზულმა იდეებმა ნოყიერი ნიადაგი იპოვეს საქართველოს იმდროინდელი ხელმძღვანელობის სახით. როგორც ჩანს აპოლონმა აკადემიის მომავლის ხატოვანი და ემოციური წარდგენით იმდენად დიდი და ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს იმდროინდელ ლიდერზე, ვასილ მჟავანაძეზე, რომ იგი გახდა აპოლონის ყველა იდეის და წამოწყების უპირობო მხურვალე მხარდამჭერი. ვფიქრობ, აპოლონის შორსმიმავალი ამბიციური გეგმები გარკვეულწილად ემთხვეოდა ცენტრალური კომიტეტის მდივნის სურვილებსაც.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში (50 - 80-იანი წლები) საქართველო განიცდიდა ომისშემდგომი აღმავლობის საუკეთესო წლებს. იგი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რესპუბლიკა იყო როგორც ეკონომიური მდგომარეობით, ისე განსაკუთრებით, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების მაღალი დონით. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა აპოლონის ამბიციური გეგმების განხორციელების შესაძლებლობა. ომის შემდგომ წლებში დასავლეთიდან (განსაკუთრებით გერმანიიდან) შემოსული საქონელი ჩვენი ნაწარმისაგან გამოირჩეოდა მიმზიდველი გარეგანი შეხედულებით. ყველაფერში ნათლად იგრძნობოდა, რომ ამ ნაწარმის შექმნაში, განსაკუთრებით მათ გარეგან სახესა და შეფუთვაში, ლომის წილი მხატვარ - დიზაინერებს ეკუთვნოდათ. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი აპოლონ­მა და დაარწმუნა ხელმძღვანელობა, რომ საქართველოში წარმოებული საქონლის კონკურენტ­უნარიანობისთვის აუცილებელი იყო მათ შექმნაში სპეციალისტი მხატვარ - დიზაინერების ფართო მონაწილეობა. სწორედ ამიტომ აპოლონმა თავისი გეგმის დაუყოვნებლივი რეალიზაცია აკადემიაში დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობების ჩამოყალიბებით დაიწყო. ამ საქმეში მას თავიდანვე დიდ დახმარებას უწევდა მრავალმხრივი ინტერესების მქონე მხატვარი დავით (დოდიკა) ციციშვილი - როგორც მას აკადემიაში ეძახდნენ, „მოსიარულე ენციკლოპედია“. დავითის დახმარებით აპოლონმა შეარჩია ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფი, რომლებიც ახალი სპეციალობების დასაუფლებლად ხანგრძლივი მივლინებით გაიგზავნნენ ევროპის სხვდასხვა ქვეყნებში. ამავე დროს აღმოჩნდა, რომ ლენინგრადისა და მოსკოვის გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტები დამთავრებული ჰქონდა რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას. და ისინი აპოლონმა დაუყოვნებლივ მოიწვია აკადემიაში სამუშაოდ. ერთი სიტყვით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით დაიწყო აკადემიაში გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობების ჩამოყალიბების ფართე პროგრამის დაუყოვნებლივი განხორ­ციელება. აკადემიას გამოეყო დამატებითი საშტატო ერთეულები და პედაგოგიური შემადგენლობის შესავსებად ჩატარდა რამდენიმე კონკურსი. სწორედ ერთ-ერთ პირველ კონკურსში 1960 წლის იანვარში მეც მივიღე მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი თვითონ აპოლონის შემოთავაზებამ შეასრულა. ასევე აქტიურად მაქეზებდა აკადემიის საბჭოს მაშინდელი მდივანი შურა წერეთელი. ის ფიქრის გორაზე სამხატვრო სასწავლებლის მახლობლად ცხოვრობდა, ამიტომ ქუჩაში ხშირად მხვდებოდა და ყოველ შეხვედრაზე, როგორც წესი, აუცილებლად მარწმუნებდა რომ ჩემი აკადემიაში პედაგოგად გადასვლა სასარგებლო იქნებოდა როგორც ჩემთვის, ისე აკადემიისთვისაც. მეც ერთგვარი ჭოჭმანის შემდეგ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა კონკურსში. როგორც ეხლა ვხვდები, ეს გადაწყვეტილება არ იყო საკმაოდ მყარი, ამიტომ როდესაც გავიგე, რომ კონკურსი საკმაოდ დიდი იყო, და რაც მთავარია, მასში მონაწილეობდნენ ის ნიჭიერი ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც რექტორის ბრძანების თანახმად უკვე პედაგოგებად მუშაობდნენ, გადავწყვიტე საკონკურსოდ საბუთები აღარ შემეტანა. საბუთების წარდგენის ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე სალონში შემთხვევით ბატონ აპოლონს შევხვდი და მან დანახვისთანავე მკითხა, შევიტანე თუ არა საბუთები. მე ვუთხარი, რომ კონკურსის სირთულის გამო გადავიფიქრე. აპოლონი ძალიან გაბრაზდა და კატეგორიულად დამავალა დარჩენილ დროში ყველა საჭირო მასალა ჩამებარებინა აკადემიის კანცელარიაში. მეც უკვე მეტი აღარაფერი მრჩებოდა და თუნდაც მხოლოდ აპოლონის ხათრით უნდა მიმეღო მონაწილეობა კონკურში. ჩემდა გასაკვირად, მე კონკურსის შედეგების მიხედვით, დავიკავე ფერწერის კათედრის მასწავლებლის 0,5 საშტატო ერთეული. შემდეგი, 1961 წლიდან კი უკვე უფროსი მასწავლებლის მთლიან შტატზე გადავედი. ამასთან დაკავშირებით, ცხადია, მომიხდა სამხატვრო სასწავლებლის დატოვება. ეს საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან სასწავლებელში იმ პერიოდში საქმის ერთგული კარგი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. სასწავლებელმა არა მხოლოდ ჩემ ცხოვრებაში დატოვა დადებითი კვალი, არამედ ზოგადად სამხატვრო განათლების დონის ამაღლების საქმეში ფასდაუდებელი როლი შეასრულა. მე რომ სასწავლებელთან მთლიანად არ გამეწყვიტა ურთიერთობა, ვალია (ვალენტინ) შერპილოვმა დამითმო ფერწერის ტექნოლოგიის საათები და მე რამდენიმე წელი ვასწავლიდი კიდევაც ფერწერის განყოფილების II კურსის მოსწავლეებს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გადავწყვიტე სამხატვრო სასწავლებლის სტუდენტებისათვის ფერწერის ტექნიკისა და ტექნოლოგიის სახელმძღვანელო დამეწერა, რაც რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად შევასრულე კიდევაც.
როგორც უკვე აღვნიშნე, სამოციანი წლებიდან დაიწყო სამხატვრო აკადემიის მიზანდასახული გაფართოება და აღმასვლა. გრიბოედოვის ქუჩის №22 სახლში (ე. წ. არშაკუნისეული) იმ დროისათვის აკადემიასთან ერთად ბევრი კერძო მობინადრეც ცხოვრობდა. იმისთვის, რომ აკადემიის განვითარებას ხელი არ შეშლოდა, ქალაქის საბჭომ დაიწყო მათი აკადემიის შენობიდან გასახლება. ეს პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში როგორც №22-ში, ასევე №24-ში (ე. წ. ქობულაშვილისეული სახლი) მთელი ფართი აკადემიის განკარგულებაში იყო. ამავდროულად აპოლონმა დაიწყო №22 შენობის ირანელი ოსტატების მიერ მოხატული სარკეებიანი დარბაზების რესტავრაცია. ამისათვის მან სპეციალურად ჩამოიყვანა ჟორა ხალათოვი. გრძელი საგამოფენო დარბაზი ადრე გაკეთებული დაბალი ტიხრებისაგან გაანთავისუფლა და დაგეგმა რესტავრირებული დარბაზების ჩვენებასთან ერთად აქ აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების რეტროსპექ­ტიული გამოფენის მოწყობა. აპოლონმა ეს განზრახვა მალევე მოიყვანა სისრულეში, რის წყალობითაც აკადემიის მუზეუმი შეტანილი იქნა საქართველოში სტუმრად ჩამოსული უმაღლესი რანგის მოღვაწეების მიერ მოსანახულებელ ობიექტთა სიაში. დიდი დარბაზი ზედა განათებით მთლიანად ფერწერას დაეთმო, ხოლო რესტავრირებულ დარბაზებში გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები განლაგდა. მუზეუმის ექსპოზიცია მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა და ყველა მნახველის აღფრთოვანებას იწვევდა.
