17.11.12

ლადო ჯაფარიძე - გენერალ მალცევის წერილის გამო

   ბევრი ემდურის ისტორიას ზოგიერთი “გამოკვლევებისა” და წერილების გამო, რომელსაც ვკითხულობთ დღეს იმ მოვლენებზე და ამბებზე, ჩევნ თვალწინ რომ ხდებოდა ოდესღაც და მათი “ასავალ-დასავალი”, ანუ “ავანჩავანი” ზედმიწევნით კარგად ვიცით თვითონვე. ავიღოთ, თუ გნებავთ, ჩვენი ახლო წარსული და გადავხედოთ ისტორიას სტალინის დროს და სტალინის შემდეგ. ეს უდიდესი ტიტანი სტალინი, რომელზედაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, ურომლისოდაც ჩვენს ქვეყანაში “წყალიც არ დაიქცეოდა”, რომელიც ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას და ქვეყნიერებას, როგორც ამბობენ, მისი პიროვნული წყალობით იქნა მოგებული უდიდესი ომი, რომელიც ოდესმე უწარმოებია ადამიანის მოდგმას (მისი მეთაურობით და ხელმძღვანელობით იქნა დამარცხებული უდიდესი ლაშქარი უდიდესი მხედარმთავრებისა), დღეს ეს პიროვნება აღარაფერს წარმოადგენს, მასზე აღარც არავინ ლაპარაკობს ავის მეტს იმიტომ, რომ ერთმა გიჟმა, რომელიც შემთხვევით მოექცა სათავეში ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებას მის შემდეგ და განაწყენებული იყო მასზე, “ბრძანა” მისი შეგინება და მისი ერთხელ და სამუდამოდ დავიწყება, ე.ი. მისი სახელის ამოგდება ისტორიიდან. გამოდის, რომ ისტორია, რაც იყო მანამდე (სტალინამდე) ერთია, ხოლო რაც არის მის შემდეგ - სხვა. ეს რაღა ისტორიაა? წერო ისე კი არა, როგორც იყო მოვლენები, არამედ ისე, როგორც შენ გინდა რომ ყოფილიყო. ვერმიშევმა რომ ისტორიული რომანი დაწერა თამარ მეფის ეპოქაზე და ჩვენ არ მოგვწონს, ვაბრალებთ ისტორიული ფაქტების დამახინჯებას, თურმე უსაფუძვლოდ ვაბრალებთ, რადგან სომეხთა ისტორიაში ის მოვლენები იმნაირად ყოფილა გაშუქებული, როგორც მან დაწერა. ჩვენს ისტორიაში ასე წერიაო, იმართლებდა თავს. და მართალიცაა. 
     ჰოდა, რაღა მეცნიერებაა ის, რომელიც დღეს ერთია, ხვალ მეორე, ანდა ჩემთან ერთია, შენთან - მეორე. ასე რომ იყოს მათემატიკა, რაღა ეშველებოდა კაცობრიობას?!. უნდა ვიფიქროთ, რომ ისტორია არ ყოფილა მეცნიერება და ტყულად თვლიან ამად. რამდენი რამ შეიძლება ითქვას ამ საკითხზე, რაც ჩემ დებულებას დაადასტურებდა იტორიის შესახებ.
     ეს უფრო იმიტომ ვთქვი, რომ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების 50 წლისთავის გამო ჩვენს გაზეთებში იმდენი მასალა დაიბეჭდა (რასაც შემდეგში ისტორიკოსი გამოიყენებს), რომ ჩვენი ამ 50 წლის ცხოვრება, და უფრო კი მანამდელი, გამოჩნდება დამახინჯებულად, ყოველ შემთხვევაში - არასწორად. ბევრი რამ წავიკითხე ჩვენს წარსულზე ამ დღეებში ისეთი, რაც ბავშვურ მონაყოლს უფრო ჰგავს, ვიდრე მეცნიერის ნაშრომს და სიცილსა ჰგვრის მკითხველს, რომ ისე გულსატკენი არ იყოს და გულის ამრევი.
   ავიღოთ მრავალი წერილიდან ერთი რომელიმე, აი თუნდაც გაზეთ “ზარია ვოსტოკაში” გამოქვეყნებული გენერალ მალცევის წერილი “აჯანყებული ხალხის დასახმარებლად” ("На помощь восставшему народу", "Заря востока", 1971.02.13), რომელიც არწმუნებს მკითხველს, თითქო რუსეთს იმდენად შეეცოდა საწყალი ქართველი ხალხი, რომელიც თითქოს “ვერაგ მენშევიკების სისხლიან კლანჭებში გმინავდა” და “სულს ღაფავდა”, რომ მას ადამიანურმა მაღალმა გრძნობებმა უკარნახეს მიხმარებოდა ამ საწყალ ხალხს თავისი ჯარებით... და მიეხმარა კიდეც, “გაათავისუფლა” ის მენშევიკებისაგან... დაამყარა აქ სამოთხე... რუსული... (აბა, სულ მენშევიკებმა შეგვჭამონ?!.).
     ახალგაზრდებს, რომლის თვალწინაც იმ ამბებს არ გაუვლია, რაზედაც მალცევი წერს, სჯერათ ეს მონაყოლი, იმიტომ, რომ სხვანაირად არავისგან გაუგიათ, და რა საკვირველია, რომ ეს “ამბები” კიდევ ურო დაიჯერონ შემდეგმა თაობებმა, რომლებიც ამას ამოიკითხავენ და ნამდვილ ამბებად მიიღებენ მათ. ეს წერილიც ერთ-ერთი მასალა იქნება ისტორიისათვის. ამიტომაც ვამბობდი ზემოთ, რომ ისტორია ისეც იწერება და ასეც, ვის როგორ აწყობს, როგორ სჭირდება რაიმე მიზნისათვის, უკეთ - ვის როგორ “მოეპრიანება”.
     ბრძოლაში იმარჯვებს ის, ვისაც უფრო ძლიერი მუშტი აქვს, ანუ უფრო ბასრი კბილები, მაგრამ ეს ინდივიდუმების ბრძოლაში; ხალხთა ბრძოლაში კი ის, ვისაც უკეთესი და უძლიერესი ჯარი ჰყავს, რომელიც უფრო ხალხმრავალი ერია. ასეთი ერი მუდამ მიაბიჯებს გამარჯვების დროშით და წინ ვერაფერი დაუდგება, თუ არა ისეთივე ჯარი, ან უკეთესი მასზე. რუსეთი დიდი სახელმწიფოა, რუსი დიდი ერია, მრავალხალხიანი. მის წიაღში მრავალი სხვა ერიც “განისვენებს” ისეთი, როგორც ყირგიზები, ჩუვაშები და სხვა მრავალი, ვისაც უბედურება ჰქონდა იმ ადგილზე ცხოვრებისა, რომელიც მზარდ ერს “დასჭირდა” თავისი ზრდის გზაზე. მოსკოვის სახელმწიფო ერთ დროს სულ პატარა სახელმწიფო იყო, მაგრამ “ძლიერი მუშტის” კანონით ძალიან გაფართოვდა და გაიზარდა. დაწყებული იოანე IV-დან, რომელმაც მოსკოვის სახელმწიფოს შესძინა ყაზანის სამეფო და, რაც მთავარია, ციმბირი, რომელიც ერმაკმა დაიპყრო იმხანად ახლადშემოღებული ცეცხლსასროლი იარაღის შემწეობით (ის საცოდავ ციმბირელებს, რასაკვირველია, არ ჰქონდათ), დამთავრებული ეკატერინე II-თი. რუსეთი იძენდა და იძენდა ირგვლივ ტერიტორიებს, განუკითხავად. პეტრე I-მა ბალტიის ზღვისაკენ ისურვა გაწევა და გაჭრა სარკმელი ევროპაში სუსტი ფინეთის ხარჯზე, წაართვა დიდი ადგილები და იქ პეტერბურგი ააშენა. ბოლოს, რუსეთს სამხრეთისკენაც დასჭირდა გაწევა და გამოიწია ჩვენკენაც. შეიერთა საქართველო და დაიპყრო კავკასია. დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენამდე უფრო ადრე მან უკრაინა “შეიერთა” ხმელნიცკის მეთაურობით. ეს ყველაფერი მას დასჭირდა თავისი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე, თავისი დიდი ერის ინტერესებისათვის, თავისი უფრო დიდი მომავლისათვის. ყველა ასეა, ვისაც შეუძლია! განა მარტო რუსეთი! ვისაც არ შეუძლია, ან უნდა დასჯერდეს იმას, რაც მისთვის ბედს მიუცია, ანდა უნდა გაწყდეს უთანასწორო და თავგანწირულ ბრძოლაში. ამ თვასაზრისით მართლდება ერეკლეს პოლიტიკაც. ამ თვალთახედვით მსჯელობდნენ ჩვენი ეროვნული ცხოვრების ბელადებიც ილია, აკაკი და სხვანი.
     მაშ ასე, მე ვიწყებ!
   1917 წლის თებრვლის რევოლუცია დიდ ბედნიერებად ჩათვალა ყველა ადამიანმა, გარდა ზოგიერთი გამოუსწორებელი კონსერვატორისა, დიდი მოხელეებისა, დიდი ბობოლებისა, რომლებიც ყველაფერს კარგავდნენ ამ რევოლუციით. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც, თუმცა ბევრი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ თავისთვის ცხოვრობდნენ სოფელში მამა-პაპის მიერ დატოვებულ სახლ-კარში და უყვარდათ ის; სხვას, უკეთესს არაფერს ნატრობდნენ და სავსებით კმაყოფილი იყვნენ თავიანთი ცხოვრებით, ეშინოდათ ამ ცხოვრების გამოცვლისა, თუნდაც უკეთესობისაკენ.
    მაგალითად, რაჭაში ცხოვრობდა ერთი აზნაური - ქიშვარდი ჯაფარიძე, კარგი, ლამაზი და მოხდენილი მამული ჰქონდა სოფელ სორში; შესაფერი ოდა; შესაფერი ეზო, უზარმაზარი სივრცის და სავსე ზეცას ატყორცნილი მუხის ხეებით; იქვე შესანიშნავი ცივი და წყალუხვი წყარო ამ მუხნარში; ოდნავ მოშორებით რიონი და მისი ჭალები; აქეთ კი სახლს ჩაუდიოდა გვერდით სახლმწიფო საფოსტო გზა. ოჯახი ქიშვარდის სავსე ჰქონდა სანოვაგით, მარანი კი შესანიშნავი ღვინით. რა აკლდა? - არაფერი. ეცვა ყოველთვის სუფთად და ლამაზად ჩოხა-ახალუხი, ხან ერთი ფერის, ხან - მეორესი. ქამარ-ხანჯალი, “ფიშტო” და მისი ჯანი. მე გეტყვით, ოფლში იღვრებოდა მუშაობით. სულაც არა. ჰყავდა მეზობელი გლეხები, რომლებიც მუშაობდნენ მის ყანებსა და ვენახებში სანახევროდ, ისინი ულაგებდნენ ყველაფერს ბეღელში. ქიშვარდის დარჩენოდა მხოლოდ ექეიფა და ეტარებია დრო. სამწუხაროდ, უშვილო იყო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ არაფერს ზოგავდა, თავის ცხოვრებას ქეიფსა და ლხინში ატარებდა. დიდ პატივს სცემდა მას მაზრის მთავრობა.
ჰოდა, ასეთი ადამიანი შეწუხდებოდა, რაღა თქმა უნდა, რევოლუციით, უცნობი მომავლით.
    - აწი უყურეთ თქვენს სეირს! - მითხრა ქიშვარდიმ, როცა რევოლუციის პირველ დღეებში საერთო აღფრთოვანებით გატაცებულმა მას მეფის გადადგომა მივულოცე.
    - კაცო, რა გახარებთ, არ ვიცი. მეფე ვინ ოხერია, მისი ამბავი სულ არ მაწუხებს, მაწუხებს ის, რომ ამით ინგრევა ჩვენი მყუდრო ცხოვრება და ვინ იცის, რა გველის?!. 
    - არაფერი, გარდა ბრწყინვალე მომავლისა, ჩემო ქიშვარდი! - შევძახე მე, მაგრად ჩამოვართვი ხელი და დავემშვიდობე. - ჰოდა აწი უყურეთ თქვენს სეირს, ჩემო ლადო, რომ აირევა ქვეყანა და ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს!.. ჯერ სადა ხართ? ჯერ მხოლოდ იწყება!.. - მომაძახა მიმავალს. 
     უნდა ვაღიარო, რომ მისი ეს გულიდან ამოღებული სიტყვები არაერთხელ გამხსენებია მწარე დღეების დროს შემდგომში.
   რას გაამტყუნებ? იმას უყვარდა თავისი პატარა ცხოვრება, თავისი წრე, თავის მეგობრები, თავისი ცხენი, თავის იარაღი, მამაპაპური სახლ-კარი, ყანა, ვენახი, სათიბი, ტყე, ველი, ყველაფერი ის, რითიც ცხოვრობდა მაშინდელი ოჯახი - პირველი საფეხური საზოგადოებისა, პირველი ბირთვი ერისა, ქვეყნისა, სამშობლოსი. მეომარი რომ სამშობლოს იცავდა ძველად, იცავდა იმიტომ, რომ ამ ცნებაში მისი საყვარელი სახლ-კარიც შედიოდა, მისი სოფელი, მისი ტყე და ველი, “სადაც შობილა, გაზრდილა და უსროლია ისარი”, მისი მშობლიური კერა, ცოლშვილი, მშობლები, ყველა ვინც უყვარდა. უამისოდ, მისთვის საყვარელი ცნებების გარეშე სამშობლოც არ არსებობდა...
     მართალს ამბობენ “პროლეტარიატს არა აქვს სამშობლოო”. პროლეტარიატი არაფრით არ იყო დაკავშირებული თავის სამშობლოსთან. აბა რითი? რა უნდა დაეცვა მას თავის “სამშობლოში”? არაფერი. მარტოდ-მარტო განყენებული ცნება? ბოგანოს სამშობლო იქაა, სადაც ის პურსა სჭამს და გაძღება. იმიტომაც ემტერებოდნენ სიტყვებს “პატრიოტი”, “პატრიოტიზმი” და საცინლად იგდებდნენ მათ.
   ჩვენი სამშობლოს ბურჯი მშრომელი გლეხია თავისი დაკოჟრილი მძლავრი ხელებით, რომელიც მშობლიურ მიწასთანაა დაკავშირებული ფიზიკურად და არა მარტო იდეურად.
    ქიშვარდიც ასე იყო. ის დაკავშირებული იყო თავის კუთხესთან მთელი თავისი არსებით. მართალია, მიწაზე ფიზიკური მუშაობით ის არ იწუხებდა მაინცდამაინც თავს, მაგრამ ზრუნვას არ აკლებდა და უვლიდა ისე, როგორც უსაყვარლეს არსებას მოუვლის კაცი. თავის სახლ-კარი იმიტომაც უფრო უყვარდა, რომ ყოველ კუთხეში მამა-პაპათა ნაკვალევს ხედავდა, მათ ნამოღვაწარს, ხედავდა თვითონ მათ, მათ აჩრდილებს და იმიტომ უყვარდა იქაურობა. რა უნდა მიეცათ მისთვის, რა მილიონები, რომ ის ვისთვისმე დაეთმო და თვითონ სხვაგან წასულიყო. ეს იყო მისი მშობლიური კუთხე და ეს კუთხე, თუნდაც ასე ღარიბი და ჩამორჩენილი, ერჩია სხვა ქვეყნის სამოთხეს. ეს იყო მისი სამშობლო. 
     ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე? იმიტომ, რომ მეთქვა, იყვნენ ასეთებიც-მეთქი. საერთოდ კი რევოლუციამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ხალხის ყველა ფენაში.