1960 წლიდან მოყოლებული, აკადემია ჩემ თვალწინ არნახული ტემპით იზრდებოდა და ვითარდებოდა. თანდათან ემატებოდა ახალი სპეციალობები და კათედრები, იზრდებოდა სტუდენტების რაოდენობაც. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვთქვი, მთელი შენობა აკადემიის განკარგულებაში გადავიდა, სასწავლო ფართის ნაკლებობა კვლავაც ხელს უშლიდა შემდგომ განვითარებას. განთავისუფლებული ფართი საჭიროებდა კაპიტალურად გარემონტებას, რათა გამოსადეგი ყოფილიყო სასწავლო პროცესისათვის. ამით აპოლონმა კარგად ისარგებლა თავისი მიზნების განსახორციელებლად და მთავრობის მიერ აკადემიის კაპიტალური რემონტისათვის გამოყოფილი არც თუ მცირე თანხით დაიწყო ახალი მაღლივი სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ცხადია, მთელი საპროექტო სამუშაოები უსასყიდლოდ აკადემიის არქიტექტურული გეგმარებისა და საინჟინრო კათედრებმა შეასრულეს. კორპუსის მშენებლობას ხელი მოკიდა რუსთავის ერთ-ერთმა სამშენებლო ტრესტმა, რომელსაც სათავეში ედგა შესანიშნავი პიროვნება, მოქანდაკე გია ჯაფარიძის მამა, ზურაბ ჯაფარიძე.
ახალი სპეციალობების დამატებამ და შესაბამისად, სტუდენტთა რაოდენობის ზრდამ თავისთავად დააყენა აკადემიის ხელმძღვანელობაში გარკვეული რეორგანიზაციის საკითხი. დაარსების დღიდან 1968 წლამდე აკადემიას დირექტორი და ერთი მოადგილე ედგნენ სათავეში. მთავრობამ დააკმაყოფილა აპოლონის თხოვნა და აკადემიას დამატებით სასწავლო დარგის პრორექტორის (ამიერიდან დირექტორი უკვე რექტორად იწოდებოდა, ისევე როგორც ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებელში) შტატი დაუმტკიცა.
იმდროისათვის ახალი სასწავლო კორპუსი უკვე მწყობრში იყო ჩამდგარი და ფერწერის კათედრას თავის აუდიტორებიანად მერვე სართული მთლიანად ჰქონდა დაკავებული. კათედრის მთელი შემადგენლობა პედაგოგ- სტუდენტებიანად ფრიად კმაყოფილი ვიყავით და მთელ სამუშაო დროს ახალ სასწავლო კორპუსში ვატარებდით. აკადემიის რექტორატი ძველ შენობაში დარჩა და ამდენად რაიმე ახალი ამბის ფერწერის კათედრამდე მოღწევას დიდი დრო სჭირდებოდა. ამ მდგომარეობას ისიც აძლიერებდა, რომ უამრავ საორგანიზაციო საქმეებში მთლიანად ჩართული აპოლონი კათედრაზე საკმაოდ იშვიათად ახერხებდა ამოსვლას. სწორედ ამით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ სასწავლო დარგის პრორექტორის შტატის დამატების ამბავმა ჩვენამდე დაგვიანებით მოაღწია და მაინცა და მაინც დიდი ინტერესი არ გამოუწვევია.
როგორც შემდგომში გავიგე, ფერწერის კათედრისგან განსხვავებით, რექტორატსა და მათთან დაახლოვებულ პირებს შორის ახალი პრორექტორის დანიშვნის პერსპექტივამ და შესაძლო კანდიდატურამ ფრიად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. როგორც ჩანს უჩა ჯაფარიძეს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც მირჩია უარი მეთქვა შემოთავაზებულ პრორექტორის თანამდებობაზე.
ჩემთვის სრულიად მოულოდნელად ეს ამბავი ასე დაიწყო: 1968 წლის მარტის დასაწყისის ერთ საღამოს, როდესაც ყველანი სახლში ვიყავით და დასაძინებლად ვემზადებოდით, ტელეფონმა დარეკა. ყურმილი მე ავიღე და აქედან დაიწყო მოულოდნელობების და უცნაურობების მთელი კასკადი. ყურმილიდან აპოლონ ქუთათელაძის ხმა გავიგონე, მისი ხმის არევა სხვაში შეუძლებელი იყო. იგი მოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა. მკითხა, ვიცოდი თუ არა, რომ აკადემიას დამატებით სასწავლო დარგის პრორექტორის შტატი გამოეყო. ამაზე მე გულახდილად ვუპასუხე, რომ ფერწერის კათედრაზე ყური მოვკარი ამის შესახებ საუბარს, მაგრამ ამის მეტი არაფერი გამიგია. ამაზე აპოლონმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთი დადებითი მომენტია ჩემ სასარგებლოდ, შემდეგ კი მოკლედ ამიხსნა შექმნილი მდგომარეობა. მან მითხრა, რომ შესაფერისი კანდიდატურის შერჩევის პროცედურა საკმაოდ გაიწელა დროში და საჭირო იყო ამ პრობლემის უახლოეს დღეებში გადაჭრა. მე ვუსმენდი აპოლონს და ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რა კავშირი ჰქონდა ყოველივე ამას პირადად ჩემთან. შემდეგ აპოლონმა მითხრა, რომ მასთან შეკრებილია მისთვის ახლობელი პატივსაცემი ადამიანების ჯგუფი და ისინი მასთან ერთად ცდილობენ მონახონ ვაკანსიისთვის შესაფერისი პიროვნება. არსებობდა რამდენიმე კანდიდატურა, მაგრამ სამწუხაროდ ვერცერთმა ვერ დაიმსახურა საერთო მოწონება. როდესაც ჩამოთვლილ კანდიდატთა შორის ჩემმა სახელმაც გაიჟღერა, როგორც აპოლონმა მითხრა, მან თავში ხელი შემოიკრა და გაკვირვება გამოთქვა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ მოვაგონდი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს თავმდაბლობას. აპოლონმა რამდენიმე არგუმენტი დამისახელა, რის გამოც ჩემი მხრიდან შემოთავაზებაზე დათანხმება მისაღები უნდა ყოფილიყო. პირველი მისი დაპირება იყო, რომ ყოველმხრივ ეცდებოდა დაეჩქარებინა მოსკოვში „ვაკ“-ში გაგზავნილი საბუთების საფუძველზე ჩემთვის დოცენტის წოდების დამტკიცება, რაც საშუალებას მომცემდა მიმეღო პრორექტორის სრული ხელფასი 700 მანეთის ოდენობით, ეს კი აპოლონის თქმით გამათავისუფლებდა ჩემი ხელფასის დამატებით „ხალტურის“ ძებნის აუცილებლობისაგან. მთავარი კი რა თქმა უნდა იყო ის, რომ მე საშუალება მომეცემოდა მთელი ჩემი ენერგია და ძალისხმევა აკადემიაში მუშაობაზე გადამეტანა. აპოლონმა კარგად იგრძნო, როგორი მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი შემოთავაზება და მითხრა, რომ პასუხის გაცემას არ მაჩქარებს და მეორე დილით მასთან მისვლა დამავალა, რათა ყველაფერი საბოლოოდ გადაგვეწყვიტა.
როდესაც საუბარი დავამთავრე, დავინახე რომ ჩვენები გაკვირვებული თვალებით მიყურებდნენ და ელოდებოდნენ ამეხსნა მათთვის, რა ხდებოდა. როდესაც განვმარტე, რომ აპოლონმა პრორექტორის ვაკანტური თანამდებობის დაკავება შემომთავაზა, მათი რეაქცია მძაფრი და ერთმნიშვნელოვანი იყო - მათი უდიდესი სიხარული ჩემი დაფასების გამო. დედამ სევდანარევი სიხარული ვერ დამალა, ცრემლებით აევსო თვალები და წუხილი გამოთქვა, რომ ამ ბედნიერ წუთებს გრიშა (მამაჩემი) ვერ მოესწრო. ჩემი მეუღლე, ლამარა, მიუხედავად მისთვის დამახასიათებელი თავშეკავებულობისა, თავის უდიდეს სიხარულს არ მალავდა. მე თვითონ კი უცნაურ გაურკვეველ სიტუაციაში ვიყავი - თან ჩვენებთან ერთად მიხაროდა მატერიალური და საზოგადოებრივი მდგომარეობის მომავალი გაუმჯობესება, მაგრამ თან გარკვეულწილად მაშინებდა შეჩვეული მდგომარეობის შეცვლის პერსპექტივა.
მალევე კიდევ ერთი ტელეფონის ზარი გაისმა - ამჟამად უკვე უჩა რეკავდა. მას აინტერესებდა უკვე მელაპარაკა აპოლონი თუ არა. როდესაც გაიგო, რომ საუბარი ცოტა ხნის წინ შედგა, დაინტერესდა ჩემი რეაქციით. მე გულახდილად ვუპასუხე, რომ მოულოდნელი წინადადებით ძალიან აღელვებული და დაბნეული ვიყავი. თან ვკითხე, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ყოველივე მომხდარის გამო. ცხადია, იმ დროს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ახლობელი ადამიანის აზრი, მით უფრო, რომ მას ამ მხრივ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნდა - ჩემზე უფრო ახალგაზრდა ასაკში აკადემიას ხელმძღვანელობდა. უჩას პასუხი ჩემთვის ერთგვარად მოულოდნელი იყო და კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი დაბნეულობა. მან მითხრა, რომ ის არ მირჩევდა შემოთავაზებაზე დათანხმებას, რადგან ამას შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეეხვედრებინა ჩემთვის და მაშინდელი მშვიდი და სტაბილური მდგომარეობა მთლიანად აერია. როდესაც ახლა ვაანალიზებ უჩას რჩევას, ვხვდები რომ მას არ უნდოდა მანამდე მშვიდ ცხოვრებას შეჩვეული სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, სადაც მისი აზრით წარმატების დიდი შანსი არ გამაჩნდა. დარწმუნებული ვარ უჩას პასუხი მის მეუღლესთან, მარგარიტასთან, თათბირის შედეგიც იყო. ამის შედეგად ისედაც დაბნეული სულ უფრო წინააღმდეგობრივ სიტუაციაში აღმოვჩნდი. სულ რაღაც ნახევარ საათში თავს რთულად გადასაწყვეტი პრობლემები დამატყდა, მაგრამ ამით ის საღამო არ დასრულებულა.
ცოტა ხანში საშინელ დაბნეულობაში მყოფს, მამაჩემის ტყუპისცალმა, ლადომ დამირეკა. ყურმილის აღებისთანავე გავიგონე ლადოს დაუფარავად აღფრთოვანებული ხმა, რომელიც გულითადად მილოცავდა უდიდეს წარმატებას. ის განუზომლად ბედნიერი იყო მომხდარით და უჩასგან განსხვავებით დარწმუნებული იყო ჩემ მომავალ წარმატებაში. ლადომ მითხრა, რომ უჩას ისიც ელაპარაკა, მაგრამ ვერაფრით ვერ იზიარებდა მის ზედმეტ სიფრთხილეს და ჩემი შესაძლებლობებისადმი უნდობლობას. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ლადომ მოიგონა 30 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც მან და მამამ ჩემი პირველი ნახატი ნატურიდან - კაცის შიშველი ტორსი - წაი­ღეს დავით კაკაბაძესთან საკონსულტაციოდ, ღირდა თუ არა ჩემთვის აკადემიაში სასწავლებლად წასვლა. მაშინ დავითმა ჩემი პირველი ნახატი დადებითად შეაფასა და ამით გზა დამილოცა შემდგომ მოღვაწეობაში. ლადოს რატომღაც მოაგონდა ეს ეპიზოდი და მითხრა - რას წარმოვიდგენდით მაშინ დავითი ან მე და გრიშა, რომ შენ მომავალში გექნებოდა ბედნიერება აკადემიაში ის თანამდებობა დაგეკავებინა, რომელსაც წლების განმავლობაში ღირსეულად უძღვებოდა დავით კაკაბაძეო. შემდეგ ლადომ გამიზიარა ის არგუმენტები, რომლის გამოც არავითარი მორალური უფლება არ მქონდა უარი მეთქვა აპოლონის შემოთავაზებაზე. მისი თქმით უამრავ ღირსეულ ადამიანს შორის აპოლონმა თავისი არჩევანი ჩემზე შეაჩერა, რაც თავისთავად უკვე ჩემთვის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს და ეხლა მისი მოლოდინის გაწბილება ჩემი მხრივ უმადურობა და უზრდელობაც კი იქნებოდა. თუ ღმერთი გაწყრა და გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ პრორექტორის თანამდებობა ჩემთვის მიუღებელია, უარი მაშინ უფრო გამართლებული იქნება, ვიდრე ეხლაო. ლადო ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მეც მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ის მხოლოდ იმაზე სწუხდა, რომ ამ ბედნიერ დღეს მამაჩემი ვერ მოესწრო.