      რუსეთის ახალ მთავრობაში ცენტრალური ადგილი დაიკავა ე.წ. კადეტებმა, რუსი ინტელიგენციის პარტიამ - მილიუკოვმა, ლვოვმა და ასეთებმა; მემარცხენე პარტიას - სოციალ-დემოკრატებს - მეთაურობდა ცნობილი კარლო (ნიკოლოზ) ჩხეიძე - მენშევიკი, რომელსაც სულ მალე მიეშველა ციმბირში გადასახლებული “მანშევიკი” ირაკლი წერეთელი, დიდი მებრძოლი სოციალისტი, ნამდვილად თავდადებული მოღვაწე, მწერალ გიორგი წერეთლის ვაჟი (ნიკო ნიკოლაძის დისწული), ნიჭიერი ორატორი, რომელსაც მჭევრმეტყველებით მარტო ტროცკი თუ შეედრებოდა. ირაკლი იყო სწორედ ის, რომელმაც ერთ-ერთ დიდ “პოლიტიკურ” კრებაზე განაცხადა, რომ რევოლუციურ რუსეთში ყველა პარტიები შეთანხმებით უნდა მუშაობდნენო, რადგან არაა ისეთი პარტია, რომელმაც მარტო თვითონ იკისროს სახელმწიფოებრივი ცხოვრების გაძღოლაო. - არის ასეთი პარტია! - მოისმა უზარმაზარი, ხალხით გაჭედილი აუდიტორიიდან. ეს იყო ლენინი, რომელიც იჯდა იქ თავისი თანამოაზრეებით და იბრძოდა სახელმწიფოს სათავეში ჩასადგომად მარტოდმატო თავისი ბოლშევიკური პარტიით.
     კაკი (ირაკლი) წერეთელი დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელსაც ევროპაშიც კარგად იცნობდნენ. დიდი განათლების მქონე, უკეთილშობილესი ინტელიგენტი, ნამდვილი სოციალისტი. რევოლუციის დროს ის ყველაზე უფრო პოპულარული იყო და ცნობილი; მანამდე ხომ კიდევ უფრო, როდესაც ის მეორე სახელმწიფო სათათბიროს წევრი იყო, ხალხის წარმომადგენელი დეპუტატი. სიმართლისთვის ის არავის ეპუებოდა, თვით მეფესაც, ამიტომაც გადაასახლეს კიდეც ციმბირში და კატორღაშიც უკრეს თავი. ნიკო ნიკოლაძემ - ბიძამისმა - მოუხერხა მას კატორღიდან გათავისუფლება, თუ კი ის განცხადებას დაწერდა მეფის სახელზე (მისი გათავისუფლება ადვილი იყო იმის გამო, რომ ციხეში მას ფილტვების ტუბერკულიოზი დაემართა და თუ ჰაერზე არ გამოვიდოდა, დაიღუპებოდა), მაგრამ ირაკლიმ სიკვდილი ამჯობინა ასეთი განცხადების დაწერას და დაიღუპებოდა კიდეც, რომ რევოლუციას არ მოესწრო და არ გაეთავისუფლებინა კატორღიდან.
    მას, პირადად, უდიდესი ღვაწლი მიუძღვის რუსეთის რევოლუციის წინაშე. მახსოვს მისი სიტყვები, როგორც დეპუტატისა, მეორე სახელმწიფო სათათბიროს სხდომებზე - ლამაზი თავისი ფორმით, მჭევრმეტყველი და მქუხარე, შინაარსიანი. ანგრევდა მეფის მთავრობის პოლიტიკას.
   გაზეთებს იმ დროს ქუჩებში ჰყიდნენ, და, თუ წერეთლის სიტყვა იყო იქ მოთავსებული, სათათბიროში წარმოთქმული, უცბად დაიტაცებდნენ ხოლმე. - Речь Церетели! Речь Церетели!.. ყვიროდნენ მეგაზეთეები ირგვლივ და უცბად ასაღებდნენ გაზეთებს.
    კატორღიდან დაბრუნებული ირაკლი წერეთელი ჯერ პეტერბურგში ჩავიდა (საჭირო იყო მისი იქ ყოფნა) და მერე, დროებით, იქიდან სამშობლოს ეწვია. ერთ დღეს, მე და გრიშას ქუთაისში შეგვხვდნენ ქუჩაში ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილები რუსუდანი და თამარი. გაეხარდათ, კარგია რომ გნახეთო, დღეს ორ საათზე პეტერბურგიდან კაკი წერეთელი ჩამოდის და რიონის სადგურზე უნდა შევხვდეთ, ხომ ვერ მოახერხებთ თქვენც წამოსვლასო. ირაკლის სახელი იმ დროს ისე ჰქუხდა, როგორც არავისი და რა საქმე უნდა გვქონოდა ისეთი, რომ არ გადაგვედოს ირაკლის ნახვის გულისთვის და წავყევით მათ რიონის სადგურზე. ხალხით იყო იქაურობა გაჭედილი, ყველა საყვარელი ტრიბუნის ნახვას ნატრობდა. მატარებელი რომ მოვიდა, ნიკოლაძის ქალიშვილები და ჩვენ - მე და გრიშა - ირაკლი წერეთლის ვაგონში შევედით. ის ცალკე, მისთვის საგანგებოდ გამოყოფილი სალონ-ვაგონით მოემგზავრებოდა პეტერბურგიდან. ჩვენ რომ შევედით, ირაკლი ახალი პირდაბანილი იყო და ჩაცმულ-დახურული, ქალიშვილები გადაეხვივნენ დიდი ხნის უნახავ მამიდაშვილს, უკვე სახელგანთქმულ პოლიტიკურ მოღვაწეს და მერე ჩვენი თავიც გააცვნეს.
   ირაკლის შეხედვამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. ის მაღალი იყო, მხარბეჭიანი, ლამაზად ჩამოსხმული ფიგურით, სახე მიმზიდველი, სანდომიანი, სწორი ნაკვთებით და ელვარე თვალებით, იშვიათი სილამაზის ტუჩ-კბილი, თეთრი, ჩაჭედილი კბილები პირდაპირ ანათებდნენ ალისფერ სქელ ტუჩებს ქვემოთ. ნამდვილი, “ზედგამოჭრილი” სახალხო ტრიბუნი იყო ყველაფრით. რიონიდან ქუთაისამდე მასთან ერთად ვიყავით და მის შესანიშნავ ლაპარაკს ვუგდებდით ყურს; რამდენიმე კაციც შემოვიდა მის დასახვედრად ქუთაისის რევოლუციური მთავრობიდან. ქუთაისში აუარებელი ხალხი უცდიდა სადგურზე, ქუჩებზეც. პუშკინის და ბალახვანის ქუჩის გადაკვეთის ადგილზე მას ელოდა ხალხმრავალი მიტინგი. ირაკლი იქ მომენტის შესახებ დიდი სიტყვით გამოვიდა რუსულ ენაზე, მსმენელები მოხიბლა თავისი იშვიათი მჭევრმეტყველებით და შინაარსიანი სიტყვით.
    დროებით მთავრობაში ირაკლი ყველაზე უფრო დიდი ფიგურა იყო, ნიჭიერი, კოლორიტული; მაგრამ ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ის იძულებული შეიქნა გამოქცეულიყო საქართველოში, სადაც განაგრძობდა მოღვაწეობას დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში.
     მეორე დიდი პიროვნება თებერვლის რევოლუციაში ჩვენი ქვეყნიდან იყო ნიკოლოზ (კარლი) ჩხეიძე. ისიც სათათბიროს დეპუტატი იყო, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი. რევოლუციის შემდეგ ის ლიდერი შეიქმნა მემარცხენე მიმდინარეობისა, ერთხმად იქნა არჩეული რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ, რის გამო მას ხუმრობით ნიკოლოზ მესამეს ეძახდნენ. ჩხეიძე ნიჭიერი პოლიტიკური მოღვაწე იყო და დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა მუშებში. ბოლშევიკური გადატრიალების მშემდეგ მანაც საქართველოს შეაფარა თავი და აქაური დამფუძნებელი კრების თამჯდომარე იყო, სანამ ბოლშევიკები აქედანაც “აუკრავდნენ გუდა-ნაბადს”. აი, რა არის ისტორია! რა დიდი მოღვაწეები რუსეთის რევოლუციისა, თავდადებულები, თავგანწირულები და რა ცუდი ბედი, რა უმადური, რა დაუმსახურებელი. მაგრამ, როგორცა ჩანს, ასეთი ბედი მოელის ყოველ პოლიტიკურ მოღვაწეს, რამდენად დიდიც არ უნდა იყოს ის (მაგალითი - სტალინი), განსაკუთრებით იმას, ვინც თავის სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, არა მგონია, რომ ვინმე გაექცეს ამ ბედს, დღეს თუ ხვალ ეს ბედი უთუოდ მიეწევა და თავის ჩვეულ იარაღს მასაც ჩასცემს ზურგში (სწორედ რომ ზურგში და არა გულში; ის მზაკვარია და გაუტანელი).
     თებერვლის რევოლუციამ სულ აუშვა ხალხი. ვინ ვის მოერეოდა, ვინ ვის წაგლეჯდა; უნებლიეთ მახსენდებოდა ქიშვარდი და იმ უქნარას და თავისნება ადამიანს ჭკვიანს ვეძახდი ჩემს გუნებაში. მართლა აირია ყველაფერი და თავდაყირა დადგა ქვეყანა. რუსები სწუხდნენ: всё пошло к чёрту, вверх тормашками-ო.
             С красным знаменем вперёд
             Оболделый прёт народ
     დროებითი მთავრობა ვითომ კი იყო მთავრობა, მაგრამ ავტორიტეტი არ ჰქონდა ხალხში და ნამდვილი უმთავრობობა, უხელისუფლობა იგრძნობოდა. აირია ქვეყანა, ქიშვარდის თქმისა არ იყოს. მიტინგები დაუსრულებლად. საქმეს კი თითქმის არავინ აკეთებდა. იყო დაუსრულებელი კამათი შიგნით და გარეთ, ოჯახში თუ დაწესებულებაში - არა ამ პარტიის პროგრამა სჯობია, არა იმ პარტიისაო; კამათი ჩხუბზე გადადიოდა და ასე დაუსრულებლივ... როდემდის?...
      რომ ბოლშევიკური გადატრიალება არ მომხდარიყო და მათი რკინის კანონები არ მოგვშველებოდა, რომ ბოლშევიკებში სტალინის უტეხი ფიგურა არ გამოჩენილიყო, რომელმაც ერთმა შეძლო აელაგმა საყოველთაო ანარქია და უპატრონობა, თუნდა ისე მკაცრი ზომებით, რომელიც მას სჩვეოდა, ჩვენი ქვეყანა დაიღუპებოდა უთუოდ. უცხოელი პოლიტიკოსები ტყუილად კი არ ამბობდნენ: სტალინმა შეძლო გამოეყვანა ქვეყანა საერთო ქაოსიდან და ჩამოეყალიბებინა უფლებრივი სახელმწიფოო.
   ახლა დავუბრუნდეთ რევოლუციის მსვლელობას და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. რა ხდებოდა აქ?
    საქართველოში იმ ხანად ყველა მოქმედ პარტიებს შორის უძლიერესი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ნოე ჟორდანია მეთაურობდა. ნოე მენშევიკი იყო მიმართულებით, პლეხანოვის ყაიდის და მისი მეგობარიც. მაშასადამე, ყველა ქართველი სოციალ-დემოკრატიც მენშევიკი იყო მასსავით. რასაკვირველია აქაც იყო გამონაკლისი, რომლებიც ბოლშევიკური მიმართულებისა იყვნენ, როგორც სტალინი, ალიოშა ჯაფარიძე და სხვებიც, მაგრამ ეს გამონაკლისი მცირე იყო და “ამინდს ვერ ქმნიდა” პარტიაში. ამიტომ ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში არაფრად ეჭაშნიკა მათ. სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან შეთანხმებით, ნოე ჟორდანიამ მოახერხა ჯერ ამიერკავკასიის გამოყოფა ბოლშევიკური რუსეთიდან, მერე კი საქართველოს გამოყოფაც ამიერკავკასიის რესპუბლიკებიდან.
     ასე რომ, ბოლშევიკურ რუსეთს თანდათან ჩამოშორდნენ და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ძველ, მეფის, რუსეთში მომწყვდეულმა ერებმა (ტყუილად კი არ ამბობდნენ, მეფის რუსეთი ხალხთა საპყრობილეაო), ჯერ ყველაზე ძლიერმა უკრაინამ, მერე სხვებმაც, კერძოდ საქართველომაც. ისე ჩამოყალიბდა “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა”, რომ ერთი თოფიც არ გასროლილა მისთვის და წვეთი სისხლიც არ დაღვრილა მის მოსაპოვებლად. ეს იმ დიდი რევოლუციის ნაყოფი იყო. რევოლუცია იმის რევოლუციაა, რომ ხალხს უფლებას აძლევს თავისი ცხოვრება მოიწყოს ისე, როგორც თვითონ დაინახავს საჭიროდ.
     მაგრამ დიდი რუსეთი მოითმენდა იმას, რომ მისი პრინციპი “ერთიანი, განუყოფელი” ასე უცბად დანგრეულიყო? ვერა, ვერ მოითმენდა. და, თუ მოითმენდა - ძალაუნებურად, სანამ ავად იყო, სანამ სუსტად იყო და ავადმყოფის სარეცელზე იდო.
მაგრამ, როცა დრო გავიდა და ავადმყოფი გამოჯანსაღდა, ძალა მოიკრიფა, იმან კვლავ მოინდომა ისევ ძველებურად ყოფილიყო ერთიანი, განუყოფელი, მაგრამ უკვე მაღალი ლოზუნგების მეოხებით: “პროლეტარული რევოლუცია მოითხოვს პროლეტარიატის გაერთიანებას და არა მათ გათიშვას. ვინც დამოუკიდებლობას მოითხოვს, ის გამთიშველია, მაშასადამე, რევოლუციის მოწინააღმდეგე - კონტრრევოლუციონერი. ძირს კონტრრევოლუცია!.. სიკვდილი გამთიშველებს.
  და დაერია რევოლუციის მიერ გამოცხადებულ “ერთა თვითგამორკვევის” პრინციპის საფუძველზე გათავისუფლებულ ერებს - როგორ თუ თქვენ რუსეთის ერთიანობას არღვევთ, უღალატეთ მას და დამოუკიდებლობა მოისურვეთო.
   - კი, მაგრამ “ხალხთა საპყრობილე” იმიტომ დაინგრა, რომ მათ მოინდომეს გათავისუფლება. რომელი პატიმარი მოისურვებს საკანში დარჩენას, საპყრობილე თუ დაინგრევა, და არ გამოვა თავისუფლად ჰაერზე?
   ბევრი სხვა ლოზუნგიც მოიშველიეს თვითგამორკვევის პრინციპით შეიარაღებულმა გათავისუფლებულმა ერებმა, მაგრამ პრინციპზე უფრო მაგარი გამოდგა ჩვეულებრივი მუშტი, მით უფრო, თუ ის მაგარია და შეიარაღებული. და გასრისეს კიდეც ყველანი, ვინც უკვე დამოუკიდებელი იყო და საკუთარ სახელმწიფოს ჰქმნიდა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე.
    მთლად ისე, როგორც ამბობდნენ იმ ხანად გურიაში რუსი ბოლშევიკების შესახებ:
                    “თვითგამორკვევა ერების
                      ლოზუნგად ჰქონდათ ქცეული
                      საქმით კი?.. ყველა გასრისეს,
                      ვინც ნახეს გამორკვეული...”
      ერთი მხრით, თვითგამორკვევა, სრული დამოუკიდებლობა, მეორე მხრივ, ერთიანი, განუყოფელი! და აჯობა უკანასკნელმა. მაგრამ როგორღა დააბრუნოს უკან ამ ერთიანში უკვე გათავისუფლებული ერები, თუ ისინი ნებით არ მოდიან? ძალით? იარაღით? მაგრამ ეს ხომ რევოლუციის ლოზუნგებს ეწინააღმდეგება და ნამდვილ იმპერიალიზმს ემგვანება?..