ალბათ ადვილი მისახვედრია, ღამეს როგორ გავატარებდი. დილით წავედი აკადემიაში და აპოლონს მივასწარი მისვლა. როდესაც ცოტა ხანში ისიც მოვიდა, მითხრა, რომ ჩემთან ლაპარაკის შემდეგ იგი ტელეფონით დაუკავშირდა პარტიის კალინინის რაიონული კომიტეტის მდივანს და უთხრა, რომ როგორც იქნა გადაწყვიტა პრორექტორის თანამდებობაზე კანდიდატის ვინაობა. როდესაც სერგო რიგვავამ (მაშინდელი რაიკომის მდივანი) გაიგო, თუ ვის გულისხმობდა აპოლონი, უთხრა, რომ მე კარგად მიცნობდა ორჯონიკიძის რაიონული კომიტეტში მუშაობის დროიდან, როდესაც მე სამხატვრო სასწავლებელში ვმუშაობდი და რაღაც პერიოდში პარტორგანიზაციის მდივანიც კი ვიყავი. როგორც აპოლონმა მითხრა, რიგვავამ კმაყოფილება გამოთქვა ჩემ კანდიდატურასთან დაკავშირებით და დაპირდა აპოლონს რომ მეორე დღესვე საკითხს დადებითად გადაწყვეტდა რაიკომის ბიუროზე გატანის გარეშე. რაიკომში გასაუბრებას სამი ადამიანი ესწრებოდა - თვითონ სერგო რიგვავა, მეორე მდივანი (მაღალი სათვალეებიანი ქალი იყო, რომლის გვარიც აღარ მახსოვს) და აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგე ძნელაძე. დაახლოვებით ნახევარსაათიანი გასაუბრების შემდეგ გადაწყდა, რომ პარტიის რაიონული კომიტეტი რეკომენდაციას მიწევდა პრორექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
აკადემიაში დაბრუნებულმა შევიტყვე, რომ იქ უკვე გავრცელებული იყო ჩემი დანიშვნის ამბავი. დაიწყო გაუთავებელი მოლოცვები - ზოგი გულწრფელი, ზოგიც კი ცხადია „ზრდილობის გულობიზა“. იმავე დღეს აპოლონი შეუთანხმდა ოთარ თაქთაქიშვილს ჩვენი შეხვედრის შესახებ, რომელიც შედგა კიდევაც და მეორე დღეს უკვე დაიწერა ბრძანება ჩემი პრორექტორად დანიშვნის შესახებ. ასე დაიწყო ჩემ არც თუ ხანმოკლე ცხოვრებაში 15 წლიანი ყველაზე დაძაბული და შრომატევადი პერიოდი.
როგორც ჩემი დანიშვნიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გავიგე, კანდიდატურის მოძიებას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნდა. მას შემდეგ რაც აპოლონმა დაპირება მიიღო პრორექტორის საშტატო ერთეულის დამატების შესახებ, მან დაიწყო ფიქრი , თუ ვინ შეძლებდა მისი ჩანაფიქრის რეალიზებაში ქმედითი დახმარების გაწევას. დაიწყო ძიების პროცესი, მაგრამ ნათქვამია „მჯობნის მჯობნი არ დაილევაო“ და შესაძლო კანდიდატების შერჩევა საკმაოდ გაიწელა დროში. აპოლონს უკვე აჩქარებდნენ კანდიდატის დასამტკიცებლად წარდგენას. თითქოს შეირჩა კიდევაც ერთი ახალგაზრდა კაცი, მაგრამ მან სამწუხაროდ (ან იქნებ საბედნიეროდაც) სულსწრაფობა გამოიჩინა და ჯერ კიდევ ოფიციალურად დანიშვნამდე გამოავლინა, როგორც ჩანს, მის ბუნებაში არსებული ქედმაღლობა, რაც თვით აპოლონსაც და მის უახლოეს გარემოცვასაც არ მოეწონა და გადაწყდა ძიების ისევ გაგრძელება.
ერთ საღამოს, როდესაც აპოლონის უახლოესი პირები იყვნენ შეკრებილნი, რომელთა აზრსაც ის დიდ ანგარიშს უწევდა, ისევ დაიწყეს შესძლო კანდიდატების ძიება. სწორედ ამ საღამოს ერთ-ერთმა დამსწრემ ჩემი სახელი ახსენა. როგორც ერთერთმა დამსწრემ მითხრა, ჩემი სახელის გაგონებაზე აპოლონმა მისთვის ჩვეული მყისიერი რეაგირებით გამოაცხადა, რომ მისთვის უკვე ნათელი გახდა, ვინ გამოადგება თანამდგომად ჩანაფიქრის რეალიზაციის საქმეში. მან მხოლოდ სინანული გამოთქვა, რომ მანამდე არ მოაგონდა ჩემი თავი, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ ეს ჩემი თავმდაბლობის შესახებ მეტყველებდა ზოგიერთი ადრე დასახელე­ბულისაგან განსხვავებით. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაასახელა ჩემი კანდიდატურა, მე არც მაშინ და არც შემდეგ არ მომსვლია აზრად ამის გარკვევა. მიუხედავად ამისა, ჩემამდე მაინც მოაღწია ამბავმა, რომ ეს ჟორა ჯაშმა გააკეთა.
ჟორა ჯაშთან მე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მქონდა კარგი ურთიერთობა. როდესაც მე მესამე კურსზე უჩას სახელოსნოში ჩავირიცხე, იქ ასისტენტად ჟორა მუშაობდა. ამდენად მე მთელი სამი წლის განმავლობაში მასთან სისტემატური ახლო ურთიერთობა  მქონდა. იყო ბევრი ფაქტორი, რომლის გამოც ჟორა ჩემდამი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. მთავარი, ცხადია, ის იყო, რომ იგი უჩას ასისტენტი იყო, მე კი მისი ძმისშვილი. თან ის ჩემ ბიძაშვილთან, გივისთანაც, მეგობრობდა. გარდა ამისა, იმ დროს მას ცოლად ჰყავდა ნინა ფოფხაძე და ჟორა მასთან ცხოვრობდა სახლში. ნინას მამა ნიკოლოზ (კოლია) ფოფხაძე, ცნობილი ექიმი - ნევროპათოლოგი, რაჭველი იყო და ახალგაზრდობაში ონში ჩვენებთან ერთად ერთ საზოგადოებაში ტრიალებდა. 1967 წელს მე და ჟორა აგვირჩიეს სამხატვრო ფონდის სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარეც იმ დროს გულდა კალაძე იყო. სამხატვრო საბჭოს ამოცანას წარმოადგენდა ყველა იმ ნამუშევრის მხატვრული დონის დადგენა, რომლებიც სამხატვრო ფონდის დაკვეთით ან მისი კომბინატის მიერ სრულდებოდა. მის ფუნქციას აგრეთვე შეადგენდა მხატვრების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან დაკვეთილი ნაწარმის ხარისხის და ღირებულების დადგენა. ასევე სამხატვრო სალონში, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა, კულტურის სამინისტროს შენობის პირველ სართულზე, მხატვრების ან ხალხური შემოქმედების ოსტატების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნაწარმის შეფასება. სამხატვრო საბჭო ყოველ კვირაში ერთ დღეს იკრიბებოდა და როგორც წესი, მთელი დღის განმავლობაში უხდებოდა მუშაობა. ვფიქრობ საბჭოში ჩემმა წარმატებულმა მოღვაწეობამ მისცა ჟორას კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ მისი კანდიდატი ღირსეულად შეძლებდა პრორექტორის მოვალეობის შესრულებას. არ შეიძლება არ აღვნიშნო მისი შინაგანი ტაქტი და კეთილშობილება მიუხედავად ჩვენი შემდგომი ხშირი ახლო ურთიერთობისა, თუნდაც გარიყულას ბაზაზე ერთად გატარებული ზაფხულის ორთვიანი პრაქტიკისა, ჟორას არასდროს არ უხსენებია, თუნდაც გაკვრით, რომ სწორედ მან შესთავაზა აპოლონს ჩემი კანდიდატურა.
მე წარსულშიც ხშირად დავფიქრებულვარ იმის შესახებ, თუ რა ფაქტორმა გადააწყვეტინა აპოლონს მყისიერად შეეწყვიტა კანდიდატურების ხანგრძლივი ძებნა, მათი აწონ - დაწონა, ზოგჯერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაც კი. ეს კითხვა ეხლაც ამოუხსნელ ამოცანად რჩება ჩემთვის. რატომ გადაწყვიტა აპოლონმა რამდენიმე წუთში ჩემ კანდიდატურაზე შეჩერება? ვფიქრობ, მან გადაწყვიტა ინტუიციას მინდობოდა, ამიტომ დიდხანს აღარ უფიქრია, დაუყოვნებლივ დამირეკა და პრორექტორის თანამდებობა შემომთავაზა. აპოლონის ამ სწრაფი გადაწყვეტილების შესახებ ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ იქ დამსწრე პირებს. ასე იყო თუ ისე, აპოლონმა გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან სწრაფად (ორ დღეში) გააფორმა ოფიციალურად ჩემი პრორექტორად დანიშვნა.
ცხადია, ამ დროს აკადემიაში ბევრი ნაცნობი მყავდა, მაგრამ უმეტესობა, მით უფრო სტუდენტები, პირადად არ მიცნობდა, ამიტომ გავრცელდა ხმა, რომ პრორექტორად უჩა ჯაფარიძის ძმისშვილი დაინიშნა. თუ გავითვალისწინებთ, რომ უჩას იმ პერიოდში ქართული მხატვრობის საქმეებში ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა და ზოგიერთი მას ყოვლისშემძლედაც კი მიიჩნევდა, ცხადი იქნება, რომ დაინტერესებული საზოგადოების გადამწყვეტი უმრავლესობისათვის (მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გამოკლებით) ჩემი დანიშვნა მთლიანად უჩას გავლენას და მის მცდელობას მიეწერებოდა. ასევე ფიქრობდა ალბათ ჩემი ნათესავების და ახლობლების დიდი უმეტესობა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა, რომელთაგანაც დღეს აღარავინ არ არის ცოცხალი, იცოდა, რომ უჩას არა თუ არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, არამედ როგორც უკვე ვთქვი, მირჩია უარი მეთქვა აპოლონის მიერ შემოთავაზებულ თანამდებობაზე.
როდესაც ეხლა ვფიქრობ (რის საშუალებაც ჩემ მდგომარეობაში უამრავი მაქვს) და ვცდილობ გავაანალიზო უჩას რჩევის მოტივები, პირველ რიგში გამოვდივარ იქიდან, რომ მას ცხადია მხოლოდ კარგი უნდოდა ჩემთვის. როგორც უჩამ თვითონ მითხრა, ის თვლიდა, რომ მე სრულიად გამოუცდელი ვიყავი ადმინისტრაციულ საქმიანობაში და ამდენად გამიჭირდებოდა გარკვევა იმ ფარულ თუ გამჟღავნებულ დაპირისპირებებში, რომელიც ცალკეულ დაჯგუფებებს შორის არსებობდა აკადემიაში, ისევე როგორც ალბათ ყველა დაწესებულებაში. უჩა თვლიდა, რომ მე მქონდა ჩემთვის ნაცნობი და წყნარი სამუშაო და ამდენად აზრი არ ჰქონდა შეჩვეული საქმიანობის მიტოვებას და სრულიად უცნობ ახალ გარემოში გადასვლას, სადაც ჩემი წარმატების იმედი, როგორც ჩანს, მას ნაკლებად ჰქონდა. ის ალბათ ფიქრობდა, რომ შესაძლებელი წარუმატებლობა ახალ ამპლუაში მხოლოდდამხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანი აღმოჩნდებოდა ჩემი მომავლისათვის. ერთი სიტყვით, უჩას რატომღაც დიდი იმედი არ ჰქონდა ჩემი შესაძლებლობების და არ უნდოდა ფიასკო განმეცადა ახალ საქმიანობაში.
როგორც ვთქვი, მოვლენები ისეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა, რომ მე მოულოდნელობისაგან ისედაც დაბნეულს, მიჭირდა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე უფრო დამაჯერებლად ლადოს არგუმენტი მეჩვენებოდა, რომ შემოთავაზებაზე უარის თქმა ჩემი მხრივ აპოლონისადმი უმადურობა და უპატივისმცემლობა იქნებოდა. მაგრამ ყველა ფიქრები და არგუმენტები დავიწყებას მიეცა, როდესაც დილით აპოლონმა შეხვედრისთანავე ჩემი პასუხით დაინტერესების მაგივრად მახარა, რომ წინა ღამით იგი რაიკომის მდივანს სახლში დაუკავშირდა და შეატყობინა თავის გადაწყვეტილება პრორექტორის კანდიდატურის შესახებ. აპოლონი კმაყოფილი ჩანდა იმით, რომ როდესაც სერგო რიგვავამ გაიგო ვისი კანდიდატურის წარდგენას აპირებდა აკადემია, კმაყოფილება არ დაფარა. როგორც მას აპოლონისთვის უთქვამს, ის მე კარგად მიცნობდა სამხატვრო სასწავლე­ბელში მუშაობის დროიდან და ჩემს მიმართ მხოლოდ დადებითი აზრი გააჩნდა. ამდენად ჩემი დამტკიცების საქმეში მისი მხრიდან მხოლოდ სრული მხარდაჭერა იყო მოსალოდნელი. რაიკომის ბიუროზე საკითხის განხილვის გარეშე, გასაუბრების შემდეგ, პარტიის რაიონულმა კომიტეტმა აპოლონს ოფიციალურად დაუდასტურა თანხმობა ჩემ დანიშვნაზე. ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად მოხდა და მეც დიდი ფიქრის გარეშე გადავეშვი უცნობ მორევში, რომელშიც საბედნიეროდ მთელი 15 წელიწადი წარმატებულად ვიცურავე. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ფაქტი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე არ მქონია არავითარი შენიშვნა არც ზემდგომი შემმოწმებელი ორგანიზაციების და არც აკადემიის ხელმძღვანელობის ან კოლექტივის რომელიმე წევრის მხრიდან. ამდენად ჩემი საქმიანობა შეიძლებოდა კიდევ უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო, რომ არა ორი გურულის (ვგულისხმობ ნოდარ ჯანბერიძეს და გოგი თოთიბაძეს) ურთიერთ კინკლაობა. მიუხედავად ჯანბერიძის მცდელობისა, მე უარი ვთქვი ამ დაპირისპირებაში ჩართვაზე და ვარჩიე ისევ პედაგოგიურ მოღვაწეობას დავბრუნებოდი. პრორექტორად დანიშვნის დროს ერთადერთი ჩემი თხოვნა იყო დაერთოთ უფლება მქონოდა კანონით ნებადართული  მცირე ოდენობის საათები საათობრივი ანაზღაურებით. პრორექტორის თანამდებობაზე უარის თქმის სანაცვლოდ კულტურის მინისტრის მოადგილეს გოგი ჟორჟოლიანს, რომელიც იმ დროს ოთარ თაქთაქიშვილს ცვლიდა, ვთხოვე აკადემიისათვის დამატებით გამოეყო პროფესორის ერთი საშტატო ერთეული, რაც რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ იქნა დაკმაყოფილებული. ყოველგვარ თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზი ისიც იყო, რომ მე სრულიად ვიზიარებდი გოგი თოთიბაძის პოზიციას აკადემიის შემდგომი მუშაობის პრინციპების შესახებ. ეს პრინციპები გულისხმობდა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციული სასწავლო პროცესის შემდგომ განვითარებას, რასაც თავისთავად ხელი უნდა შეეწყო აკადემიის სტუდენტების პროფესიული დაოსტატებისათვის. ზოგიერთი „ახლებურად მოაზროვნე“ პიროვნება, რომლებსაც ნოდარ ჯანბერიძეც უჭერდა მხარს, თვლიდა რომ აკადემიაში აუცილებელია რადიკალური ცვლილებების გატარება მისი გათანამედროვეობისათვის. როდესაც ეხლა ვაანალიზებ მოვლენების იმდროინდელ განვითარებას ვთვლი, რომ ჩემი გადადგომა დროული იყო, რადგან დაღმასვლის პროცესი აკადემიაში უკვე დაწყებული იყო და ჩემი თანამდებობაზე დარჩენა ფაქტიურად ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიდა. ეს დაღმასვლა უკვე ინერციით გაგრძელდა როგორც ზურაბ ნიჟარაძის რექტორობის პერიოდში, ასევე თენგიზ ფერაძის დროსაც. მართალია სოსო ქოიავა რექტორად არჩევის შემდეგ შეეცადა რღვევის პროცესების შეჩერებას, მაგრამ მთლიანად ქვეყანაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.