     ხერხი სჯობია ღონესა! და კიდევ უკეთესი, თუ ორივე ეს - ხერხიც და ღონეც - ერთად იქნება, შეთანხმებით... ვინაიდან მარტო ღონეს ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპერიალისტური სახელმწიფოების ჩარევა საქმეში. ისინი ხომ უიმისოდაც კბილებს ილესენ მსოფლიოში პირველ მუშურ-გლეხურ სოციალისტურ სახელმწიფოზე და მიზეზს ეძებენ მის წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად? ეს არ ივარგებს.
           საჭიროა იდეოლოგიური იარაღი...
           ახლა ვნახოთ როგორი ვითარებაა საქართველოში.
   საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს. ის ჯერ ფაქტიურად, ხოლო შემდგომში იურიდიულად ცნობილი იქნა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დიდი სახელმწიფოების მიერ და თვით რუსეთის მიერაც. თვითონ ლენინმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას საქართველოს რესპუბლიკასთან. ამ დოკუმენტის საფუძველზე საქართველოში ლეგალიზაცია უნდა მისცემოდა კომუნისტურ პარტიას, რომელიც აკრძალული იყო, და გამოეშვათ ციხეებიდან დაპატიმრებული კომუნისტები, რომლებსაც უფლება ეძლეოდათ გამოეშვათ თავისი გაზეთიც. ამის საფუძველზე დაიწყო იდეოლოგიური ბრძოლა. მაგრამ მეტად არათანასწორი! კომუნისტები იმდენად მცირერიცხოვანნი იყვნენ და უავტორიტეტო, მენშევიკები კი, პირიქით - უამრავი, თითქმის მთელი საქართველო და თანაც დიდი ავტორიტეტით მოსილნი (გარდა ამისა მთავრობაში სხვა პარტიებიც იყვნენ წარმოდგენილი, რომელნიც სახელმწიფოებრივ საკითხებში მხარს უჭერდნენ მენშევიკებს), რომ ბრძოლას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი, კომუნისტები ვერ აღწევდნენ მიზანს, რადგან თვით რუსეთშიც, რომელსაც კომუნისტური პარტია მართავდა, ვერ ჰქონდათ საქმე კარგად. ისეთი გახურებული სამოქალაქო ომი იყო იქ გაჩაღებული, რომ ყველა მირბოდა იქიდან; მართლა, რომ “ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა”, როგორც იწინასწარმეტყველა ნეტარხსენებულმა ქიშვარდიმ, და იყო ბრძოლა დაუსრულებელი ყველასი ყველასთან. საქართველოში კი მყუდროდ ვიყავით. მართალია რუსეთივით “რკინის ხელი” არ ბატონობდა აქ და, პირიქით, ზომაზე ლმობიერი მართვა-გამგეობა იყო, მაგრამ ეროვნული შეგნება ძალიან ბევრს აკეთებდა და ახალგაზრდა რესპუბლიკაში მშვიდობა მეფობდა, თუ არ ჩავთვლით სომხეთთან ომს, ეს ხომ შინაურ ცხოვრებას არ ახასიათებს.
     არ ახასიათებს, ჩემი ფიქრით, შინაურ ცხოვრებას არც ე.წ. “დუშეთის აჯანყება” და მით უფრო ოსების გამოსვლები მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. ესენი სულ გარედან იყო მოწყობილი, გარეშე მტრისაგან. შინაური მტერი კი იმ დროს ჩვენს რესპუბლიკას არ ჰყოლია: ტკბილად ცხოვრობდნენ ერთმანეთში საზოგადოების ყველა ფენები. ძირირთადად, რასაკვირველია, თორემ პატარ-პატარა გამონაკლისები იყო უთუოდ. მაშინ ამას ვერ ვხედავდით იმ საერთო ეროვნული აღფრთოვანების, ეროვნული კმაყოფილების პირობებში. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ყოფილან მაშინაც პატარ-პატარა ბოლშევიკები, “რევოლუციონერები”, რომელნიც რუსეთის ბოლშევიკური პარტიის დავალებებს ასრულებდნენ. ზოგი ასეთი უთუოდ გულწრფელი მუშაკი იყო, მაგრამ უმრავლესობა ანგარებით მოქმედებდა; ვხედავ ამას ახლა იმ პატარ-პატარა ნეკროლოგებიდან, რომლებიც ეხება ზოგიერთ პერსონალურ პენსიონერს და ახასიათებს მათ “დიდ რევოლუციონერებად, პარტიის წევრებად 1917-18 წლიდან და მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლებად” ვითომ, რადგან ამ პირებიდან უმეტესი მიტმასნილი იყო, ვიმეორებ - არც უანგაროდ, ჯამაგირს იღებდნენ!..
     ამნაირად, დემოკრატიული საქართველო შედარებით კარგ პირობებში იყო რუსეთისა და სხვა მის ყოფილ ნაწილთან შედარებით.
    აბა, რითი ავხსნათ ის გარემოება, რომ იმ დროს საქართველოსაკენ მოეშურებოდნენ რუსეთის ყოველი მხრიდან სამოქალაქო ომით და აუტანელი ცხოვრებით დატანჯულნი, მათ ჩვენი ქვეყანა სამოთხედ ეჩვენებოდათ. საქართველომ, ზემოდაც ვამბობდი, აიცდინა სამოქალაქო ომის დიდი გაჭირვებები და ხალხიც შეინახა, ფიზიკურად.
მაგრამ სავალალო ის იყო, რომ დამოუკიდებელი საქართველო არავის არ აწყობდა (გარდა თვითონ ქართველებისა) და ყოველმხრივ უწყობდნენ მას სხვადასხვა ხრიკებს, პროვოკაციებს და ამას სჩადიოდნენ ვითომდა “რევოლუციური” მიზნით. განსაკუთრებით არ მოსწონდათ ქართული ხელისუფლება რუსებს, აგრეთვე სომხებს, ოსებს და სხვებს.
    1920 წლის ზაფხულზე საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად აზერბაიჯანში დანიშნა ცნობილი რევოლუციონერი გაბრიელ ხუნდაძე, რომელიც მანამდე იყო ამავე თანამდებობაზე მოსკოვში და თავისი დაუღალავი და ენერგიული მუშაობით დიდად შეუწყო ხელი იქაური ქართული კოლონიის, ცოტად თუ ბევრად, ნორმალური ცხოვრების პირობების შენარჩუნებას. 
      ბაქოში გაბო მიდიოდა გრიგოლ ალშიბაიას მაგივრად.
    გაბომ უახლოესი თანამშრომლები თბილისშივე შეარჩია და მეც მთხოვა წავსულიყავი მასთან საელჩოს პირველ მდივნად. მრჩეველად მიხეილ ჩოჩია წამოიყვანა, ხოლო სავაჭრო, თუ რაღაც ასეთი, ნაწილის გამგედ მიხეილ გერმანოვიჩი. მე და მიშა ჩოჩია გაბოს ამხანაგები ვიყავით მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან და ახლო მეგობრებიც, ამიტომ ყოველმხრივ გვენდობოდა, იმედი ჰქონდა საელჩოს მუშაობას კარგად ააწყობდა, თანაც, მის ავტორიტეტსაც აამაღლებდა.
   აზერბაიჯანი ახალი “გასაბჭოებული” იყო. მართალია, ეს სიტყვა არ იხმარება ამ ფორმით, მაგრამ აქ ეს ზედგამოჭრილია: დამოუკიდებელი ბაქო მისი ნავთით სულაც არ აწყობდა მოსკოველ ბოლშევიკებს. ისინი დიდ ბრძოლას აწარმოებდნენ სოციალისტური მონაპოვარის შესანარჩუნებლად ირგვლივ მგლებივით შემორტყმულ იმპერიალისტებთან და როგორ შეეძლოთ ყოფილიყვნენ უნავთოდ, უბაქოოდ. დაკარგული ბაქოს კვლავ ხელში ჩასაგდებად ისინი არაფერს არ ზოგავდნენ და, ასე თუ ისე, ჩაიგდეს კიდეც ხელში, როგორც კი სული მოითქვეს და ღონე მოიკრიფეს. ძნელია მათი გამტყუნება ამ შემთხვევაში, რადგან უნავთობა მათთვის იგივე დაღუპვა იყო, და რაღაც საერთაშორისო ეთიკის გულისთვის თავს არ დაიღუპავდნენ, რევოლუციის ინტერესებს არ დასთმობდნენ. საქართველომაც სწორედ ამ მიზეზით დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა: ბაქოს ნავთს გზა სჭირდებოდა შავი ზღვისაკენ. ეს გზა საქართველოზე გადიოდა. მაშასადამე... ძირს საქართველო! დიდ რევოლუციას თავისი დიდი მიზნისათვის “კაცობრიობის გათავისუფლებისათვის იმპერიალიზმის კლანჭებისაგან” ასე ჰქონდა გზა და რა მისი ბრალი იყო, თუ ამ გზაზე შემთხვევით საქართველო აღმოჩნდა. ვინც უნდა იყოს სულერთია, გზა უნდა იქნეს თავისუფალი. და მორჩა!
     საქართველოს მთავრობას შეეძლო გამოენახა მოსკოვთან საერთო ენა ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს, რატომღაც, არ მოხდა. ფინეთმა მოახერხა თავის დაძვრენა ბოლშევიკების რუსეთიდან, საქართველომ კი ვერა. 
   ბაქოში რომ ჩავედით, მთელი ქალაქი ახლად დარბეულს ჰგავდა, ქუჩები ჩაბნელებული, მაღაზიები ჩაკეტილი, ფანჯრები ჩამტვრეული, ჩალეწილი, ბაზრები ცარიელი და მხოლოდ “ტალკუჩკებზე” თუ რამეს იშოვიდა კაცი, ისიც ჩუმად, კალთის ქვეშ. ჩვენი საელჩო ოაზისივით გამოიყურებოდა ამ საერთო უდაბნოში, უფრო ჯოჯოხეთში, და ყველას ეზარებოდა, რადგან შედარებით უზრუნველყოფილი იყო პირველი საჭიროების საგნებით, სანოვაგით და სხვით. ჩვენი ავტომანქანა ეროვნული დროშით დაქრიალებდა ბაქოს ქუჩებზე და ჩეკისტების დაუცხრომელი ყურადღების საგანი იყო. ჩვენ - საელჩოს თანამშრომელნი - დიდი ეჭვის ქვეშ ვიყავით ყველანი და იქაური მოქალაქე ასე აშკარად ჩვენთან ვერც მოვიდოდა, სალამსაც ვერ მოგვცემდა, ეშინოდათ, “კონტრრევოლუცია” არ დაეწამოთ მისთვის.
     ბაქოდან თუ ვინმე წავიდოდა თბილისში ოფიციალური დავალებით, მივლინებით, უკან დაბრუნებული სულ თბილისის კულტურულ, დალაგებულ ცხოვრებაზე ლაპარაკობდა მეგობრებში, მაღაზიებში საქონლის სისავსეზე, ბაზრების სიუხვეზე და სხვა. შედარებით რასაკვირველია, რადგან ბაქოში სულ არაფერი არ იყო.
     ბაქოს გაზეთებში, სამაგიეროდ, საქართველოზე გინების მეტს არაფერს სწერდნენ - მუშებს ავიწროვებენო, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებსაც აბუჩად იგდებენო, კონტრრევოლუციონერები არიანო, ყოველ ბურჟუაზე უფრო მეტი ბურჟუებიო და მრავალი ასეთი. ერთი სიტყვით, მიზეზს ეძებდნენ საკბენად, კბილებს ილესავდნენ კრილოვის მგელივით, ცხვარს რომ შეხვდა და მიზეზი მოსდო, წყალს მიმღვრევო. ყველაფრით ეტყობოდა, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის შემდეგ აუცილებელი გადასაყლაპი ლუკმა იყო საქართველოც, მაგრამ დროს უცდიდნენ, ჯერ იდეოლოგიურად ამუშავებდნენ საკითხს. გაბო ყველაფერს ამას ხედავდა, მარა რა უნდა ექნა გარდა იმისა, რომ აფრთხილებდა თავის მთავრობას, XI არმია თავს იყრის საქართველოს კართანო.
   საქართველოს მთავრობამ დიპლომატიური გზით ვერ მოახერხა, თავიდან აეცდინა მოახლოებული არმიის შეჭრა მის ტერიტორიაზე და საომრად მზადება დაიწყო. ეს არ იყო, რასაკვირველია, მიზანშეწონილი, მაგრამ სხვა გზა არ ჩანდა. ბაქოში ყველა დარწმუნებული იყო, რომ შემდეგი მსხვერპლი საქართველო იქნებოდა. უცდიდნენ ჩუმი სიხარულილთ იმ მათთვის ბედნიერ დღეს - ეგება ცოტახნით მაინც მოვითქვათ სული ამ ჯოჯოხეთიდანო.
    მე დიდ ხანს არ ვყოფილვარ ბაქოში, დამაპატიმრეს იმის გამო, რომ თბილისში დაეპატიმრებინათ აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი (კალენიჩენკო) და სანამ იმას არ გაათავისუფლებენო, მითხრეს, თქვენც დაპატიმრებული იქნებითო. ისიც მითხრეს, რომ, ვნახოთ, იმას რას უზამენ, თუ დახვრიტეს, სამაგიეროდ აქ შენ დაგხვრეტთო. ვიღაც გოგელია იყო ჩეკისტი, მშვენიერი წარმოსადეგი ახალგაზრდა. 
   ბაქოდან მე, როგორც კი გამათავისუფლეს, უმალვე გამოვემგზავრე თბილისში. აქ უკვე ყველამ იცოდა, რომ სულ მალე გველოდა ომი ბოლშევიკურ რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი გართულება მასთან, დიპლომატიური თუ სხვა რამ, არ გვქონია. იყო რუსეთის იმ მთავრობაში საქართველოს “გასაბჭოების” მომხრეები და ყოველმხრივ ცდილობდნენ აემღვრიათ იქ წყალი ამ თავისი დიდი სურვილის შესასრულებლად. ლენინსაც აგონებდნენ, რომ აქ აჯანყებებია და მენშევიკები უნდა აილაგმონო. ამ მომხრეთა სულის ჩამდგმელი იყო, რასაკვირველია, სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც ვერ მოენელებინა, რომ საქართველოშიც ვერ ბატონობდა ისე როგორც რუსეთში და ჩქარობდა, აქაც გაბატონებულიყო. მე ვიცი, რომ საქართველოს ამ ამბებზე მას დიდი საყვედური მოხვდა ლენინისაგან, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, ამბობენ, და ორჯონიკიძემაც დაიძვრინა თავი დიდი საყვედურისაგან იმით, რომ მიეხმარა ქართველ ბოლშევიკებს, რომელნიც, ვითომ, ძალიან იტანჯებოდნენ მენშევიკების ბატონობით და “გაათავისუფლა” საქართველო “ყაჩაღ მენშევიკებისაგან”.
   გენერალი მალცევი წერს: В феврале 1921 года по всей Грузии вспыхнули очаги народных восстаний против меньшевистского засилия. არავითარი რამ ასეთი არ ყოფილა; პირიქით, მენშევიკებთან ერთად ყველა ერთსულოვნად ემზადებოდა რუსის ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან საშიში იყო მხოლოდ რუსის ჯარი და სხვა არავინ. ქართველი ბოლშევიკები სად იყვნენ? ასეთები არ ყოფილან მასიურად. იყო მხოლოდ რამდენიმე კაცი - მახარაძე, ცხაკაია და სხვა, ისინიც საქართველოში არ ყოფილან იმ დროს, რუსის ჯარებს აგულიანებდნენ მოსკოვიდან და უცდიდნენ, როდის შემოვიდოდნენ საქართველოში, რომ მერე ისინიც მობრძანებულიყვნენ მზამზარეულზე. ეს მოღალატენი! ქართველი ერის გამყიდველნი!