ეგრეთწოდებულმა რეფორმამ განათლების სისტემაში საბოლოოდ გაანადგურა და დაასამარა მრავალი წლის განმავლობაში წვალებით და დიდი შრომის ფასად მიღწეული წარმატებები. სამწუხაროდ გია ბუღაძეს არ ეყო არც გამბედაობა და არც ვაჟკაცობა, წინააღმდეგობა გაეწია განათლების სამინისტროს მიერ აკადემიისათვის თავსმოხვეული უაზრო ცვლილებებისათვის, ისე როგორც ეს კონსერვატორიის რექტორმა მოახერხა.
შედეგად „კორუფციასთან ბრძოლის“ საბაბით ერთი ხელის მოსმით ერთბაშად განადგურდა წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბებული მისაღები გამოცდების დონე სპეციალურ საგნებში, რაც თავისთავად განაპირობებდა იმ მაღალი მოთხოვნების დონეს, რაც აუცილებელია უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლისათვის. აკადემიაში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მისაღები გამოცდების პრაქტიკა „კორუფციის წყაროდ“ შერაცხეს და მიიღეს სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტები მისაღებ საკონკურსო გამოცდებზე აბარებენ მხოლოდ ერთ მოცემულობას, რომელიც საერთოა ყველა სპეციალობისათვის, მაგალითად სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფანქრით შესრულებულ ელემენტარულ ნატურმორტს.
ადრე სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე 6 და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალო­ბებზე 5 მოცემულობა ცალ-ცალკე ფასდებოდა და ჩასარიცხავ შეფასებათა საერთო ჯამში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ამგვარად სპეციალური საგნების შეფასების წვლილი ბევრად დიდი იყო, ვიდრე ზოგადსაგანმანათლებლო საგნებისა. გარდა ამისა მოცემულობის სირთულე იძლეოდა საშუალებას დადგენილიყო აბიტურიენტის მზადყოფნა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. რეფორმის შედეგად კი ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, რადგან სპეციალობის მხოლოდ ერთი შეფასებაღა დარჩა.  საგამოცდო კომისიები აღმოჩნდნენ დილემის წინაშე, ფანქრით შესრულებული ერთი ნატურ­მორტის მიხედვით მიეღოთ გადაწყვეტილება ამა თუ იმ აბიტურიენტის აკადემიის მოთხოვნებისადმი შესაფერისობის შესახებ. ამგვარად, შეიქმნა აბსურდული სიტუაცია, როდესაც ფერწერის პირველ კურსზე ჩარიცხულთა შორის იყო რამდენიმე სტუდენტი, რომელთაც არამცთუ ზეთის საღებავებით, არამედ აკვარელითაც კი არ ჰქონდათ გაკეთებული არაფერი. როდესაც საგამოცდო ნახატები ვნახე, გაოგნებული დავრჩი იმით, რომ ამდენ ნახატში სულ რამდენიმე იყო, რომელიც გამოირჩეოდა საერთო მასიდან. დანარჩენი უმეტესი ნაწილი ერთი კაცის მიერ დახატულს გავდა და დარწმუნებული ვარ თვით ავტორებსაც კი გაუჭირდებოდათ საკუთარი ნამუშევრის ამოცნობა. ცხადი იყო, რომ არსებობდა მონოპოლისტი რეპეტიტორი, რომელიც არც თუ მცირე გასამრჯელოს ფასად აბიტურიენტების უმრავლესობას მთელი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, გეშავდა ნახატის ზედაპირულ, ეფექტურ შესრულებაში. ესეც ყბადაღებული „კორუფციასთან ბრძოლა“ და აბიტურიენტის მიერ ბუნებრივი მონაცემების გამომჟღავნების საშუალება.
მისაღები გამოცდების ამგვარმა სრულიად ახლებურად ჩატარებამ მთლიანად დაანგრია აკადემიის აწყობილი სისტემა, რაც გულისხმობდა უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნები­სადმი მისაღები კონტინგენტის მომზადების შესაბამისობას. სამხატვრო განათლების დაწყებითი და საშუალო რგოლების მწყობრი სისტემა (სამხატვრო სკოლები რეგიონებში, სამხატვრო სასწავლებლები, აკადემიასთან არსებული მოსამზადებელი კურსები) საშუალებას იძლეოდა, რომ სამხატვრო აკადემიაში მისაღები გამოცდების დონე სპეციალურ საგნებში ყოფილიყო საკმაოდ მაღალი და აკადემიაში კონკურსის შედეგად შერჩეული კონტიგენტი სავსებით მომზადებული იყო საკავშირო პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნების მაღალ დონეზე შესასრულებლად. ამ საკითხებს ისტორია (ყოველ შემთხვევაში აკადემიის ისტორია) თავის დროზე მისცემს შეფასებას, მე კი სჯობს ჩემი პირადი საქმეები მოვიგონო.
როგორც უკვე ვთქვი, უჩამ მირჩია აპოლონის შემოთავაზებაზე უარი მეთქვა, რის მოტივადაც ჩემი იმჟამინდელი წყნარი, გარანტირებული პედაგოგიური საქმიანობა სახელდებოდა, რაც მისი აზრით უფრო შეეფერებოდა ჩემს ბუნებას, ვიდრე ჩემთვის უცნობი და მართლაც რთული ადმინისტრაციული სამუშაო. მე იმ დროს ვფიქრობდი და შემდეგში თვით უჩას სიტყვებმაც დამარწმუნა ჩემი ეჭვის სისწორეში, რომ უჩას ხმამაღლა ნათქვამის გარდა გულში საკმაოდ დიდი ეჭვი ჰქონდა, რომ საერთოდ ვერ შევძლებდი სასწავლო დარგის პრორექტორის მართლაც ძალიან რთული მოვალეობის შესრულებას და უბრალოდ შევრცხვებოდი. ჩემი პრორექტორად მუშაობის გარკვეული დროის შემდეგ მან აღიარა, როგორც პირადად ჩემთან, ისე  მთელი ფერწერის კათედრის თანდასწრებითაც, რომ „აპოლონის არჩევანმა გაამართლა.“ ეს სიტყვები ნათლად ადასტურებდა, რომ მას თვის დროზე ეგონა, რომ აპოლონის არჩევანი მხოლოდ მისი ჩემდამი სიმპათიით იყო განპირობებული და ვერ გაამართლებდა მოლოდინს. უჩამ ეს აღიარება ჯერ კიდევ აპოლონის სიცოცხლეშივე გააკეთა და შემდგომშიც არაერთხელ გაიმეორა. მახსოვს უჩა განსაკუთრებით კმაყოფილი იყო კორნელი სანაძის მიერ ნათქვამი სიტყვებით - „სამხატვრო აკადემიას დავით კაკაბაძის შემდეგ სასწავლო დარგის ოთარისნა­ირი ხელმძღვანელი არ ჰყოლიაო“. ეს სიტყვები მან უჩას უთხრა ერთ-ერთი ჩემი საანგარიშო მოხსენების შემდეგ პარტორგანიზაციის ღია კრებაზე, სადაც ის უჩას გვერდით იჯდა. კორნელის მხრივ ასეთი აღიარება მით უფრო დასაფასებელი იყო, რომ იგი ამ დროს ჩემზე პირადად ნაწყენი იყო, რასაც ხმამაღლა აღიარებდა კიდევაც. ეს წყენა კი იმით იყო გამოწვეული, რომ მე თანხმობა განვაცხადე წერეთლების მრავალშვილიანი ოჯახის მიერ სოსო ზაალიშვილის ყოფილი ბინის დაკავებაზე. როგორც შემდეგ გაირკვა, კორნელის ეს ბინა თავისი დისთვის უნდოდა, რის შესახებაც ჩვენთვის არაფერი უთქვამს.
რაკი სიტყვამ მოიტანა, მინდა გავიხსენო აკადემიაში არსებული ერთი ტრადიცია. ყოველი სასწავლო სემესტრის დამთავრების შემდეგ ღია პარტიულ კრებაზე გამოვდიოდი საანგარიშო მოხსენებით. ამის ინიციატივა იმდროინდელი პარტიული კომიტეტის მდივანს, ჟორა ცეცხლაძეს, ეკუთვნოდა. 20-25 გვერდიან წერილობით მოხსენებაში განიხილებოდა დასრულე­ბული სასწავლო სემესტრის განმავლობაში მომხდარი მოვლენები და არსებული პრობლემები. მოხსენებაში იხილებოდა სასწავლო პროცესში წარმოქმნილი ყველა დადებითი თუ უარყოფითი მოვლენა, მათი მიზეზები და უარყოფითი მოვლენების აღმოფხვრის შესაძლო გზები. კრებებმა პოპულარობა მოიპოვა და მალე ხალხმრავალი გახდა. აკადემიის ყველა თანამშრომელს თუ სტუდენტს საშუალება ჰქონდა არა მხოლოდ მიეღო მისთვის საინტერესო ინფორმაცია, არამედ დაესვა შეკითხვა და მიეღო ამომწურავი პასუხი. ამ მოხსენებებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება სამომავლოდაც, რადგან მომავალი დაინტერესებული მკვლევარებისათვის შეიცავს დაწვრილებით ანგარიშებს და დეტალურ ცნობებს 1969 – 1983 წლების განმავლობაში აკადემიის სასწავლო პროცესში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
აპოლონის არჩევანმა რომ გაამართლა, ამას თუნდაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ჩემი მოღვაწეობა პრორექტორის თანამდებობაზე გაგრძელდა ზუსტად 15 წელი და ამ ხნის განმავლობაში არ მქონია არავითარი გართულება არც აკადემიის შიგნით და არც ზემდგომ დაწესებულებებში. რამდენადაც ვიცი ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ თანამდებო­ბაზე არავის უმუშავია, ყოველ შემთხვევაში 1939 წლის შემდეგ, როდესაც მე აკადემიაში მივედი. იმ დროს აკადემიის დირექტორის თანამდებობა ეკავა სილოვან კაკაბაძეს, მისი მოადგილე კი დავით კაკაბაძე იყო. იმ დროს მოადგილის თანამდებობა ცალკე სასწავლო დარგში არ არსებობდა. ეს თანამდებობა აკადემიაში პირველად გაჩნდა მაშინ, როდესაც მე დავინიშნე სასწავლო დარგის პრორექტორად. აკადემიაში ჩემი ყოფნის პერიოდში (1939 – 2006 წ.) ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არც ერთი მოადგილე ან პრორექტორი არ ყოფილა. პრორექტორად დანიშვნის შემდეგ საკმაოდ სწრაფად დავანახე ყველას, რომ შემწევდა უნარი კრიტიკულ სიტუაციაში მიმეღო სწორი, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება. როდესაც ახალ თანამდებობაზე „აკლიმატიზაციის“ შემდეგ რამდენიმე კრიტიკულ ეპიზოდში შევძელი სათანადო სწორი გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება, ვფიქრობ აპოლონიც დარწმუნდა თავისი არჩევანის სისწორეში. მან პირადად ჩემთანაც და აკადემიის საბჭოს სხდომაზეც განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის წარმართვაში არ აპირებდა ჩარევას და როგორც მას უყვარდა თქმა, ამ საკითხში სრულ „კარტ ბლანშს“ მაძლევდა. ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე აპოლონის გარდაცვალებამდე მომიხდა მის გვერდით მუშაობა, ვერ ვიგონებ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც მას ჩემი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმართ რაიმე, თუნდაც მცირედი უკმაყოფილება გამოეხატოს. ეს წლები იყო ჩემთვის უდიდესი სკოლა და გამოცდილების მიღების შესანიშნავი საშუალება.
აპოლონის გარდაცვალების შემდეგ გოგი თოთიბაძესთან პირველივე საქმიანი შეხვედრის დროს  მან თავისი კმაყოფილება გამოთქვა ჩემი წარსული მუშაობით და აღმითქვა, რომ ისიც აპოლონის მსგავსად არ აპირებდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში აქტიურ ჩარევას და ამ მხრივ სრულ დამოუკიდებლობას მპირდებოდა.
რაც შეეხება ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს, მე, შიძლება ითქვას არაპროპორციულად ძლიერ ვიყავი დატვირთული. ჩემი მუშაობის დაწყებისთანავე რექტორატის პირველივე სხდომაზე მოხდა ფუნქციების განაწილება ჩემსა და ანატოლი მკურნალს შორის. რამდენადაც სასწავლო პროცესის გარდა ფაქტიურად თითქმის აღარაფერი საქმე აღარ რჩებოდა, ამიტომ აპოლონმა გადაწყვიტა ანატოლისათვის ზოგად ადმინისტრაციულ მოვალეობებთან ერთად სადიპლომო ნამუშევრების დაცვის ორგანიზებაც დაევალებინა. ეს ნაწილობრივ მაინც შემიმსუბუქებდა ზაფხულის დასაწყისში ჩემ თავზე ერთდროულად დაყრილი საქმეების გაძღოლას. მაისიდან იწყებოდა ჩემი გაწამაწია: მეორე სემესტრის და საერთოდ სასწავლო წლის დამთავრება, ზაფხულის პრაქტიკების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება, მომავალი სასწავლო წლისათვის კათედრების დატვირთვის დაგეგმვა და რაც მთავარი თავსატეხი იყო ყოველმხრივ, ივლისის თვეში მისაღები გამოცდების ორგანიზება და ჩატარება. რამდენადაც სადიპლომო ნამუშევრების დაცვა მთელი სასწავლო პროცესის დაგვირგვინებას წარმოადგენდა, ვერც დიპლომების დაცვის პროცესიდან მთლიანი განთავისუფლება ხერხდებოდა. ყოველივე ზემოთთქმულის გამო 15 წლის განმავლობაში პერიოდი მაისიდან ივლისის ჩათვლით ჩემთვის წლის განმავლობაში ყველაზე კოშმარული იყო. მიუხედავად ამისა, როგორც ეხლა ვიგონებ, არასოდეს არ მომსვლია თავში უარი მეთქვა ამ უმძიმეს სამუშაოზე. როგორც ჩანს იმის შეგრძნება, რომ რაღაც სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი, მაიძულებდა მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი რესურსები აკადემიის შემდგომი განვითარებისა და აღმასვლისათვის.
პრორექტორის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მტკიცედ გადავწყვიტე ჩემ შემდგომ მუშაობაში უარი მეთქვა ყოველგვარ ბიუროკრატიულ ბარიერებზე და კოლექტივისგან რაიმე დისტანცირების დადგენაზე. უარი ვთქვი მიღების საათების დაწესებაზე. ჩემი სამუშაო ოთახის კარი ყოველთვის ღია იყო შემოსვლის ყველა მსურველისათვის. მე არც იმას ვთაკილობდი, რომ თვითონ მივსულიყავი რომელიმე კათედრაზე ან დეკანატში, თუ ეს საქმისათვის იყო საჭირო.