    Революционный комитет, созданный для руководства восстанием... წერს მალცევი. ეს კომიტეტი იყო საქართველოს ტერიტორიის გარეთ, XI არმიის ზურგში, თუ კი იყო საზოგადოდ ასეთი სადმე, ისიც მათი შეთითხნილი. ეს ყველასათვის ცნობილი ხერხია, რომელსაც მიმართავენ ბოლშევიკები ყოველთვის. საინტერესოა, მაინც ვინ მიმართა ლენინს ამ თხოვნით, რომელმა რევკომმა?.. ნუთუ, XI არმია “რევკომის” “თხოვნის” საფუძველზე იყო გამოგზავნილი? ნუთუ, არაა ცნობილი, რომ ის, XI არმია, მანამდე იყო უკვე გამოგზავნილი კავკასიაში, სანამ ის “რევკომი” გაჩნდებოდა ქვეყნად? ეს “რევკომიც” და ეს “აჯანყებები საქართველოში” ყველაფერი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს გადაყლაპვა ცნობილი იქნა საჭიროდ, აუცილებლად აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ, რის გამოც XI არმია თავის დროზე იქნა სათანადოდ მომზადებული და დაძრული საქართველოსაკენ.
     XI არმია მოსულა თურმე დასახმარებლად ქართველ ხალხთან. ქართველი ხალხი რომ ნამდვილად ამდგარიყოს მენშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ, მას არ დასჭირდებოდა სხვისი დახმარება, ის თვითონაც ადვილად დასძლევდა მას, მაგრამ საქმეც ისაა, რომ არავითარი აჯანყება არ ყოფილა და საქართველოს ხალხი, პირიქით, მჭიდროდ იყო დარაზმული თავის მთავრობის ირგვლივ მომხვდური მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. და იბრძოდა კიდეც... მედგარი ბრძოლა სწარმოებდა და ბოლოს, რა არის აქ გასაკვირი, რომ დიდძალი არმია დასძლევდა ერთ მუჭა ქართველებს.
მალცევი კი წერს ,ვითომ, XI არმიამ, 16 თებერვალს რომ დაიწყო შეტევა, 26 თებერვალს შევიდა თბილისშიო, მაგრამ არ იხსენებს იმ თავგანწირულ კონტრშეტევებს, რომლებიც საქართველოს ჯარებიდან არაერთხელ დაატყდა თავს XI არმიას და ერთხელ კი ისეთი მაგარიც, რომ თავდამცემი უკვე მზად იყო გაბრუნებულიყო უკან და თავი დაენებებინა შეტევისათვის იმის შიშით, რომ მენშევიკებთან ერთად ალბათ ინგლისელებიც არიანო; ნამდვილად კი არავითარი ინგლისელი იქ არ იყო და ის მაგარი შეტევების ავტორები თავგანწირული ქართველი მეომრები იყვნენ, განსაკუთრებით სამხედრო სასწავლებლის იუნკრები კოჯორთან კაპიტან დათიკო მაჭავარიანის მეთაურობით... “предельно упорное сопротивление на Коджорских высотах” - ამბობს მალცევი.
     თბილისში მთელი ხალხი გარეთ იყო გამოსული ქუჩებში და თავის ჯარებს აცილებდა ფრონტზე დიდი ზეიმისა და “ვაშას” ძახილის პირობებში. ხოლო, როცა, ერთ დღეს, გაიგეს, “მტერი დამარცხდა და უკან გარბისო (კი არ იხევსო, გარბისო), ქალაქში დიდი აღტაცება და სიხარული იყო.
     ერთი სიტყვით, იყო ნამდვილი ბრძოლა თავდამსხმელსა და დამხვდურს შორის, ბრძოლა, ერთის მხრივ, შეტევითი, მეორეს მხრივ, თავდაცვითი. ისტორია კი ამას უწოდებს “აჯანყებას საქართველოში” და რუსი ჯარის მიერ ამ აჯანყებულებისათვის დახმარების გაწევას. გვამადლიან კიდეც! - გაგათავისუფლეთო. ამნაირი წესით “გაათავისუფლეს” ყველა “გამორკვეული” და შეჰკრეს ისევ ხელახლა თავისი დიდი რუსეთი.
    ფულიც ბევრი დაეხარჯათ, სამაგიეროდ. არ ზოგავდნენ არაფერს, რომ თავისი მომხრეები გაეჩინათ ჩვენში. და განა მარტო ბოლშევიკური პარტია. ეკლესია რომ ეკლესიაა იმასაც კი უპირებდნენ გადაბირებას და ისევ რუსეთის ფარგლებში მოქცევას. ქართველ სამღვდელოებას, მის მმართველ ორგანოებს სულ იმას ჩასჩიჩინებდნენ: თქვე საცოდავებო, შიმშილით კვდებით, რა ძალა გადგიათ, დაბრუნდით ისევ რუსეთის ეკლესიის წიაღში და ოქროებით აგავსებთ მთელ ქართველ სამღვდელოებასო. რად გინდათ დამოუკიდებელი ეკლესიაო. მაგრამ ვერაფერს გახდნენ. - ჩვენი ღარიბი ლუკმა გვირჩევნია თქვენ ოქროებსო - ეუბნებოდნენ თურმე პასუხად. აპოლონ ბალანჩივაძე მუშაობდა ქუთაისში, იქაური მიტროპოლიტის პროტოდიაკონი იყო და ის მეუბნებოდა: წყალტუბოს აბანოებზე მკურნალობდა ერთ ზაფხულს მოსკოვის მიტროპოლიტი ალექსი, ქუთაისშიც ჩამოდიოდა და ჩვენ სობოროშიც გვნახულობდაო. ერთხელ, მობრძანდა თავისი მხლებლით შესანიშნავი ავტომანქანით, მგონი, “ემადინით”; შემოვიდა ეკლესიაში, მიტროპოლიტი არ იყო, მე და დეკანოზი დავხვდითო. არ მოეწონა ჩვენი ეკლესიის მორთულობა, განა, ასე ღარიბულად უნდა იყოს საკათედრო სობოროო, გვითხრა; წასვლის დროს თავის მხლებელს უბრძანა, ხუთი ათასი მანეთი ჩადევი “კრუჟკაშიო”. ჰა? როგორია?...
     ამით მან საკმაოდ მჭევრმეტყველურად დაანახა ქართული ეკლესიის მსახურთ, თუ რა სიმდიდრეა მათთან და რა ფუფუნებაში იქნებოდნენ ესენი, რომ მათთან ერთად ყოფილიყვნენ.
   ამნაირად, მოვხვდით ისევ ძველ კალაპოტში, რომელიც, გვეგონა, დავტოვეთ რევოლუციის შედეგად. რუსეთმა აქ იხმარა ისეთი ხერხი, რომელსაც მას სოციალიზმი, პროლეტარიატის ინტერესები და სხვა ასეთი, ვითომ, უკარნახებს, ეს უთუოდ კარგი დროშაა. ამ დროშით, ამერიკა რომ არ უშლიდეს ხელს, რუსეთი მთელ ქვეყანას დაიპყრობდა, ისე როგორც დაიპყრო ბევრი თავისი სატელიტი.
    მენშევიკების პროპაგანდისტები გვარწმუნებდნენ, რომ ბოლშევიკები კაციჭამიები არიან და საქართველოს ერთიანად მოსპობენ, გაანადგურებენო. მე ეს, რასაკვირველია, არ მჯეროდა, მით უფრო, რომ თვალწინ მედგა შესანიშნავი მაგალითი - ალიოშა (პროკოფი) ჯაფარიძე, უაღრესად კეთილშობილი მებრძოლი და კაცთმოყვარე, სიმართლის მოყვარე და მჩაგვრელის მოძულე ადამიანი, მაგრამ არც ის მჯეროდა, რასაც მენშევიკების მოწინააღმდეგენი (იყვნენ ასეთებიც, განსაკუთრებით არაქართველებიდან, დიდი რუსეთის მომხრეები, უფრო კი აგენტები) ამბობდნენ, ჰოდა, ისინი არწმუნებდნენ გულუბრყვილოებს, რომ რუსეთი მოვა და თან მოგვიტანს თეთრ ფქვილს და ფართლეულობასო. ბოლოს, რა გამოდგა? მოვიდა ისევ ის ძველი რუსეთი “ახალ ქურქში გამოწყობილი” და “გაგვათავისუფლა”. ქართველ ხალხს თვალში რომ არ სცემოდა ეს ამბავი, როგორც მისი კვლავ დაპყრობა, მისი ეროვნული დაჩაგვრა, ბატონად დაგვიყენეს ჩვენი კაცი, ქართველი ბოლშევიკი ორჯონიკიძე, ხოლო ლოზუნგად მოგვცეს, “გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოსო”, ე.ი. საქართველო კვლავ საქართველოდ რჩება, ოღონდ პოლიტიკა შეიცვლებაო. 
    მაგრამ პოლიტიკა რუსული მოგვიტანეს და ორჯონიკიძე ისე მაგრად ატარებდა რუსულ პოლიტიკას, რომ ჩვენს ხალხს ერჩია, მის მაგივრად ისევ რუსი ყოფილიყო და რუსული პოლიტიკა ასე შენიღბული არ ყოფილიყო ორჯონიკიძეებითა და მახარაძეებით. ქართველი ხალხი კვლავ რუსული ჩექმის ქვეშ მოექცა და დაიწყო მისი ნამდვილი ჟლეტა. უბრალო დანაშაულისათვის ხვრეტდნენ ადამიანს. ჰოდა, სულ ერთი არ იყო, ორჯონიკიძე დაგხვრეტდა თუ ვინმე ივანოვი? კი გვჟლეტდენ და!.. ოჯახი არ დარჩენილა საქართველოში, რომ იქიდან არ გადაესახლებინათ ვინმე ციმბირში (მოუსვლელში), თუ არ დაგხვრეტდნენ. ამ ხვრეტას და გადასახლებას ასე ხსნიდნენ: ვითომ რევოლუციას უწევდნენ წინააღმდეგობას და, აბა, შუბლზე ხომ არ ვაკოცებდით ამისთვისო. ასე რომ, მენშევიკები არ ტყუოდნენ - განადგურდა საქართველო, ეს ორი მუჭა ხალხი. ორჯონიკიძე და “ძმები” მისი (უფრო დამქაშები) პარპაშობდნენ, როგორც ნებავდათ. აშინებდნენ ხალხს, ხმა არ გაიღოთ, თორემ “გამოგიყვანთ და დაგხვრეტთო”. ასე უთხრა მან თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებს, როცა მათ ხმა ამოიღეს. ნახევარი საქართველო ჩავიდა ციმბირის გაყინულ მიწაში, ვინც აქ არ დაიხვრიტა. რათა? რისთვის? განა რევოლუციისგან ამას ველოდით? მოდი, ნუ გაგახსენდება აქ ქიშვარდის სიტყვები!.. მართლა აირია ქვეყანა. თუ ვინმეს “სული ედგა პირში” და ხელით სათრევი არ იყო, ყველას მოხვდა სუსხი, ყველამ იგემა “ჩეკა” და ციმბირი. მერე რა? თითონაც არ ასცდათ ასეთი სასჯელი და საუკეთესო ახალგაზრდობა დაიღუპა პარტიიდანაც. მაგრამ ესენიც ხომ ქართველები იყვნენ? რატომ უნდა გაწყვეტილიყო ამდენი ხალხი, როდესაც უამისოდაც რაღაც “ორნახევარი” კაცი ვართ?!.
     მენშევიკები კი არავის ხვრეტდნენ. ერთი შემთხვევა მახსოვს, მხოლოდ ომის დროს, XI არმია რომ აწვებოდათ, იმ დროს თურმე ორი ბოლშევიკი მუშაობდა მენშევიკური ჯარის შტაბში და სამხედრო საიდუმლოებებს უგზავნიდნენ თავიანთი XI არმიის შტაბს. დააპატიმრეს ორივე და არც დახვრეტდნენ, რომ ისე ცუდად არ წასვლოდათ საქმე. გაქცევის წინ დაეხვრიტათ ისინი ქუთაისში. 1924 წელს აჯანყება მოხდა და ბევრგან დააპატიმრეს ბოლშევიკები, მარა არავინ დაუხვრეტიათ. ბოლშევიკებმა კი ბრალიანი და უბრალო აღარავინ გაუშვეს ცოცოხალი. 
    ბოლშევიკების დროს სრული განუკითხაობა სუფევდა. ყველაფერი ჩაუგდეს ხელში გარეწრებს. აბა, ჩეკაში სხვა ვინ წავიდოდა სამუშაოდ, ხალხის დახვრეტას განა ყველა შეძლებს. მე რომ დამიჭირეს ჩეკაში (თბილისში), ერთი კაცი არავინ იყო იქ ქართველი. სულ სომხები იყვნენ და რუსები (უმეტესად ებრაელები). ამ დროს ხუმრობდნენ (თუ კი ვინმე იყო ხუმრობის გუნებაზე), რომ საბჭოთა კავშირში მთელი მოსახლეობა სამ ნაწილდ იყოფაო - ერთი, რომელიც ჩეკაში ზის, მეორე - ვინც იჯდა და მესამე - ვინც უნდა ჩაჯდეს მომავალშიო.
       ამას ჰქვია გათავისუფლება?..
    და სწორედ ასეთი ყოფილა მათი ისტორია. მენშევიკების ისტორია კი სულ სხვა იყო: ვიშრომეთ, ვიწვალეთ, თავს არ ვიზოგავდით ხალხის ინტერესებისთვის, რამდენი ჩვენგანი ციმბირის ტაიგაში დარჩა სამუდამოდ და ძლივს, როგორც იქნა, ჩვენმა ბრძოლამ სასურველი შედეგი გამოიღო, მოხდა რევოლუციაო; რევოლუციის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ რუსეთმა (მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური იყო) ვერ მოითმინა ჩვენი ასეთი ყოფა და კვლავ შეგვაგდო თავის ორბიტაშიო, კონტრრევოლუციონერებადაც მოგვნათლეს და სასტიკადაც გავისწორდნენო. ამნაირად, ბოლშევიკები რომ წერენ, - ერთია, მენშევიკები - მეორე. რომელია მართალი? რომელს დაუჯეროს კაცმა, რომელიც არც მენშევიკია, არც ბოლშევიკი და იმისთვის ორივე მისაღებია, ვინც გულწრფელად ემსახურება იდეას და არა ანგარებით.
     ისტორია, როგორცა ჩანს, მედალივითაა, ორი მხარე აქვს, ორმაგი ბუხგალტერიაა, ერთ მხარეზე ერთია, მეორეზე - მეორე.
    ჩვენ ხალხს რომ ჰკითხო, ვერ დააჯერებ, რომ ესა თუ ის პოლიტიკური მოღვაწე, ვთქვათ, მენშევიკების თვალსაზრისით - მახარაძე, ასეთია და ასეთიო, აგინებენ, ბოლშევიკური თვალსაზრისით კი ჟორდანიას აგინებენ, მაგრამ ჩემი ფიქრით, საგინებელი არცერთი არაა, მე ორივეს ვიცნობდი, ნოეს - ლანჩხუთიდან, მეზობელი იყო ჩვენი, მამაჩემს მეგობრობდა, ფილიპეს - მუშაობით, მე რომ სახელგამში ვმუშაობდი ერთ-ერთ რედაქტორად, ვიყავი აგრეთვე ქართული კლასიკური ლიტერატურის სექციის მდივანი, ამ სექციის თავმჯდომარე იყო ფილიპე მახარაძე და მე დავდიოდი მასთან სასახლეში სექციის საკითხებზე, ხან მის სხდომებზე. დიდი სერიოზული მოღვაწე, მოყვარული ქართული ლიტერატურის, პატრიოტი. ორივე ეს მოღვაწე გულწრფელი მოამაგე იყო თავისი ქვეყნის, მაგრამ სხვადასხვა პოზიციიდან. ერთი უფრო ეროვნული თვალსაზრისიდან გამოდიოდა, მეორე - პროლეტარულიდან. ერთი ამბობდა, ვიბრძვი ერის ინტერესებისთვისო, მეორე - პროლეტარიატის ინტერესებისთვისო. ორივე დიდი და კეთილშობილი საქმეა, მაგრამ რეალობასთან უფრო ახლო პირველია. მაგრამ ასეთებს ის “დიდი რევოლუციონერები” - პროლეტარიატის მესვეურნი - ნაციონალიზმს უწოდებენ, ზოგი კი უფრო მეტს - შოვინიზმს... იმ ჩვენ ცდას, რომ თავი დავიცვათ კაციჭამიებისაგან, ე.ი. თავდაცვის სრულიად ბუნებრივ გრძნობას ისინი ნაციონალიზმს, შოვინიზმს ეძახიან. კარგად იციან თვითონაც, თუ რა არის ის, მაგრამ მაინც. 
      ომი როგორც კი დაიწყო ბოლშევიკურ რუსეთთან და ცნობილი შეიქნა თბილისში, რომ საქართველოს საზღვარს უკვე მოადგა XI არმია ორჯონიკიძის მეთაურობითო, მე, როგორც ყველა სხვა მოქალაქემ, ცოლშვილი დაუყოვნებლივ გადავხიზნე თბილისიდან და ქუთაისში გავაგზავნე ნათესავებთან.
    ბრძოლები ხან წარმატებით მიმდინარეობდა ჩვენს საზღვარზე მომდგარ რუსის ჯართან, ხანაც უმისოდ. მაგრამ რაზმები კი ერთი მეორეზე მიდიოდა ფრონტის მიმართულებით, ცხენოსნები თუ ქვეითი, არტილერია თუ სხვადასხვა მოხალისეები. ეს მოხალისეები უფრო სტუდენტებისა და საშუალო სკოლების მწაფეებისაგან შედგებოდა. ვერავინ აჩერებდა მათ, გინდათ თუ არა, იარაღი მოგვეცით და ჩვენს ჯარებთან ერთად გაგვიშვით ფრონტზეო. აღტკინება იყო უძლიერესი. უმთავრესად ეროვნული, რასაკვირველია. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამნაირ სულისკვეთებას მხარს უჭერდნენ პოლიტიკური მოსაზრებითაც. ესენი იყვნენ არაქართველები, უმთავრესად რუსის ძველი ინტელიგენციის წარმომადგენელნი, რომლებმაც რუსეთში გაჩაღებულ სამოქალაქო ომის დროს გამოქცეულებმა თავი შეაფარეს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ადგილობრივი სომხობა - უფრო კი ძველი კომერსანტები, რომლებიც ჯერ კიდევ სავსე იყვნენ დოვლათით და მისი დაკარგვის ეშინოდათ. დანარჩენები კი - არაქართველობა - სიამოვნებით ელოდნენ ახალ მთავრობას ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის იმედით.
   ერთხელ, მახსოვს, დიდძალი ტყვე გაატარეს რუსთაველის პროსპექტზე ფრონტზე დიდი გამარჯვების შედეგად.
  ხალხი ოდნავ დამშვიდდა და იმედი მოეცა, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდებოდა. მაგრამ...
    გათენდა 25 თებერვალი. მე დილით ადრე გამოვედი სახლიდან (ვცხოვრობდი იქვე ახლანდელი ლენინის მოედნის ქვემოთ, 1 მაისის ქუჩაზე, 18), რაღაც სიჩუმე იგრძნობოდა ირგვლივ, ქუჩებში არავინ ჩანდა; ბოლოს გამოჩნდა ვიღაც, რომელსაც წითელი “ლენტი” ჰქონდა მკლავზე. იმისაგან გავიგე, რომ ჩვენს ჯარებს გათენებისას გაუვლიათ თბილისი, უკან დახეულებს, მცხეთაში გასამაგრებლად. შემომეყარა გულს, მე კი პირიქით, გამარჯვებას ველოდი, მით უფრო რომ ერთი კვირის წინ ფრონტიდან ჩემი მამიდაშვილი მიშა გელოვანი ჩამოვიდა დაჭრილი და კარგი ამბები ჩამოიტანა, გამამხნევებელი. მიშა გოსპიტლის ერთ-ერთ განყოფილებაში დავაწვინეთ - რუსთაველის პროსპექტზე. მაშინვე სახლისაკენ გავტრიალდი, რომ ბიძაჩემ აპოლონისთვის მეცნობებინა ეს საშინელი ამბავი და მასთან ერთად მიმეღო რაღაც ზომები თბილისიდან გასაქცევად, რადგან იქ უკვე ელოდნენ საბჭოთა ჯარების შემოსვლას...
    აპოლონმა დამამშვიდა და ჩემს განზრახვაზე მიგვეტოვებინა ბინაც და ყველაფერი, რაც შიგ იყო, და წავსულიყავით სადმე, ხელი ამაღებინა. როდესაც რამდენიმე ხნით ქალაქში გასვლის შემდეგ დავბრუნდით ბინაში, მეეზოვე აბდალამ მითხრა: ვიღაც ახალგაზრდები იყვნენ, თქვენი ბინის დაკავებას აპირებდნენო, აქ ვიღაც ქართველი ცხოვრობდა, ალბათ მენშევიკი იყო და გაიქცა, ბინა ჩვენ უნდა დავიკავოთო, ძლივს დავარწმუნე, რომ არსად გაქცეულხართ. შევიდოდნენ და მერე იმათ ვინღა გამოდენიდა.
გულდაკოდილმა მომხდარით ერევნის მოედანზე ავედი და იქიდან პროსპექტს გავუყევი, ყველგან სულ უცნობი პიროვნებები მხვდებოდნენ, არავინ ნაცნობთაგანი, აქა-იქ რუსის ჯარის პატრულებს ჩვენი მეომრები მოჰყავდათ დაპატიმრებული და შტაბში აბარებდნენ. იქ უკვე ასეთი ტყვეები ბლომად დაგროვილიყო.
   ერევნის მოედანზე ვიღაც უცნობი პირები იდგნენ, ჯარებს ელოდნენ, უნდა მოვიდნენო; ნელ-ნელ ვიღაც ცნობისმოყვარენიც ემატებოდნენ, რუსი ქალების ერთი ჯგუფიც მოვიდა, ჩანდა ხელზე მოსამსახურეები იყვნენ და ერთმანეთი მონახეს, რომ ერთად დახვედროდნენ თავიანთებს; ციოდა, თავსაფრები ეხურათ და მხიარულად ბაასობდნენ, ხითხითებდნენ, მზესუმზირას ჩენჩებს ისროდნენ პირდაპირ ქუჩაზე. - ა პომნიშ, მაშენკა, ერტი, ორი, ერტი, ორი... ხახახახა, ხითხითებდნენ გახარებულნი, რომ ის “ერტი-ორი” სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს, მათი ფიქრით, უკვე აღდგა მათი ბატონობა... ამ დროს შუაბაზრის მხრიდან გამოჩნდა ცხენოსნებიც და ბოლოს მოედანზე მთელი ჯარიც დაგროვდა; სახელდახელო აღლუმივით ჩატარდა. ბოლოს მეთაურმა შესძახა: - Да здраствует советская Грузия!.. ასე ატყუებდნენ ხალხს. ირგვლივ იყვნენ სულ სომხის ბიჭები, რუსები, უმთავრესად ქალები, და სხვა უცნობი პირები: ეს ლოზუნგი რომ გაიგეს, თითქო არ ეპიტნავათ, ყურები ჩამოყარეს; მე კი რაღაც იმედივით ჩამესახა გულში, ყველაფერი არ დაკარგულა-მეთქი.
   დილით ადრე აქ მე პაოლო იაშვილი შემხვდა, ხუთამდე ჩვენი ახალგაზრდა ახლდა თან. მითხრა, ჯარების შესახვედრად მივდივართ დელეგაციის სახით და წამოდით თქვენცო, მაგრამ მე იმდენად ცუდ გუნებაზე ვიყავი, რომ წასვლის თავი არა მქონდა. აქ მოგროვილ ხალხში ერთი ვიღაც ხნიერი ინტელიგენტი გამომელაპარაკა, ორივე ერთად ვიდექით და ერთმანეთს გულის ტკივილს შევჩიოდით. - ფრთხილად ვიყოთო, - მითხრა მან, - ამ ხალხში ჟორდანიას აგენტები იქნებიან უთუოდ, ყველაფერს დაიმახსოვრებენ, ჟორდანიასაც დიდი ხანი არ დააგვიანდება, ბევრი-ბევრი სამი თვე და ის ისევ აქ იქნებაო. ძალიან დაჯერებული იყო თავის სიტყვებში და შემდგომ, როცა მას შემთხვევით შევხვდებოდი ქუჩაში, ბევრს ვიცინოდით ჩვენს მაშინდელ გამოუცდელობაზე. პოლონელი იყო თვითონ, გვარი არ მახსოვს.
     სანამ სახლში წავიდოდი, მე კიდევ გამიწია გულმა პროსპექტისაკენ, მენახა თუ რა ამბავი იყო იქ ახალ პირობებში. არავინ ჩანდა მაინცდამაინც, მაგრამ პირველი გიმნაზიის მაღალ კედელს რომ მივუახლოვდი, პროსპექტს გასწვრივ მიუყვებოდა ორი კაცი, ერთი მაღალი და სქელი, ქერა ხუჭუჭა თმაზე გრძელბეწვიანი ფაფახი ჩამოეფხატა, მეორე - საშუალო ტანის ქერა ახალგაზრდა, საზამთრო კეპკა ეხურა. რომ მივუახლოვდი მათ, მაღალი დამაკვირდა და კარგახანს მომჩერებოდა.
     - ჯაფარიძე არა ხარ? - შემომძახა, - გრიშა ხარ თუ ლადო?...
     - ოოო, - მივეგებე მეც, - აბელ!.. საიდან, როდის?..
    გადამეხვია ძმურად. მეორეც გამაცნო - ესეც ჩვენებურიაო, ალიოშა სვანიძე. გამეხარა უზომოდ. ასე მეგონა, უდაბნოში უპატრონოდ მიტოვებულს პატრონი გამომიჩნდა-მეთქი... აბელს კარგად ვიცნობდი რაჭიდან, მერე ფოთიდან, რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს, შამშე ლეჟავასთან იყო. აბელმა მიამბო: ლენინის პირადი დავალებით ნოე ჟორდანიასთან ჩამოვედი და, სამწუხაროდ ვეღარ ჩამოვასწარიო; მინდა უთუოდ ვნახო და სამხედრო შტაბში მივდივარ, რომ გავიგო, სად იმყოოფებაო.
     შემდეგში ალიოშა სვანიძეს რომ ვხვდებოდით ხოლმე მე და გრიშა, “ჩვენებურებოს” გვეძახოდა. 
    იშვიათი ადამიანები იყვნენ ეს ორი პიროვნება, უმწიკვლონი, უანგარო, სპეტაკი და მეტად რომანტიულად განწყობილი ხალხის მოამაგენი, რევოლუციონერები. მათ გვერდით ვაყენებ ჩემს მახსოვრობაში მხოლოდ ისეთ თავდადებულ და ნიჭიერ ორგანიზატორს-რევოლუციონერს, როგორიც იყო მათივე ამხანაგი, კეთილშობილი რაინდი ალიოშა (პროკოფი) ჯაფარიძე - ბაქოელი კომისართაგანი. ეს სამი პიროვნება ნამდვილი განსახიერებაა ჩემს შეგნებაში უკეთილშობილესი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწეებისა, განსაკუთრებით ალიოშა ჯაფარიძე. 
     რამდენიმე დღის შემდეგ აბელი დაბრუნდა ქუთაისიდან ისე, რომ ნოე ჟორდანიას ვერ შეხვედროდა; თავისი სალონ-ვაგონით ქუთაისიდან მან მეგობრებიც ჩამოიყვანა (რადგან მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილი იყო კიდევ): ჩემი ძმა გრიშა, რომელიც ქუთაისში შეხვედროდა, ჯაკუ ქავთარაძე და კიდევ ვიღაც. ის მეტად უკმაყოფილო იყო, რადგან თავისი მისია ვერ შეასრულა და ნოე ვერ ინახულა იმის გამო, რომ რიონის ხიდი აფეთქებული დაუხვდა, ხოლო ჟორდანია - მის გადაღმა.
     იმ დღიდან თბილისში ყველაფერი გამოიცვალა: გაიხიზნენ - უფრო კი გაიქცნენ სამუდამოდ, - მიატოვეს რა თავიანთი სახლ-კარი. დაცარიელებული ბინები, რაღა თქმა უნდა, დაიკავეს შემოსულებმა. ასე, მაგალითად, შესანიშნავი ბინა დაიკავა ალეკო ჟოჟიკაშვილმა ახლანდელ ცხაკაიას ქუჩაზე. თურმე ის ბინა ეკუთვნოდა ცნობილ გენერალ გიორგი ყაზბეგს - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს. ყველაფერი ხელუხლებელი იყო ბინაში, ერთი სერვიზი რად ღირდა მისი? ახლა – ავეჯი?!. მერე, როცა 1937 წელს ალეკო დააპატიმრეს და დახვრიტეს, მისმა ცოლმა, რომელსაც ეს ბინა ჩამოართვეს, გაჰყიდა ბევრი რამ იმ ავეჯეულობიდან, რომლიდანაც განსაკუთრებით მახსოვს სასადილო მაგიდა, მუხის; რკინასავით იყო, მძიმე, მაგარი, რომ გაიშლებოდა ათ მეტრამდე.
    ჰოდა, რაღა იქნებოდა მდიდარი სომხების ბინები და მოწყობილობა... ტრანსპორტი - ტრამვაი (სხვა საქალაქო ტრანსპორტი, არაფერი იყო) უფასო იყო, შიგ ჩაჯდომა აღარ შეიძლებოდა, ვიღაც-ვიღაც ბიჭ-ბუჭები ისხდნენ შიგ მუდამ და “სეირნობდნენ”, გაზეთები (გამოვიდა “Правда Грузии”) ისიც - უფასოდ! რომ გამოჰქონდათ სტამბიდან, შემოესეოდნენ ირგვლივ, - არა მე მომეცი, არ მეო და იხეოდა ხელიდან ხელში ქაღალდი; მე მას ვეღარ ვშოულობდი და მხოლოდ კედლებზე გაკრულებს თუ სადმე წავაწყდებოდი, იქ ვკითხულობდი. 
   მე უფრო მაინტერესებდა რევკომის დადგენილებები, თორემ სხვა საინტერესო მაინცდამაინც არაფერი იყო: “Даёшь Батум!..  Даёшь Сухум!” და ამისთანები.
     მაგრამ მალე ჩადგა ყველაფერი კალაპოტში. ფასები ისევ შემოიღეს ტრანსპორტზე, გაზეთებზეც და ამიტომ უკვე ხელმისაწვდომიც შეიქნა.
   სასტიკი სავალდებულო დადგენილებები იბეჭდებოდა გაზეთებში და ცალკე ფურცლებზე, რომლებსაც ქუჩებზე აკრავდნენ, განსაკუთრებით მტკიცე ფასების შესახებ სანოვაგეზე. დადგენილებების დამრღვევებს დახვრეტით ემუქრებოდნენ. ასე დახვრიტეს პირველ დღეებში ვიღაც ყასაბი - საქონლის ხორცის გაყიდვისათვის აწეულ ფასებში. აუწევლობა კი შეუძლებელი იყო, რადგან შემოსულ ჯარისკაცებს გატენილი ჰქონდათ ჯიბეები და უბეები ფერად-ფერადი ქაღალდებით, რომლებსაც ისინი საბჭოთა ფულებს უწოდებდნენ და მოითხოვდნენ, რომ იმ “ფულზე” მიეცათ მათთვის საქონელი, როდესაც ქართულ ფულთან შედარებით ის არაფრად არ ღირდა.