ჩემი მუშაობის ასეთმა სტილმა საბედნიეროდ აკადემიაში გაგება და უმეტეს შემთხვევაში მოწონებაც დაიმსახურა. როგორც ძველი მეგობრები, ისე ახლად გაცნობილები, ჩემთან საუბარის დროს კმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მე ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ არ შევიცვალე და ძველებურად კეთილგანწყობილი დავრჩი მათდამი. მაშინ ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარი იყო ჩემი მუშაობის ასეთი შეფასება, თუმცა მრავალი წლის გავლის შემდეგ ეს ყველაფერი უფრო გასაგები გახდა ჩემთვის. შემდგომი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ისეთი ადამიანებიც შემხვედრია, რომლებიც თავისი არც თუ დიდად მნიშვნელოვანი თანამდებობის გამო ლამის გასკდომამდე იბერებოდნენ.
ახლა, როდესაც ბევრი დრო მაქვს გავაანალიზო წარსული, ბევრ მიზეზს ვიგონებ, რატომ შევრჩი პრორექტორის თანამდებობაზე ასე ხანგრძლივად. უნდა ავღნიშნო, რომ 15 წლის განმავლობაში არასდროს დამბადებია სურვილი დამენებებინა თავი პრორექტორობისათვის, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად გაუსაძლისად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი ხოლმე, განსაკუთრებით მისაღები გამოცდების პერიოდში. ისევ პედაგოგიურ მოღვაწეობაზე გადასვლა ხომ ფაქტიურად არავითარ მატერიალურ ცვლილებას არ გამოიწვევდა და სამაგიეროდ მომცემდა საშუალებას ბევრად უფრო თავისუფლად მეცხოვრა და მეტი მემუშავა ფერწერაში. როგორც ჩანს აქ მიზეზების მთელი კომპლექსი იყო. ერთ-ერთი ალბათ ჩემი სურვილი იყო დამემტკიცებინა როგორც ჩემი თვისათვის, ასევე სკეპტიკოსებისათვის, რომ აპოლონი არ შემცდარა თავის არჩევანში და მე შემწევდა უნარი ღირსეულად გამეგრძელებინა ჩემი მოღვაწეობა. მაშინ მე წასვლას ჩემ დამარცხებად აღვიქვამდი, რაც ცხადია, არასდროს და არავისთვის არ არის სასურველი. ეს გრძნობა, როგორც ჩანს, მხოლოდ ქვეცნობიერად არსებობდა. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიგონებ ვერც ერთ მომენტს, რომ მე ამის შესახებ მეფიქრა.
თბილისის სამხატვრო აკადემიამ დაარსების დღიდან (1922 წლის მაისი) თავისი არსებობის მანძილზე მძიმე და პერიპეტიებით აღსავსე გზა გაიარა. ახლად დაფუძნებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისათვის პირველი წლების ბუნებრივ სირთულეებს ემატებოდა მთლიანად სახელმწიფოში არსებული წინააღმდეგობები და სირთულეები, რაც გამოიხატებოდა ზოგადად განათლების სისტემაში ერთიანი სახელმწიფოებრივი სტრატეგიის არარსებობაში. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა აკადემიის და უნივერსიტეტის ერთ პედაგოგიურ ინსტიტუტში გაერთიანება. საბედნიეროდ ეს უაზრო ქმედებები როგორც იქნა დამთავრდა და 1930-იანი წლებიდან აკადემიამაც დაიბრუნა დამოუკიდებლობა და დაიწყო არეული სიტუაციის თანდათანობით დალაგების პროცესი.
1939 წლიდან აკადემიის ცხოვრების ყველა ასპექტი და მისი თანდათანობითი განვითარება ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა. როდესაც მე აკადემიაში მივედი, სწავლის ხარისხი და განსკუთრებით სტუდენტების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრების პროფესიონალური დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა წლების შემდგომ მიღწეულ დონეს. ასევე თვალში საცემი იყო მისაღები გამოცდების მოცულობა და პროფესიონალური ხარისხი. სპეციალურ საგნებში მხოლოდ ორ მოცემულობას ვაკეთებდით - ფერწერაში ნატურმორტს, ხატვაში კი შიშველ ფიგურას. სამაგიეროდ ვაბარებდით თეორიულ გამოცდებს ყველა საგნებში, რასაც საშუალო სკოლაში ვსწავლობდით. ჩარიცხვა ხდებოდა ყველა გამოცდის ნიშნების ჯამით. მნიშვნელოვანი განსხვავება იყო იმ სადიპლომო ნამუშევრებს, რომლებიც დამხვდა აკადემიაში მისვლის დროს, და იმ ფერწერულ ტილოებს შორის, რომლებიც აკადემიის აღზევების პერიოდში სრულდებოდა. ცხადია, აკადემიის წინსვლის საქმეში გარკვეული დამამუხრუჭებელი გავლენა იქონია ომის წლებმა, როდესაც ძალიან ბევრი ნიჭიერი სტუდენტი იძულებული გახდა დაეტოვებინა აკადემია. მიუხედავად ამისა ომის ბოლო წლებშივე მოხდა გარკვეული პროგრესი, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც აკადემია გადავიდა მესამე კურსიდან სახელოსნოებში სწავლის სიტემაზე. ამის შემდეგ სახვითი ხელოვნების დარგში დაიწყო თანდათანობითი წინსვლა და აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრები ნელ-ნელა მიუახლოვდა კლასიკური რეალისტური ხელოვნების საუკეთესო მიღწევების დონეს.
ზოგადად, აკადემიის 90 წლიანი არსებობა შეიძლება პირობითად დაიყოს სამ 30 წლიან მონაკვეთად.
1922-1952 წლების განმავლობაში აკადემიამ გაიარა ყველა ახალშობილისათვის დამახასიათებელი წლები, როდესაც იგი ცდილობდა თვითდამკვიდრებას, ადგამდა პირველ ნაბიჯებს და გამომდინარე ქვეყნის საერთო წინააღმდეგობრივი მდგომარეობიდან, ცდილობდა ზოგადად აღმასვლის გზით თანდათანობით განვითარებას.
მეორე პირობითი პერიოდის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ აკადემიამ თავისი განვითარების ზენიტს მიაღწია. ამ დროს მოხდა მისი მაქსიმალური მიახლოება აპოლონის მიერ ჩაფიქრებული უმაღლესი სასწავლებლის ფუნქციონირების მოდელთან. აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები ინერგებოდა წარმოებაში და ხშირ შემთხვევებში იმსახურებდა ჯილდოებს როგორც საკავშირო, ისე საერთაშორისო გამოფენებზე. არქიტექტურის ფაკულტეტის დიპლომები ასევე ხშირად იმსახურებდა მსოფლიო გამოფენების დიპლომებს.
ამ დროს აკადემიამ განვლილ ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლო არნახული განვითარების მიღწევა როგორც რაოდენობრივად, ისე მაღალი შემოქმედებითი და პროფესიონალური დონის მხრივ.
მესამე პერიოდის განმავლობაში (1982 წლიდან დღემდე) აკადემია ინერციით კიდევ ახერხებდა თავისი სახის შენარჩუნებას, მაგრამ თანდათანობით მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო თვით სახელმწიფოს მდგომარეობიდან გამომდინარე. ე. წ. „რეფორმამ“ კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გადაჩეხა ისეთ უფსკრულში, საიდანაც სამწუხაროდ ალბათ უკვე შეუძლებელი იქნება ამოსვლა.