      ასე თუ ისე, ყასბის დახვრეტამ ძალიან დააშინა ხალხი, განსაკუთრებით ვაჭრები და რაც კი შეეძლოთ, ყველაფერი დამალეს, რომ სულ ასე უფასოდ არ გამოცლოდათ ხელიდან. მაგრამ ახლა იმათ წინააღმდეგ დაიწერა დადგენილებები, “ვისაც დამალულ საქონელს უნახავდნენ” და იყო დაუსრულებელი დაპატიმრებები და დახვრეტები.
    რამდენიმე დღის შემდეგ მატარებლებმა ისევ დაიწყო მოძრაობა და მეც ჩამოვიყვანე ჩემი ცოლშვილი ქუთაისიდან. მაგრამ დიდ გაჭირვებას განვიცდიდით, ბაზარზე აღარაფერი იშოვებოდა. კიდევ კარგი ისეთი მეგობრები მყავდა ახალ მთავრობაში, როგორც შამშე და ანდრო კაციტაძე. ანდრო სახკომსაბჭოს დადგენილებით დაინიშნა საქართველოს რკინიგზების სამმართველოს უფროსად და მისი სასწავლო ნაწილის უფროსობა მე შემომთავაზა, რაზედაც, რასაკვირველია, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც მე ვითვლებოდი, ცხადია, გაუქმდა თავსთავად.
       მამაჩემი იმ დროს ონში მუშაობდა, მაგრამ ომი რომ შეიქნა, ოჯახი სოფელში წაიყვანა, ღარს. რუსის ჯარი რომ მამისონით გადმოსულა, შეშინებია და ოჯახი (დედაჩემი, უჩა, გულნარა, რომელიც სულ პატარა იყო - სამი წლის) გაუხიზნავს საკაოს, ნათესავებში. გადმოსული ჯარები რამდენიმე დღე ყოფილან ჩვენს სახლში, “ისვენებდნენ”, ბეღელი, მარანი მათ ხელში ყოფილა და მათთან მოსულ ვითომდა კომუნისტების, რომელთა წასვლის შემდეგ ბევრი რამ - ნივთები, სერვიზი, წიგნები და სხვა ვეღარ ვიპოვეთ შინ.
     ოსები ჩამოსულიყვნენ ონში და ეთქვათ, ონი ჩვენიაო, ასე გვითხრა მახარაძემო, რომ ონიც თქვენი “რესპუბლიკის” ფარგლებში შეიტანეთო. ძლივს დააჯერეს ონელებმა, რომ ჩვენც კომუნისტები ვართ და ონი ჩვენთვის გვჭირდებაო.
      ერთი სიტყვით - ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობდა...
     ჩვენ, თითქო დიდი მებატონეები ვყოფილიყოთ, ბოლოს და ბოლოს აღარაფერი აღარ შეგვარჩინეს, ჩამოგვართვეს არათუ ყანები, ვენახი, სათიბები, ტყეები, ბოსტანიც კი აღარ დაგვიტოვეს, რომ ქალებს თავის საკუთარი მწვანილი მოეყვანათ ოჯახში, გამოგვცალეს “თავით ფეხებამდეო”, რომ იტყვიან. მერე ვინ? მამაჩემი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე მხოლოდ რაჭველი გლეხის განათლებაზე ზრუნავდა...
    მერე ვიღაც გარეწარმა, რომელმაც კოლმეურნეობის ხელმძღვანელობა ჩაიგდო ხელში, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ყველას ეზარებოდა, ჩვენი ყანის მშვენება, დიდი, უზარმაზარი ნიგოზი მოაჭრევინა ძირში, ყანას ჩრდილავსო. ეს ნიგოზი უკანასკნელი 400-500 წლის მაინც იქნებოდა; ისტორიული იყო; აქ ჩვენი წინაპრის სამოსახლო იყო, დიდი ეზო; ჩემსობას დავშალეთ იქ ძველი ციხის და კარის ეკლესიის ნანგრევები, ნიგოზი კი დარჩა, როგორც წარსულის მოწმე, მაგრამ ვერც ის მოინელეს, ძველი დროის გამხსენებელი... ასეთები ყივნენ იმ დროს “ახალი ცხოვრების” “მშენებლები”, ვითომ პატრიოტები. 
     ახლა ჯერ ორიოდე სიტყვა ქიშვარდ ჯაფარიძეზე, რომელიც ზემოთ ვახსენე და სიტყვა მასზე არ დამიმთავრებია. ის რევოლუციის შემდეგ ძალიან დიდ გაჭირვებაში ჩავარდა, მისი ცხოვრების სტერეოტიპი დაირღვა და თავის კალაპოტიდან ამოვარდა; არ იცოდა, რა ექნა, რა გაეკეთებინა, რომ ცოტათი მაინც შეგუებოდა ახალი ცხოვრების პირობებს. წვალობდა საწყალი; მაგრამ, სანამ საქართველო დემოკრატიული იყო, მას არავინ ერჩოდა, ის არავის შეუწუხებია, ნელა მიაჩანჩალებდა თავის ძველებურ ცხოვრებას, და მხოლოდ სოციალისტურ საქართველოში იწვნია “მუშათა და გლეხთა’ ხელისუფლების წვენი. მას ჯერ თავის “ლატიფუნდიები” ჩამოართვეს, ტყეები, მინდვრები, საძოვრები; მერე კარმიდამოსაც დაემუქრენ, დიდი ეზო გაქვს, ნამეტანი გადაჭიმული და მას შემოკლება უნდაო; შეამოკლა, რა გზა ჰქონდა მეტი. ბოლოს, როცა მის სახლზეც დაიწყეს ლაპარაკი, დიდია, გამოგვადგებაო. გაუჭირდა საწყალს და მთხოვა შუამდგომლობა ლევან ღოღობერიძესთან, რადგან კანონი ჩამორთმევის შესახებ ჯერ კიდევ არ იყო.
     1929 წლის ზაფხული იყო, ლევანი მეორე მდივანი იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა (პირველი მ.კახიანი იყო) და შოვში ისვენებდა ცოლით (შვილი ლანა მაშინ ჯერ კიდევ არ ჰყავდათ). კარგი ადამიანი იყო, ახალგაზრდა, ჩემზე ათი წლით მაინც უმცროსი, და მე იმიტომ დიდი პატივით მეპყრობოდა, როგორც იცოდნენ ძველად უფროსისადმი მოკრძალება; თანაც, ძალიან უპრეტენზიო, თავმდაბალი, ყველასთან კარგი და კეთილი; სახლიდან (ცხოვრობდა სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე) სამსახურში (ცეკა მაშინ რუსთაველის პროსპექტზე იყო, 19 ნომერში) ფეხით დადიოდა. მე და ის ხშირად ვიყავით ხოლმე ერთად შოვში; ცხენებითაც დავდიოდით ერთად სასეირნოდ. ახლა ზოგიერთი კომუნისტი არც “იკადრებს” უპარტიოსთან სიარულს. გადიდგულდნენ. მანქანიდან ფეხს არ ჩამოდგამენ, სამსახურში როგორ წავლენ ფეხით?!. მაგრამ ის დრო სხვა იყო.
      ჰოდა, მოვიდა, ერთხელ, ქიშვარდი ჩვენსას სოფელში თავისი შესანიშნავი ცხენით, დიდებულად გამოწყობილი ახალ ჩოხა-ახალუხში, ბრწყინვალე იარაღში ჩამჯდარი; გვეწვია, როგორც იცოდნენ ხოლმე ძველად ოჯახებში; ვიღაც მეგობარიც ახლდა ერთი. ჩამოაგდო თავის გაჭირვებაზე ლაპარაკი ახალ პირობებში და მთხოვა დახმარება ლევან ღოღობერიძესთან.
     ვერ გავუტეხე ხათრი გაჭირვებაში ჩავარდნილ მეზობელს და შევპირდი დახმარებას. მოვახტი ცხენს და გავწიე შოვისაკენ. სხვა ტრანსპორტი, მით უფრო ავტო, არ იყო იმ დროს, ცხენი ან ლინეიკა ორცხენიანი.
     ვინახულე ლევანი, ვისიამოვნე მასთან მთელი დღე ყოფნით, მასთან საუბრით. მირჩია ქიშვარდი დროზე მოშორდეს იქაობას, სხვა გზა არააო.
   მართლაც, ქიშვარდი მალე გაშორდა თავის სახლ-კარს სოფელში, გადასახლდა თბილისში, გაყიდა რა წინასწარ, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, და იქ ცხოვრობდა ჩუმად, უყვირლად, სანამ სიკვდილმა არ მიაკითხა. მახსენდება ხოლმე მისი შეშფოთება ნიკოლოზის ჩამოგდების დღეებში და მისი სიტყვები - რა გიხარიათ, დომხალივით აირევა ეს დალაგებული ქვეყანა და ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობსო.
     მართლაც კი იყო ასეთი ამბავი იმ დროს, იმ პირველ ხანებში, სანამ ყველაფერი დალაგდებოდა. მაგრამ ეს ხომ უცბად არ მოხდა, ამას წლები დასჭირდა და, გარდა ამისა, რამდენი ხალხი შეეწირა მას, რამდენი ქართველი კაცი (და ქალიც! ქალიც საწყალი, და რისთვის? იმისთვის, რომ ის იყო ცოლი დასჯილისა, ან დედა, ან ქალიშვილი), რამდენი ქართველი კაცი ჩაკვდა ციმბირში როგორც მსხვერპლი რევოლუციისა, ზოგი როგორც ვითომ მენშევიკი, ზოგი როგორც კულაკი, როგორც კონტრრევოლუციონერი და, რა ვიცი, რა. აერია ყველას საუკუნეებით გამოჭედილი ფორმები ცხოვრებისა.
      ძველ რუსეთს “ხალხთა საპყრობილეს” უწოდებდნენ იმიტომ, რომ თავის ფარგლებში აუარებელ ერებს იმწყვდევდა, რომლებიც თავის ისტორიის მანძილზე დაეპყრო და ჩაგრავდა მათ ეროვნულად, სოციალურად.
რევოლუციამ, რომელმაც სოციალური თავისუფლება მოუტანა ხალხს, ერებიც გაათავისუფლა, ე.ი. მისცა მათ საშუალება მოეწყოთ თავიანთი ცხოვრება დამოუკიდებლად, სხვის ჩაურევლად. წასულიყვნენ რუსეთის ფარგლებს გარეთ, თუ დარჩენილიყვნენ იქ, მათი ნება უნდა ყოფილიყო. და წავიდნენ კიდეც ბევრი (ფინეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა; ერთი სიტყვით, ყველა, რუსების გარდა). მაგრამ ძველმა რუსეთმა, შოვინისტურმა რუსეთმა, იმავე მეფის რუსეთმა მაინც იჩინა თავი ბოლშევიკებში, და წასულებს ომით გაუმასპინძლდა და ძალით შეითრია თავის ფარგლებში ყველა (გარდა ფინეთისა, რომელმაც მოახერხა თავის დაღწევა) ლოზუნგით - ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერიაო, პროლეტერიატის ერთიანობა სოციალისტების დევიზიაო.
     ნამდვილად კი დიდმა რუსეთმა, რუსმა ხალხმა, ვერ მოითმინა დანაწილება, ვერ მოითმინა დაკარგავა ქვეყნებისა, რომლებიც ისტორიის მანძილზე შეუძენია ძალით თუ ნებით და ლოზუნგით “პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!”, შეიერთა ძალით თითქმის ყველა, ვინც წასული იყო და თავის ეროვნულ ცხოვრებას დამოუკიდებლად აწყობდა. დარჩა მხოლოდ კავკასია და ბალტიისპირეთი, მაგრამ კავკასიას როგორ დასთმობდა რუსეთი, როცა იქ, სხვა თუ არაფერი, ბაქოს ნავთი ეგულებოდა, ურომლისოდ რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა. თუმცა, როგორც სოციალისტი და მით უფრო კომუნისტი, სხვა ქვეყნის დაპყრობის უფლებას ვეღარ მისცემდა თავის თავს, მაგრამ ამას მაინც მიაღწია, დაიპყრო ბაქო სხვა გზით: ორიოდე აზერბაიჯანელი მოისყიდა, რომელმაც ვითომ სთხოვა ლენინს დახმარება, მუშათა კლასის მუსავატელების ბატონობიდან გათავისუფლება და ლენინმაც არ დააყოვნა თავისი ჯარებით, XI არმია გამოგზავნა ორჯონიკიძის მეთაურობით.
      მერე სომხეთიც დაიპყრო იმავე ორიოდე სომეხი ბოლშევიკის დახმარებით, ბოლოს, ჯერი საქართველოზეც მიდგა. ომს ხომ ვერ გამოუცხადებდნენ, რატომ გამოეყავი რუსეთსო? ეს სოციალისტებს არ შეეფერებათ, რომელნიც ყოველგვარი ჩაგვრისა და მონობის წინააღმდეგნი არიან და ებრძვიან კიდეც მას, ამიტომ მათ თავისი ნაცადი ხერხი იხმარეს - დააყენეს სადღაც საქართველოს ერთ-ერთ მიყრუებულ კუთხეში ორიოდე აგენტი და დააძახებინეს რადიოთი, გვიშველეთ, ჩვენ ვართ საქართველოს მუშები და გლეხები, მენშევიკური მთავრობა გვჩაგრავს, გემუდარებით, გაითვალისწინეთო. და ლენინს, აბა, რა უფლება ჰქონდა, არ მიშველებოდა ძმებს: “თვითგამორკვევა ერების ლოზუნგად ჰქონდათ ქცეული, საქმით კი ყველა გასრისეს, ვინც ნახეს გამორკვეული”. სწორედ ზედგამოჭრილია მათზე.
    ახლა ისევ მალცევზე. "На помощь восставшему народу” აწერია სათაურად მის წერილს. თითქოს XI არმია რუსეთიდან დაიძრა საქართველოსკენ იმისათვის, რომ საწყალი ქართველი ხალხი, რომელიც თურმე “პირსისხლიანი” მენშევიკების ბატონობის ქვეშ “გმინავდა”, “გაეთავისუფლებინათ”, ე.ი. დაეპყროთ. ამ სიტყვის აშკარად თქმას ერიდებიან და მას “გათავისუფლებას” უწოდებენ. ასე “გაათავისუფლეს” მათ საქართველომდე არაერთი ქვეყანა, ფინეთის “გათავისუფლებაც” მოინდომეს, მაგრამ ვერ მოახერხეს და “საწყალი” ფინეთი ახლაც “გმინავს” თავის პირსისხლიანი მთავრობის ბატონობის ქვეშ; მარქსსაც უთქვამს თურმე რუსებზე ირონიით, ერებს “ათავისუფლებენ” ვითომ, სინამდვილეში კი იპყრობენ და აფართოებენ თავის სახელმწიფო ტერიტორიასო. აბა რა სჭირდა გასათავისუფლებელი საქართველოს?! იშვიათად იყო მოწყობილი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც, ფული გვქონდა საკუთარი და ჯარიც გვყავდა; ყველაფერი გვქონდა, რაც საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის, რომ დაგვცლოდა, ახლაც გვექნებოდა და მერე როგორი.
   პირდაპირ სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს!) მალცევის წერილი თავისი შინაარსით. წერს და ისიც სად? ჩვენ გაზეთში (თუმცა “ჩვენი” საიდანაა), გაზეთში, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ, რომელთა თვალწინ გაიარა ამ ამბებმა და ყველაფერი კარგად იციან, თუ რა იყო და როგორ იყო. წერს “по всей Грузии вспыхнули очаги народных восстаний против меньшевистского зисилия”. არავითარი აჯანყება, რასაკვირველია! რუსეთის მთავრობის აგენტებმა, ვითომ ბოლშევიკებმა, თვითონ მოაწყვეს დაქირავებული ბანდების “აჯანყებები” ქვეყნის დასანახად და დაარქვეს რა თვითონვე “ხალხის აჯანყება”, სთხოვეს რუსეთის სოციალისტურ მთავრობას გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, რომ ეს ჩვენი უღირსი მთავრობა გადავაგდოთ და გავთავისუფლდეთო. ჰოდა, სოციალისტურ მთავრობას “რა უფლება ჰქონდა”, არ დახმარებოდა და “დაეხმარა”; მაგრამ ქართველ ხალხს კი არა, იმის მტრებს, რომლებიც ნამდვილად ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ იბრძოდნენ. და მიაღწიეს კიდეც თავის მიზანს იმ XI არმიის დახმარების შედეგად. ნამდვილი ხალხი კი ჯოჯოხეთში ჩაცვივდა. ნამდვილად გათავისუფლდნენ მხოლოდ ის ორიოდე არამზადა, ვინც საქართველის მთავრობას ძირს უთხრიდა, როგორც რუსეთის მთავრობის დაქირავებული აგენტი. ასე, ჯერ ფულით, ხოლო მერე ჯარით დაიპყრო დიდმა რუსეთმა პატარა საქართველო. მეზობელმა, მარა მტაცებელმა მეზობელმა, ძლიერმა და თანაც გაუმაძღარმა. “Верное интернациональному пролетарскому долгу... решило помочь грузинскому народу...” ჯობდა თავი დაენებებინათ, არ სჭირდებოდა ქართველ ხალხს მათი დახმარება!... “...общее руководство действиями осуществлял Г. К. Орджоникидзе” - წერია მალცევი მოგონებაში. ვიცით ჩვენც კარგად, თუ ვინ იყო მთავარი ხელმძღვანელი ამ დიდი უბედურებისა, რაც ქართველ ხალხს დაატყდა თავს. მთელმა ქართველმა ხალხმა იცის მისი სახელი, შავი სახელი, მოღალატის და გამყიდველის სახელი. რა მოიგეს ქართველმა ბოლშევიკებმა იმით, რომ საქართველო კვლავ ჩაუგდეს ხელში რუსეთს? ის, რომ თითქმის ყველანი ისინი ძალდატანებული სიკვდილით გაშორდნენ ამ ქვეყანას. თვით ორჯონიკიძემაც ხომ თვითმკვლელობით დაამთავრა თავის სიცოცხლე, ახლა ორახელაშვილი როგორ აწამეს და ჩაკლეს ჩეკისტებმა, ბუდუ მდივანი? შამშე ლეჟავა? მარიამ ორახელაშვილი? ყველა, ყველა! მათი ჩამოთვლა იქნება იგივე, რაც ქართველი ბოლშევიკების პირველი თაობის. თვით სტალინიც როგორ მოკვდა, ღმერთმა იცის. კომუნიზმისთვის ვკვდებითო - ინუგეშებდნენ თავს, მაგრამ რა მოიტანა, ბოლოსდაბოლოს, ამ კომუნიზმმა? - შიმშილი და ბრძოლა დაუსრულებელი ყველასი ყველას წინააღმდეგ. როდის დაცხრება ეს ატეხილი ბრძოლები, ღმერთმა იცის. ამ მებრძოლ კომუნისტებში, რომლის რიგები დღეს უკვე დანაგვიანებულია უკიდურესობამდე, მრავალი იყო უკეთილშობილესი იდეური მუშაკი, მაგრამ დღეს მათ ადგილზე ნამდვილი “ჩინოვნიკები” სხედან. სადღა არის იდეის გულისთვის მებრძოლი ძველი რევოლუციონერი? აჩრდილიც აღარ დარჩა მისი. ახლა არიან ისეთები, როგორიცაა, თუნდაც, ეს მალცევი, რომელიც წერს ვითომ ისტორიას, თუ როგორ მიეშველა “კეთილშობილი რუსეთი” “დაჩაგრულ ქართველ ხალხს” და “გაათავისუფლა” ის. ნამდვილად კი გადაყლაპა, როგორც ყლაპავს მშიერი მგელი უმწეო კრავს. 
     მალცევი დაწვრილებით აღწერს ბრძოლების მიმდინარეობას ბაქოდან თბილისამდე, დივიზიების და პოლკების მოქმედებას, მთელი XI არმიის დიდ დაძაბულ ბრძოლებს, რომელიც ორ კვირაზე მეტს წარმოებდა ერთი მუჭა ქართველების მიერ, “...предельно упорное сопротивление на Коджорских высотах” და სხვა ასეთები. ეს მედგარი წინააღმდეგობა კოჯრის სიმაღლეებზე სამხედრო სასწავლებლის იუნკრებმა გაუწიეს დამპყრობლებს. იმ თავგანწირულ პატრიოტ იუნკრებიდან ნაწილი ბრძოლებში დაიხოცა, ნაწილი კი უცხოეთში გაიხიზნა მენშევიკებთან ერთად. და დაიღუპა ამნაირად ჩვენი ახალგაზრდობა ზოგი იმ ბრძოლებში, ზოგიც მერე, როგორც ვითომ კონტრრევოლუციონერები. რუსებმა აქ თავისი ნამდვილი სტიქიური ნაციონალიზმი გამოიჩინეს. მალცევის წერილიდან კარგად ჩანს, თუ როგორი ბრძოლა წარმოებდა რუსეთსა და ქართველ დამცველ ჯარებს შორის. რომ ჰკითხო, გეტყვის: ქართველ რევოლუციონერებს მივეხმარეთო, მაგრამ ფარისევლობს. ასე “ეხმარებიან” ისინი ყველას, ვისაც მოახერხებენ, და მიტომაა სულ ასეთი დაუსრულებელი უთანხმოებანი ყველგან. თუ ვინმეს “ეხმარებიან”, მხოლოდ იმ მიზნით, რომ თვითონ გადაყლაპონ. ნამდვილი იმპერიალისტები არიან თავისი ბუნებით, ერების გადამყლაპავნი.
      სხვა თუ არაფერი, თუნდაც მართლა აჯანყებულიყვნენ მუშები საქართველოში, თქვენ ვინა ხართ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, როგორიც საქართველო იყო, შედიხართ, ერევით მის შინაურ საქმეებში, რა უფლებით? მაგრამ საქმეც ის არის, რომ მის დამოუკიდებლობას ვერ ურიგდებოდნენ და მოისურვეს მისი გათელვა, მიზეზად კი მუშების დახმარება მოიგონეს.          
ლადო ჯაფარიძე,     1971

ლადო ჯაფარიძე - დამოუკიდებლობის დაკარგვა

    მინდა მოგითხროთ რა მდგომარეობა იყო თბილისში ამ სამოცი წლის წინათ, სანამ ბოლშევიკები შემოვიდოდნენ, - უფრო იმხანად, როცა ამიერკავკასიის კომიტეტი იდგა თბილისში და ქვეყანას დამოუკიდებლად მართავდა, რადგან მოსკოვთან თითქმის აღარ იყო ურთიერთობა.
    იყო ერთი ამბავი, პარტიათა შეხლა შემოხლა. ამას დაემატა უთანხმოებები ეროვნებათა შორისაც.
    ამით ისარგებლა ომში დამარცხებულმა თურქეთმა და რუსეთის ჯარების მიერ დაპყრობილი ტერიტორია ბათუმიდან ტრაპიზონამდე, რომელიც უპატრონოდ მიატოვა ფრონტზე მდგომმა ჯარებმა, თოფის გაუსროლელად კვლავ დაიკავა და ძველ საზღვრებს მოადგა. ულტიმატუმიც გამოგზავნა, ბათუმიც დაცალეთ, ის ჩვენიაო.
   გადაწყდა ოსმალეთთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნა, მაგრამ თურქეთმა, როგორც ამბობდნენ, ამიერკავკასიის დელეგაცია არ მიიღო, მე კავკასია არ ვიცი, მელაპარაკოს საქართველოს მთავრობაო. ამიტომ ამიერკავკასიის კომიტეტს გამოეყო საქართველოს წარმომადგენლობა და საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
     ამასთან ერთად ცალ ცალკე დარჩნენ სომხეთიც და აზერბაიჯანიც, აზერბაიჯანელები ბაქოში გაემგზავრნენ, ხოლო სომხეთის წარმომადგენლებმა მოულაპარაკებლად ერევანში წასვლა არ ისურვეს. ლაპარაკი ეხებოდა თბილისს, რომელიც მათი წინადადებით, თავისუფალ ქალაქად უნდა გამოცხადებულიყო, საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იქნებოდა, ხოლო სომხეთის - ერევანი.
   მაგრამ საქართველოს დელეგაციამ ძალიან შორს დაიჭირა ეს აზრი, დედაქალაქად თბილისი გამოაცხადა და დაიკავა სასახლე თავის ადგილსამყოფლად.
 ამგვარად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ოსმალეთთან მოლაპარაკება შესაძლებელი გახადა. მოგვარდა საზღვრების საკითხიც.
  მთავრობის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს, როგორც ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი პარტიის ლიდერი. ირგვლივ უზომო სიხარული სუფევდა, ხუმრობა ხომ არ იყო: ერმა თოფის გაუსროლელად, უბრძოლველად და უსისხლოდ მოიპოვა თავისუფლება. მაგრამ ამას ხომ შენარჩუნება უნდოდა და აკი ყველაფერი კეთდებოდა საამისოდ. საზღვარგარეთ წავიდნენ რესპუბლიკის წარმომადგენლები - საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და აკაკი ჩხენკელი, რათა იქ ე.წ. „უმაღლეს საბჭოში“ იურიდიულად ეცნოთ საქართველო, როგორც სახელმწიფო. გამოვუშვით საკუთარი ფული; შეიქმნა ჯარი და სხვა საჭირო სახელმწიფოებრივი ორგანოები... ავად თუ კარგად, ასე ვიცხოვრეთ სამ წელიწადს, დამოუკიდებლად, ჩვენივე თავის პატრონად. მაგრამ ამას ვერაფრით ვერ ეგუებოდნენ გარეშე მტრული ძალები. ყველაფერს აკეთებდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის ძირის გამოსათხრელად. გზავნიდნენ აგენტებს, ჯაშუშებს, აწყობდნენ ვითომ აჯანყების ინსცენირებებს... რაშიც თავი, განსაკუთრებით, ოსებმა გამოიჩინეს. მაგრამ მენშევიკური მთავრობა არ მოერიდა თავის სოციალისტობას და სასტიკად გაუსწორდა მათ, რომ იტყვიან - ცეცხლითა და მახვილით... ამას გარდა, აქტიურობდნენ დენიკინელები, მაგრამ მტრებმა ვერაფერი წაიღეს, პირიქით, გენერალ მაზნიაშვილის რაზმმა კრასნოდარამდე სდია მათ და კუდით ქვა ასროლინა... მოსვენება კი მაინც არ იყო: ახლა სომხებმა წამოყვეს თავი, ვითომ უსამართლო საზღვრის გამო და ფიცხლად შემოგვიტიეს, მაგრამ ჩვენმა ჯარმა ისინიც მოიგერია და დიდხანს სდია დამარცხებულს, სანამ ინგლისელები არ ჩაერივნენ და ჩვენს მთავრობას არ მოსთხოვეს ქართული ჯარის შეჩერება.
   ერთი სიტყვით, მოუსვენარი და დაულაგებელი ცხოვრება იყო... თუმცა არც სხვაგან სუფევდა მშვიდობა, უფრო მეტიც, ე.წ. რევოლუციის შემდეგ რუსეთის მთელ იმპერიაში ისეთი უბედურობა ტრიალებდა, რომ ყველა ისევ საქართველოსკენ მორბოდა, აქ ეძებდა შედარებით დაწყნარებულ ცხოვრებას და პოულობდა კიდეც. ვის არ ნახავდით თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით, რუსებს - მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების მოღვაწეებს.
   ჩვენი დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა რუსეთმა ცნო. ჟორდანიამ გრიგოლ უროტაძე გაგზავნა ლენინთან. მან აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ოფიციალურად მიიღო ჩვენი რესპუბლიკის ელჩი - გერასიმე მახარაძე. რუსეთის ელჩად თბილისში - კიროვი გამოგზავნა. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ევროპის სახელმწიფოების მიერ ცნობას და მართლაც, 1920 წლის დასაწყისში ასეც მოხდა.
   ჩემს ქაღალდებში გრიშასთან გაგზავნილი წერილი აღმოვაჩინე. გრიშა იმხანად ოჩამჩირეში გიმნაზიის დირექტორი გახლდათ, მე თბილისში ახლანდელი პირველი მაისის ქუჩაზე ვცხოვრობდი და მომრიგებელ მოსამართლედ ვმუშაობდი. ბევრი რამე გამახსენა იმ წერილმა. მინდა მოკლედ გიამბოთ, დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო დღეებზე. 1919 წლის შემოდგომაზე მე ბაქოში წავედი სამუშაოდ ჩვენი რესპუბლიკის საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობაზე. გაბრიელ ხუნდაძე დაინიშნა იქ სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე გრიგოლ ალშიბაიას ნაცვლად და აღარ მომეშვა, - წამოდი და წამოდიო. გაბო ჩემი ამხანაგი იყო მოსკოვის უნივერსიტეტიდან, იშვიათი კეთილშობილი, უშიშარი ვაჟკაცი და შესანიშნავი ორატორი. ბოლშევიკი იყო, ლენინის მიმდევარი და მეგობარიც. ცნობილი იყო, როგორც ალექსეი მოსკოვსკი და პოპულარული გაუტეხელი მებრძოლი, ბაქოს „ბაილოვკის“ და მოსკოვის ბუტირკის ხშირი „სტუმარი“. ასე რომ, გამობრძმედილი რევოლუციონერი იყო და, თანაც, მეტად პოპულარული. მის ბინაზე მოსკოვში სტოლეშნიკოვის შესახვევში ხშირად იმალებოდა სტალინი.
   საელჩოს მრჩევლად გაბომ მიშა ჩოჩია წამოიყვანა, ჩვენი საერთო ამხანაგი მოსკოვის უნივერსიტეტიდან, ხოლო საფინანსო განყოფილების გამგედ - მიშა გერმანოვიჩი, ქუთაისელი.
   ბაქოში ჩვენი საელჩოს თანამშრომლები საბჭოთა დაწესებულებების კოლეგებთან შედარებით უკეთ ცხოვრობდნენ, რადგან ხელფასს იღებდნენ საქართველოს ვალუტით - ფულის ნიშნებით, რომელიც საბჭოთა ფულზე მეტად ფასობდა და დიდი მოთხოვნილებაც იყო. ამიტომ მე იქ ჩემი ხელფასით ბევრი კარგი ნივთი შევიძინე და ზოგიერთივით კომერციული ნიჭი რომ მქონოდა, კიდევ უფრო მეტს შევიძენდი, მით უფრო, რომ წამოსვლისას ცალკე ვაგონი მომცეს, ხოლო ჩემს ბარგს თან ხელშეუხებლობის სათანადო საბუთები ახლდა. მე ამ უპირატესობით, რასაკვირველია, არ მისარგებლია და თბილისში დიდი სიხარულით ჩამოვედი, რადგან თავი ცოცხალი ჩამოვიტანე. არ დაგავიწყდეთ, მეთერთმეტე არმიის საქართველოს საზღვრებისაკენ დაძვრისთანავე ბაქოში ჩვენი საელჩოს ყველა თანამშრომელი დააპატიმრეს და მხოლოდ თებერვალში გაათავისუფლეს, როცა აქაც კომუნისტური ხელისუფლება დამყარდა.
   თბილისში ჩამოსვლისას წარვუდექი საგარეო საქმეთა მინისტრს - ევგენი გეგეჭკორს, მოადგილეს კონსტანტინე საბახტარაშვილს, გადავეცი ელჩის მოხსენება და პირადადაც მოვახსენე ჩვენი რესპუბლიკისადმი ბაქოს დამოკიდებულების შესახებ. სამინისტროში ბევრი კარგი მეგობარი მყავდა. ყველაზე უფრო ახლობელი იყო საშა აბაშელი (ჩოჩია), ჩვენი ცნობილი პოეტი, აგრეთვე, არტურ ლაისტი, დიდი ილიას მეგობარი გერმანელი მწერალი. თვითონ კ.საბახტარაშვილიც, - ის ხომ საფრანგეთში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ფოთში ცხოვრობდა; ევგენი ხომ თავისთავად, როგორც ჩემს დროს მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი. მოკლედ, ყველა ახლობელი იყო. ყველას დიდი შიში ჰქონდა ჩვენს რესპუბლიკაზე მეთერთმეტე არმიის თავდასხმისა. ნოე ჟორდანიას მთავრობა ყოველმხრივ ემზადებოდა ამისათვის და ხალხსაც ამზადებდა ფსიქოლოგიურად: კაციჭამია ბოლშევიკები უღმერთოები არიან და არავის ზოგავენო, რაც ნამდვილად იყვნენ. შიშით ყველანი ვცახცახებდით. კომუნისტების პროპაგანდა კი, პირიქით, მენშევიკებს აგინებდა, ჩვენ - მოსახლეობას, სამოთხის ბედნიერებას გვპირდებოდა, პირველ რიგში, პურის თეთრ ფქვილს. ეს უფრო იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობას პურის ფქვილი აკლდა და მოსახლეობისათვის უმეტესად სიმინდს იყენებდნენ, რასაც თბილისელები ცუდად ეგუებოდნენ. მაგრამ ბოლშევიკები ფქვილს საიდან მოგვიტანდნენ, როცა თვითონაც არა ჰქონდათ და მთელს რუსეთში შიმშილი მძვინვარებდა.
     ნაიანვრევს დავბრუნდი ბაქოდან იმის გამო, რომ ვეღარ გავუძელი საშინელ პირობებს. „საშინელი“ იმიტომ იყო, რომ ახალად დამყარებული კომუნისტური რეჟიმი მკაცრობდა, ბაქო კი ვერ ეგუებოდა ცხოვრების ასეთ პირობებს, რაც ვერ წარმოედგინა მანამდე. ამიტომ ყველაფერი არეული და აშლილი იყო... ქალაქის მაშინდელი მდგომარეობა ენით არ აიწერებოდა: ყველაფერი ჩაბნელებული და ჩალეწილი, მაღაზიები დახურული, ბაზარშიც არაფერი იშოვებოდა. ყველა გარბოდა ქალაქიდან, სად?! საქართველოში, თბილისში, რომელსაც სამოთხეს ეძახდნენ. ნახევარი ბაქო ჩეკაში იჯდა - ზოგი სიმდიდრისათვის, ზოგი საბოტაჟისათვის, ვითომ სპეკულაციისათვის და, რა ვიცი, კიდევ რისთვის. ჩეკა ნამდვილი რისხვა იყო ყველასათვის.
   მეც კი დამაპატიმრეს, სრულიად უდანაშაულოდ, რასაკვირველია. როგორც მერე გამოვარკვიე: - თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი დაეპატიმრებინათ. სამაგიეროდ, (в отместку) ბაქოში გადაწყვიტეს, მე დავეპატიმრებინე - საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. მაშინებდნენ კიდეც ჩეკაში, თქვენო, მძევლად გვყავხართ და რა სასჯელსაც ჩვენს მდივანს გამოუტანს საქართველოს ხელისუფლება, იმ სასჯელს მიიღებთ თქვენცო. ასე რომ, ჩემი ბედი ჩემზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ სხვაზე. მე თუგინდ უდანაშაულო ვყოფილიყავი და „აბრაამის ბატკანი“, სასჯელს მაინც ვერ ავცდებოდი, თუ თბილისში დაპატიმრებულს დასჯიდნენ. ჰოდა, რა გული დამიდგებოდა ამის შემდეგ ბაქოში. ამიტომ, როგორც კი გამათავისუფლეს, იმ დღესვე შევეხვეწე ჩვენს ელჩს, გაბრიელ ხუნდაძეს, გავეთავისუფლებინე სამსახურიდან.
  ბაქოს კომუნისტები ძალიან ცუდად გვიყურებდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს; მათ წინააღმდეგ მებრძოლებად გვთვლიდნენ, თუნდაც იმისთვის, რომ სხვებთან შედარებით, ცოტად თუ ბევრად უკეთ ვცხოვრობდით, ბინა კარგი გვქონდა, ულუფებიც კარგი გვეძლეოდა და მზარეულიც ცალკე გვყავდა. თანაც, ჩვენი ფული დიდად ფასობდა და იქ ოქროს ვალუტასავით გადიოდა. თან, მშვენიერი მანქანაც გვქონდა, რომელზედაც ჩვენი ეროვნული ალამი ფრიალებდა. მანქანები კი ამ დროს მხოლოდ დიდი თანამდებობის პირებს ჰქონდათ. ყველაფერი ეს ლურსმანივით ესობოდათ იქაურ მაშინდელ ხელისუფალთ თვალში და სულ მიზეზს ეძებდნენ ჩვენ წინააღმდეგ; გაზეთში სულ საქართველოსა და მისი მთავრობის გინება ეწერა, - „ყვითელი“ საქართველოსი, სადაც „მუშებს სისხლის ღვარში“ ახრჩობდნენ და „აწვალებდნენ“.
    ბაქოს დაკავების შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა. ორჯონიკიძე იმ დროს ბაქოში იყო და მეთერთმეტე არმიით საქართველოზე გამოსალაშქრებლად ემზადებოდა. ის იქ არა მარტო სარდალი და კომუნისტების მეთაური, არამედ, ერთპიროვნული მბრძანებელიც ბრძანდებოდა.
   მაგრამ საქართველოს, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარს უმიზეზოდ ხომ ვერ გადმოლახავდა, არადა, საქართველოში შემოსვლა უზომოდ სწყუროდა. საზოგადოებას ფსიქოლოგიურად ამზადებდა: ვითომ საქართველოში მუშებს ავიწროებენ, აწამებენ და აჯანყება აჯანყებას მოსდევსო და ნუთუ მუშურ-გლეხური ხელისუფლება ასე გულგრილად უნდა მისჩერებოდეს მათ ტანჯვას. ჩვენი ლოზუნგი ხომ ერების თვითგამორკვევააო... ეს ლოზუნგი ჩვენს მუშებს დიდხანს ჰქონდათ საანეკდოტოდ, მათ შორის, ასეთი ლექსიც: „თვითგამორკვევა ერების ლოზუნგად ჰქონდათ ქცეული, საქმით კი ყველა გასრისეს, ვინც ნახეს გამორკვეული.“ ასე მოუვიდა ჩვენს ქვეყანასაც, კრემლის ნებართვისთანავე, მეთერთმეტე არმია საქართველოსკენ დაიძრა.
   მაშინვე მთელი ამერ-იმერი ფეხზე დადგა. დიდი, პატარა, მუშა თუ მრეწველი, პარტიული თუ უპარტიო, ყველა თოფ იარაღს მოითხოვდა ფრონტზე წასასვლელად - თვით ბოლშევიკებიც კი, ქართველი ბოლშევიკები, რადგან მათ სწამდათ, რომ ჯარებით ნამდვილი ბოლშევიკები კი არ მოდიან, რომლებიც ერის თავისუფლებისათვის იბრძვიან ყველგან და ყოველთვის, არამედ რუსები, და ისიც მხოლოდ შავრაზმული ნაწილი, შოვინისტები, „დიდი და განუყოფელი რუსეთის“ „წარმომადგენლები,“ რომლებიც ვერ ითმენენ რომელიმე ერის რუსეთიდან გამოყოფას. მუშებთან მათ არაფერი აქვთ საერთო და პირწავარდნილი იმპერიალისტები არიან.
    ასე იყო თუ ისე, წამოვიდა მეთერთმეტე რუსის არმია. ორი კვირა გრძელდებოდა ბრძოლა. განსაკუთრებით გააფთრებით ქართველი მუშები იბრძოდნენ, იბრძოდა ახალგაზრდობა, მოწაფეებიც კი, ბიჭებიც, და გოგოებიც. თავს არავინ იზოგავდა. ნამდვილი სახალხო ბრძოლა გაუმართეს ოკუპანტებს.
    მე იმ დროს თბილისში ვიყავი და გულის ფანცქალით ვადევნებდი თვალს შექმნილ მდგომარეობას. ცოლ-შვილი გახიზნული მყავდა ქუთაისში და მთელი დღეები, ისე როგორც თითქმის ყველა თბილისელი, ფრონტიდან ახალი ამბების მომლოდინე რუსთაველის პროსპექტზე, სასახლის წინ ვიდექი. ფრონტზე კი გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობდა. იმდენად გაცხარებული, რომ იყო მომენტები, როცა მტერი უკვე დამარცხებულიც კი გვეგონა. მახსოვს გაზეთი „Борьба“ - თბილისის იმდროინდელი რუსული გაზეთი - 20 თებერვლის ნომერში წერდა, თუ როგორ დაამარცხეს ჩვენმა ჯარებმა კარზე მომდგარი მტერი: „Победа!” - იყო სათაური ჩვენი გენერალური შტაბის ცნობისა.
   მაგრამ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჩვენმა მცირერიცხოვნებამ ვერ გაუძლო რიცხვმრავალ მომხდურს. ისინი სხვადასხვა მხრიდან მოადგნენ რესპუბლიკის საზღვრებს. თვით მამისონის გადმოსავალიც კი არ დაუტოვებიათ გამოუყენებელი. იქ ჩვენი ჯარი არ იდგა, რადგან ის ბუნებრივად დიდი თოვლით იყო გამაგრებული, რომლის გადმოლახვას არავინ მოელოდა.
    ვთქვი, იმ დღეს თბილისში ვიყავი მეთქი, და ჩემი თვალით ვიხილე ის ჯოჯოხეთი, რომელიც შემოსულებმა დაატრიალეს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მოსახდენი მოხდა! მერე და მერე, რუსის ურდოებმა თბილისს აღა-მაჰმად-ხანი დაავიწყეს.
    გამოვედი ქუჩაზე, ირგვლივ სიცარიელეა. ბოლოს ერევნის მოედანზე რომ ამოვედი, ორიოდე უძილობისაგან თვალებჩაღამებული მოხუცებული დავინახე, ერთს წითელი ქსოვილი შემოეხვია მკლავზე. მითხრეს, ჩვენმა ჯარებმა დატოვეს ქალაქი და სულ მალე რუსის ჯარები შემოვლენო. ესენი თურმე ჩემსავით შემორჩენილები ყოფილან და „სეირის“ საყურებლად მოსულან.
    მე გულშემოყრილი ვიდექი და წასვლას არ ვაპირებდი. ან სად უნდა წავსულიყავი? სახლში? - სამსახურში ხომ სულ არავინ აღარ იქნებოდა. ვიდექი და ვუცდიდი ჯარების შემოსვლას. აქა იქ გამოჩდნენ ჩემსავით შემორჩენილები - ორი სამი კაცი - და, ბოლოს, რუსის ქალების ერთი პატარა ჯგუფიც. დამლაგებლები იყვნენ თუ კერძო ოჯახებში მოსამსახურენი, მხიარულად მოდიოდნენ პროსპექტის მხრიდან და მზესუმზირას აკნატუნებდნენ, ცხადია ჩენჩოს ქუჩაში აფურთხებდნენ. ძალიან გახარებულნი იყვნენ, - ეტყობოდათ და უცდიდნენ თავიანთი ძმების შემოსვლას. იცინოდნენ, ხარხარებდნენ ამ უსაზღვრო ნაღვლითა და წუხილით შეპყრობილ გარემოში. 
    -Xa xa xa! А помнишь, Груня, эрти, ори, ერთი, ორი, - სიცილით ერთმანეთს ასკდებიან.   
   ჩვენ - მე და ჩემსავით დამუნჯებული ის ორიოდე მოხუცი - ახლანდელი აღმასკომის შენობის წინ ვიდექით. ამ დროს ერთი ინტელიგენტი მოვიდა და ისიც ჩვენთან დადგა. რომ შემატყო დაღონება, გამომელაპარაკა. პოლონელი ვარო, მითხრა. ისიც ძალიან შეწუხებული იყო - ჩემზე არანაკლებ, მაგრამ თავს ინუგეშებდა და მეც მარწმუნებდა, რომ სამ თვეში ჟორდანიას მთავრობა ისევ თბილისში იქნებაო. ესენი აქ მეტს ვერ გაძლებენო და უგუნურად მოხითხითე რუსის ქალებს ბრაზმორეული მისჩერებოდა. ამასობაში ახლანდელი ლესელიძის ქუჩიდან, რომელიც იმ დროს მეტად ვიწრო იყო, ცხენოსანთა რაზმი გამოჩნდა. დაღლილ დაქანცულობისა და უძილობის გამო თვალებჩაღამებული მხედრები, განუყრელი ბუდიონოვკებით თავდამშვენებულნი, მშიერ-მწყურვალნი ძლივს მოლასლასებდნენ. ერთნაირ მაზარამოსილთაგან მეთაურს ვერ გამოარჩევდით. აღმასკომის წინ კიდევ მოეყარა თავი რამდენიმე კაცს. რაზმი მცირე ხნით აღმასკომის შენობის წინ შედგა და დაიძახა, - Да здравствует советская власть, ура! მაგრამ საპასუხო ,,ურას” მთქმელი არავინ იყო, გარდა იმ რამდენიმე რუსის ქალისა.
    - Да здравствует советская Грузия! - დაიძახა ერთმა მათმა ალბათ მეთაურთაგანმა და ჩვენც გამოვფხიზლდით. ცოტა მომეშვა, გრუზია რომ ახსენეს. რუსის ქალებმა კი გაკვირვებაც გამოხატეს. ვინმე ეფიმოვი უსირცხვილოდ „იგონებს“ „Заря” ს ფურცლებზე: „На улицах масса народа, красные флаги, много цветов, приветственные возгласы" და რაც მთავარია, „повсюду радость!” - გვარწმუნებს, თითქოს მართლა ვისმეს რაიმე უხაროდა, გარდა იმ მზესუმზირაჭამია რუსი გოგოებისა.
   კარგა ხანს ვიდექი ქალაქის გამგეობის შენობის წინ, ჯარები თავის გზას გაუდგნენ. მე სასახლისაკენ წავედი, იქნებ ვინმე ნაცნობს გადავყროდი და გამეგო, რა უბედურება იყო ჩვენ თავს. ზოგი ამბობდა, ჩვენი ჯარები მცხეთის სიმაღლეებზე გამაგრებულანო და უბრძოლველად წითელ არმიას დასავლეთისკენ არ გაუშვებენო, ზოგი კიდევ რას. პროსპექტზე დამფრთხალი ხალხი დაბოდიალობდა. ამ დროს შევხედე და... „ზემელის“ მხრიდან რუსი ჯარისკაცების კონვოის მოჰყავდა ჩვენი ჯარის ნაწილები, დატყვევებულნი. იქ ოფიცრებიც ერივნენ, მათ შორის, ჩემი ნაცნობებიც. ისინი შტაბში მიჰყავდათ.
     უაზროდ დავბორიალობდი ნახევრადდაცარიელებულ პროსპექტზე მთელი დღე და ნაცნობებთან გამოლაპარაკებისას ხავსივით ვებღაუჭებოდი, ვინმე რამე საიმედოს თუ იტყოდა. იმ დღეს შევხვდი აბელ ენუქიძეს, თბილად ეცვა, თავზე ფაფახი ეხურა, გვერდზე ვიღაც მოჰყვებოდა. გამაცნო. ალიოშა სვანიძე გამოდგა, შემდგომში ჩვენი რესპუბლიკის მთავრობის ერთ ერთი წევრი - ფინანსთა მინისტრი (სტალინის ცოლისძმა). აბელი, როგორც მითხრა, ნოე ჟორდანიასთან შესახვედრად ჩამოსულიყო, ლენინის დავალებით, მაგრამ ვეღარ ჩამოასწრო და იმავე დღეს ქუთაისისკენ გაემგზავრა, იქნებ სადმე წამოსწეოდა.